ახალი საიტი შეცდომებს მარტივად გაგვისწორებს
03.04.2021
ახალი ქართული ვებგვერდი spellchecker.ge საშუალებას გვაძლევს, საკმაოდ დიდი მოცულობის ტექსტი მორფოლოგიურ და ორთოგრაფიულ შეცდომებზე მარტივად შევამოწმოთ. ეს ქართულ ინტერნეტ სივრცეში მნიშვნელოვანი სიახლეა.

საკმარისია ტექსტი შესაბამის განყოფილებაში ჩააკოპიროთ და ვებგვერდი ავტომატურად იპოვის ყველა შეცდომას. ამის შემდეგ ჯერი თქვენზეა - „გადაუარეთ“ და გაასწორეთ. საიტის შემქმნელი მონაცემთა მეცნიერი ვახტანგ ელერდაშვილია.

ვებგვერდზე, ასევე, შეგიძლიათ ბაზაში ახალი სიტყვის დამატება (თუ შეამჩნევთ, რომ სიტყვა არასწორადაა დაწერილი და ანალიზატორმა კი არ გააწითლა). რასაკვირველია, შეცდომებისგან თავის ასარიდებლად არსებობს ფილტრი, რომელსაც ყველა დამატებული ვარიანტი გაივლის, ასე რომ, საბოლოოდ, ბაზაში მხოლოდ გადამოწმებული და დადასტურებული ფორმები ხვდება.

საიტის შემქმნელს, მონაცემთა მეცნიერს, ვახტანგ ელერდაშვილს ვთხოვეთ, გადმოეცა იმ სიტყვების ჩამონათვალი, რომელთა დაწერილობაშიც ყველაზე ხშირად ვუშვებთ ხოლმე შეცდომებს.

ამჯერად ჩემს სვეტში წარმოგიდგენთ „ყველაზე რეიტინგული შეცდომებს“. სოციალური ქსელის სამუშაო ჯგუფში ამ რეიტინგს ხუმრობით „ჯოჯოხეთური სია“ დაარქვეს. იმის გაცხადება, რომელი სიტყვა გამოიყენება ყველაზე ხშირად შეცდომით და რომელია სალიტერატურო ნორმა, მნიშვნელოვანია.

თებერვლის მონაცემებით ყველაზე ხშირად შეცდომით წერენ სიტყვას - რამოდენიმე.

შუქია აფრიდონიძე წიგნში „ჩვენი ენა ქართული“ ასე ხსნის ამ შეცდომის წარმოშობის მიზეზს:

„ძველ ქართულში რამდენის ნაცვლად გვქონდა რაოდენი. დროთა განმავლობაში ეს ო ხმოვანი ვ-დ გადაიქცა (როგორც ეს გვაქვს რამდენიმე სახელში: ნოგოზი – ნიგვზის, მინდორი – მინდვრის, ნიორი – ნივრის და მისთ), ე.ი. რაოდენი > რავდენი; შემდეგ კი ვ შეცვალა მ-მ და მივიღეთ დღევანდელი კითხვითი რიცხვითი სახელი რამდენი, –მე ნაწილაკის დართვით კი – რამდენიმე“.

შესაბამისად, ამ სიტყვაში მ გახლავთ ო ხმოვნისგან მიღებული. ახალი ო-ს დართვა ზედმეტი და უადგილოა და ერთადერთ სწორ ფორმად მიიჩნევა რამდენი.

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ თუ რაოდენობის ნაცვლად ზომა, სიდიდე იგულისხმება, მაშინ უნდა გამოვიყენოთ ფორმა რამოდენა.

ასევე, საკმაოდ ხშირად იყენებენ „ეხლა“ ფორმას. ჩამონათვალში ის მეხუთე ადგილზეა (ქონდეს, ინფმროაცია, ინფმორაციის შემდეგ). ამ სიტყვისგან ნაწარმოები სხვა სიტყვებსაც ხშრად წერენ და წარმოთქვამენ შეცდომით. მაგალითად, ეხლანდელი, ეხლავე.

ახლა და ეხლა ვარიანტებიდან და მათგან ნაწარმოები სიტყვებიდან სწორი ვარიანტებია:

ახლა, ახლავე, ახლახან, ახლანდელი.

ჩამონთვალში საკმაოდ ბევრია შეცდომა -ად, -დ დაბოლოებებიან სიტყვებშიც, როგორებიცაა, "კარგად", "ალბათ", "მაგალითად" - და ყველაზე ხშირად მათი ასეთი არასწორი ფორმები გვხვდება: "კარგათ", "ალბად", "მაგალითათ"

ავტორი : ნინო ლომიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ