5 წიგნი, რომელიც... თუ - 5 წიგნი, რომლებიც?
03.09.2019

როგორ შეეწყობა კავშირი „რომელიც“ რიცხვში მისათითებელ სიტყვას?

თუ მისათითებელი სიტყვა უსულოა და მრავლობითში, როგორ „იქცევა“ „რომლებიც“?

თუ მისათითებელი სიტყვა კრებითია ან „და-ძმის“ ტიპის კომპოზიტია?

ფილოლოგის სვეტში ამჯერად რთულ წინადადებაში „რომელიც“ წევრ-კავშირის რიცხვში შეთანხმებას მიმოვიხილავთ.

1.   თუ მთავარ წინადადებაში სიტყვა, რომელსაც მიემართება ( შემდგომ - მისამართი სიტყვა) „რომელიც“ მხოლობით რიცხვშია, წევრ-კავშირიც მხოლობითში შეეწყობა:
 
წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო.


 2.   თუ მთავარი წინადადების მისამართი სიტყვა მრავლობითშია, „რომელიც“ ასევე მრავლობითში იქნება. ამ შემთხვევაში, წესის თანახმად, მნიშვნელობა არ აქვს იმას, მთავარ წინადადებაში სიტყვა, რომელსაც მიემართება წევრ-კავშირი, უსულოა თუ სულიერი. შესაბამისად, სწორი იქნება:
 
წიგნები, რომლებიც უნდა წაიკითხო.
მწერლები, რომლებიც დაჯილდოვდნენ.


3.    თუ მთავარი წინადადების მისამართი სიტყვა ერთზე მეტი რაოდენობის აღმნიშვნელი სიტყვითაა განმარტებული, თვითონ მისათითებელი სიტყვა მხოლობითში იქნება, დამოკიდებული წინადადების წევრ-კავშირი „რომელიც“ კი მრავლობითში უნდა იყოს.

 

განვიხილოთ ეს წესი უფრო დეტალურად:

გამომცემლობა გვთავაზობს ხუთ წიგნს, რომლებიც აუცილებლად უნდა წაიკითხო.

ეს წინადადება შედგება მთავარი და დამოკიდებული წინადადებებისგან. მთავარ წინადადებაში მისამართი სიტყვაა წიგნი ( რომელსაც მიემართება წევრ-კავშირი „რომლებიც“). მისამართ სიტყვას მსაზღვრელად ახლავს ისეთი სახელი, რომლის ლექსიკური მნიშვნელობაც ერთზე მეტს გულისხმობს( ამ შემთხვევაში ესაა რაოდენობითი რიცხვითი სახელი - ხუთი). დღესდღეობით არსებული წესის თანახმად, თუ მისამართი სიტყვა ერთზე მეტი რაოდენობის აღმნიშვნელი სახელითაა განსაზღვრული, „რომელიც“ შეეწყობა ამ რაოდენობას და თავადაც უნდა „მოირგოს“ მრავლობითი რიცხვი. 


4.    თუ მთავარ წინადადებაში მისამართი სიტყვა „და-ძმის“ ტიპის კომპოზიტია, წევრ-კავშირი კვლავ მრავლობითში შეეწყობა მას. 

 

ცოლ-ქმარი, რომლებიც საზღვარზე დააკავეს, დუმილის უფლებას იყენებს. 

(ამ შემთხვევაში შემასმენელი კომპოზიტს მხოლობითში შეეწყობა. შემასმენლისა და ქვემდებარის რიცხვში შეწყობის საკითხი ერთ-ერთ სვეტში უკვე მიმოვიხილეთ). 


5.   თუ მისამართი სიტყვა კრებითი სახელია, წევრ-კავშირი „რომელიც“ მხოლობითში შეეწყობა მას:

სტუდენტობას, რომელიც საკუთარ უფლებებს იცავს, ადვილად ვერ გააცურებ.


დასასრულ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ერთი გარემოება, რომელიც აქ ჩამოწერილთაგან მესამე წესს ეხება:

საკითხისადმი დამოკიდებულება სამეტყველო ენაში და სპეციალისტთა ფართო წრეში არაერთგვაროვანია. არაერთხელ გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს წესი („რომელიც“ წევრ-კავშირის რიცხვში შეთანხმება ერთზე მეტი რაოდენობის აღმნიშვნელ სახელებთან) საბოლოო ენობრივი ნორმის დადგენას საჭიროებს და მნიშვნელოვანია მსჯელობა. მოხარული ვიქნებით, თუ საკითხის კიდევ ერთხელ წამოწევით ხელს შევუწყობთ კვლევას.


ავტორი : ნინო ლომიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ