11.04.2018
პარტიული და მსხვილი ბიზნესის
გავლენებისგან თავისუფალი, პროფესიულ სტანდარტებზე ორიენტირებული
ბეჭდური და ონლაინ მედიის გააქტიურება საქართველოში 2000-იანი წლების
ბოლოდან იწყება. საერთაშორისო ფონდების მედიით დაინტერესებასთან
ერთად, ქვეყანაში გაჩნდა საშუალება, შექმნილიყო დამოუკიდებელ
გამოცემები, რომლებიც ეთიკის ნორმების დაცვით, სრულყოფილად და
მიუკერძოებლად მიაწვდიდა ინფორმაციას აუდიტორიას.
თავდაპირველად, ასეთი მედია
ორგანიზაციები თითქმის მთლიანად საგრანტო შემოსავალზე იყვნენ
დამოკიდებული, რადგან პატარა ბაზრის, პოლიტიკური თუ ბიზნეს გარემოდან
გამომდინარე, კომერციული განვითარება და დამოუკიდებლობისა და მაღალი
სტანდარტების შენარჩუნება ერთდროულად პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.
თუმცა, წლებთან ერთად ვითარება ნელა, მაგრამ მაინც იცვლებოდა. მედიის
მფლობელებმაც გარკვეული გამოცდილება დააგროვეს და შეეცადნენ,
განვითარებისათვის ალტერნატიული გზები ეპოვათ. თუ ადრე შემოსავლის
თითქმის 100 პროცენტი ფონდებიდან მოდიოდა, დღეს ეს 80 და 75
პროცენტამდე შემცირდა. ასევე, გამოჩნდა გამოცემები, რომლებიც
სხვადასხვა გზებით ცდილობენ , დამოუკიდებლად, კომერციული შემოსავლებით
გავიდნენ ფონს. მათი მფლობელები მედის დაფინანსებას სხვა, გვერდითი
ბიზნესის დახმარებით ცდილობენ. მიუხედავად ამისა, მთლიანობაში
სიტუაცია დიდად მაინც არ შეცვლილა და მსგავსი გამოცემების მედია
ბიზნესმოდელებად ქცევა ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივაა.
როგორ მუშაობენ და რა გამოწვევების
წინაშე დგანან საქართველოში მაღალი პროფესიული სტანდარტების მქონე,
დაბალბიუჯეტიანი გამოცემები - ამ თემაზე მედიაჩეკერი თავად ამ
გამოცემების რედაქტორების ხედვებს გაგაცნობთ.
ნეტგაზეთი
საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინ
მედია-პლატფორმა "ნეტგაზეთი" 2010 წელს, გაზეთმა „ბათუმელებმა“
დააარსა. „ნეტგაზეთი“ დასაწყისში ბიზნესმოდელად
მოიაზრებოდა, რომელსაც რეკლამით უნდა ერჩინა თავი. „ნეტგაზეთის“
ერთ-ერთი დამაარსებელი და რედაქტორი, ნესტან ცეცხლაძე გვიყვება, რომ
თავდაპირველად ტექნიკურად საიტის გამართვაში საერთაშორისო
ორგანიზაცია MDIF დაეხმარათ. ეს ორგანიზაცია მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყანაში ეხმარება დამოუკიდებელ მედიასაშულებებს, იქცნენ
მედიაბიზნესად და ამისთვის დაბალპროცენტიან სესხებს
გასცემს.
„მიზანი იყო ნაციონალური მასშტაბით
ხარისხიანი ონლაინ პლატფორმის შექმნა, რაც მაშინ სიახლე იყო.
გვქონდა გარკვეული მცდელობები, როგორ გვექცია ეს
ბიზნესად, მაგრამ საბოლოოდ არ გაამართლა და მალე დავდექით იმ
პრობლემის წინაშე, რომ უკვე შექმნილი პროექტის ასამუშავებელი
ფული აღარ გვქონდა“,- იხსენებს ცეცხლაძე.
ამის შემდეგ „ნეტგაზეთმა“ ფონდ „
ღია საზოგადოება საქრათველოს“ მიმართა და 3 თვიანი საცდელი გრანტიც
მოიპოვა. გამოცემის პროფესიული სტანდარტებიდან და საიტის მზარდი
პოპულარობიდან გამომდინარე, დაფინანსება შემდეგაც გაუგრძელეს:
„ერთ-ერთი პირველი ონლაინ გამოცემა ვიყავით ხარისხიანი კონტენტის
თვალსაზრისით და თანაც აქტიურად ვიყენებდით თანამედროვე ტექნოლოგიებს
რეპროტინგის დროს. სკაიპ ინეტერვიუები იყო ეს, livestream თუ სხვა.“
წლების შემდეგ „ნეტგაზეთის“ მთავარი დამფინანსებელი ისევ „ფონდი ღია
საზოგადოება საქართველოა“. გამოცემას ასევე აქვს ჰაინრიხ ბიოლის
ფონდის გრანტი პროექტისთვის”სამხრეთ კავკასიის ამბები“. დღეის
მონაცემებით „ნეტგაზეთის“ კომერციული შემოსავალი მთლიანი ფინანსების
25 პროცენტს არ აჭარბებს. გამოცემა ალტერნატიული ფინანსების მოპოვებას
რეკლამიდან და ბეჭდური თუ სხვა ტიპის სერვისების შეთავაზებიდან
ცდილობს.
სხვადასხვა ინტერესის მქონე
ადამიანების მოზიდვისთვის და უფრო ფართო აუდიტორიაზე გასვლისთვის
„ნეტგაზეთი“ მუდმივად ცდილობს სიახლეები დანერგოს და მომხმარებელს
მრავალფეროვანი მასალა შესთავაზოს. მაგალითად სამხრეთ კავკასიის
ამბების პროექტი, ცალკე რუბრიკა ტექნოლოგიაზე და ა.შ.
გამოცემამ ჯერ კიდევ 2013 წელს
დაიწყო აუდიტორიისთვის გასართობი კონტენტის შექმნა და ფეისბუკზე ცალკე
გვერდიც შექმნა: netgazeti.ge-გართობა. 2018 წლიდან ეს რუბრიკა კიდებ
უფრო აქტიური და პოპულარული გახდა. „ არ მგონია, რომ „გაყვითლებაა“ და
რეპუტაციას ვკარგავთ, თუ აუდიტორიას სხვადასხვა ტიპის კონტენტს
ვთავაზობთ სხვადასხვა პლატფორმის გამოყენებით. ერთია, რომ აუდიტორიას
დღეს მნიშვნელოვანი ამბები უნდა მიაწოდო საინტერესო ფორმით, იმიტომ
რომ შეიცვალა ზოგადად ინტერნეტ მომხმარებლის ქცევა და მეორეა ასევე,
რომ პოლიტიკური და სხვა მნიშვნელოვანი ამბების გარდა ადამიანებს
შესთავაზო ზოგჯერ სასარგებლო, სამომხმარებლო, ზოგჯერ გასართობი
კონტენტიც”, - ამბობს ნესტან ცეცხლაძე .
გამოცემის ინიციატივები მკითხველთა
რაოდენობაზეც აისახა. ნეტგაზეთი ბოლო თვეების მონაცემებით ერთ-ერთი
ლიდერია მომხმარებელთა რაოდენობით მსგავსი ტიპის ონლაინ გამოცემებში.
რედაქტორის ინფორმაციით, თებერვალში სტატიების უნიკალური ნახვების
რიცხვმა მილიონს გადააჭარბა. მიუხედავად ამისა, ის ოპტიმიზმის
საფუძველს ჯერჯერობით ვერ ხედავს და ფიქრობს, რომ ეს მედიის
მდგრადობაზე ვერ აისახება.
„მთელს მსოფლიოში რთული ვითარებაა,
ინტერნეტმა საერთოდ შეცვალა რეკლამის ტრადიციული გაგება და ტრადიული
მედია ბიზნესმოდელები. აქ კიდევ უფრო პრობლემურია ეს, რადგან პატარა
ბაზარი და არათანაბარი მედიაგარემოა. მაგალითად, ჩვენი პოლიტიკა და
ერთ-ერთი მთავარი ღირებულება არის ის, რომ სარეკლამო და სარედაქციო
მასალები იყოს გამიჯნული. თუმცა, ონლაინ მედია ბაზარზე ცოტას აქვს
ანალოგიური მიდგომა, რაც არათანაბარ პირობებში გვაყენებს. უამრავი
კომპანია, თუ საჯარო დაწესებულება გვთხოვს მათი კონტენტის განთავსებას
იმის მითითების გარეშე, რომ რეკლამაა, თუმცა ამაზე უარს ვამბობთ. “, -
აღნიშნავს ცეცხლაძე.
„ნეტგაზეთის“ რედაქტორი ამბობს,
რომ მართალია ზოგიერთი კომპანია რეკლამას საიტის რეპუტაციის გამო
ათავსებს, თუმცა ეს მედიის მდგრადობაზე არსებით გავლენას ვერ ახდენს
და ბიზნესის უმეტესობა კარგად ვერ აცნობიერებს როგორი მნიშვნელოვანია
დამოუკიდებელი მედია თავისუფალი ბიზნესგარემოსთვის.
მეორე გამოწვევა, რაზეც ნესტან
ცეცხლაძე საუბრობს, ონლაინ სარეკლამო ბაზარზე ფეისბუქისა და გუგლის
დომინაციაა, რაც ძალიან პატარა სივრცეს ტოვებს
ონლაინმედიისთვის.
„ძალიან ბევრს ვშრომობდით, რომ ამ
შემოსავლებში არასაგრანტო ნაწილი გაზრდილიყო, მაგრამ ძალიან რთულია.
ახლა ცოტა პესიმისტურად ვუყურებ ამ ამბავს. ცხადია, მაინც მუდმივად
ვეძებთ ახალ გზებს, მაგრამ გრანტის მიღმა დამოუკიდებლად არსებობა
ჯერჯერობით წარმოუდგენელია“.
ცეცხლაძე იმასაც აღნიშნავს, რომ
ქვეყანაში გრანტების თვალსაზრისითაც ძალიან მწირი ბაზარია, რადგან სულ
თითზე ჩამოსათვლელი დონორები არიან, რომლებიც უშუალოდ მედია კონტენტს
და დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციების განვითარებას
აფინანსებენ.
ლიბერალი
ერთ -ერთი პირველი ასეთი გამოცემა,
რომელიც მედია ბაზრზე გამოჩნდა, ჟურნალი „ლიბერალი“ იყო. ჟურნალის
პირველი ნომერი 2009 წლის მაისში, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“
ფინანსური მხარდაჭერით გამოვიდა. გამოცემამ თავიდანვე მნიშვნელოვანი
პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე: მიმდინარე სიახლეების გარდა, ის
მკითხველს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თუ კულტურულ თემებზე ანალიტიკურ
სტატიებსა და რეპორტაჟებს, გამოძიებებსა და საავტორო სვეტებს
სთავაზობდა. იმ პერიოდში პოლიტიკური და პარტიული გავლენებისგან
დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნების ერთადერთი გზა,
საერთაშორისო ფონდების დახმარება იყო. მით უმეტეს, თუ გამოცემას მაღალ
პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებზე ჰქონდა პრეტენზია და სკანდალებსა და
„სიყვითლეზე“ არ იყო ორიენტირებული.
წლების განმავლობაში ლიბერალის
ძირითადი შემოსავალი სწორედ „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“
გრანტი იყო, რასაც სხვადასხვა დროს ემატებოდა NED-ის, USAID-ის,
ამერიკის საელჩოს, ბიოლის ფონდისა და სხვა საერთაშორისო
ორგანიზაციების მცირე თუ საშუალო გრანტები. დაარსებიდან თითქმის 10
წლის თავზე გამოცემის შემოსავლის 80 პროცენტს ისევ გრანტები შეადგენს.
თუმცა, სიტუაცია ბაზარზე თანდათან იცვლება და მსგავსი მედიების
კომერციული შემოსავლებიც ნელა, მაგრამ მაინც იზრდება. „ლიბერალის“
რედაქტორი და მმართველი საბჭოს წევრი, ზურა ვარდიაშვილი ამბობს, რომ
არსებული სიტუაციის გათვალსიწინებით საქმე უიმედოდ არ არის და
მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე გრანტის გარეშე მუშაობას ვერ
განაგრძობდნენ, პერსპექტივა მაინც ჩანს:
„იყო დრო, როდესაც კომპანიების
მარკეტოლოგები მხოლოდ Top.ge-ს ათეულს უყურებდნენ და თუ იქ
მოხვდებოდი, მხოლოდ მაშინ იყავი საინტერესო. ბოლო პერიოდში იკვეთება
ტენდენცია, რომ რეკლამის დამკვეთებს, განსაკუთრებით საერთაშორისო
დამკვეთებს, აინეტერსებთ არა მარტო კლიკების რაოდენობა, არამედ
გამოცემის შინაარსი, იმიჯი, მასალის ხარისხი - რამადენად ლეგალურია
ის, ხომ არ არის მოპარული. ამოწმებენ google analytics-ის მონაცემებს
და სტატიებზე დაყოვნების მაჩვენებელს. იკვლევენ აუდიტორიას გენდერული
და ასაკობრივი ნიშნით, შემოსავლების მიხედვით. ამიტომ, შესაძლოა
ლიბერალის მომხმარებელი უფრო ძვირი უღირდეთ, ვიდრე რომელიმე
ტაბლოიდური გამოცემის, რომლის მასალებსაც ბევრად მეტი ნახვა
აქვს“.
ციფრული მედიის აქტუალობის და
მომხმარებლის რაოდენობის ზრდასთან ერთად, „ლიბერალის“ რესურსებიც
თანდათან ვებ პლატფორმაზე მიემართა. 2016 წლის ბოლოს სარედაქციო
საბჭომ საერთოდ უარი თქვა ბეჭდურ ვერსიაზე და გადაწყვიტა, გამოცემა
მხოლოდ ონლაინ დარჩენილიყო. ზურა ვარდიაშვილი ამბობს, რომ ეს
ბუნებრივი პროცესია, რადგან არა თუ ბეჭდური გამოცემის მკითხველი,
დესკტოპის მომხმარებელიც კი მცირდება და ჟურნალზე ამხელა ხარჯების
გაწევა აღარ უღირდათ:
„მომხარებლის ჩვევა შეცვლილია.
გუგლ ანალიტიკსს რომ ვუყურებ, ძირითადად სმარტფონებზე არიან
გადასულები. თანაც, როდესაც შენი ერთ-ერთი მთავარი პროდუქტი ახალი
ამბებია, მოთხოვნა ონლაინ ვერსიაზე გაცილებით მაღალია. ასევე იცვლება
ის მიდგომაც, რომ ვრცელი ტექსტებს ონლაინ არ კითხულობენ, წიგნებს
კითხულობენ ტელეფონში უკვე და სტატიას რატომ ვერ წაიკითხავენ“-
აღნიშნავს ვარდიაშვილი. მისი თქმით, ამ ცვლილებამ შედეგი მაშინვე
გამოიღო - ონლაინ მომხმარებელთა მაჩვენებელი საგრძნობლად
გაიზარდა.
„ლიბერალის“ რედაქტორი უახლოეს
მომავალში ქართულ სარეკლამო ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების
გააქტიურებაზეც საუბრობს და მათთან თანამშრომლობაზე დიდ იმედებს
ამყარებს. როგორც ამბობს, მოლაპარაკებები უკვე დაწაყებულია, თუმცა
კონკრეტიკისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს. მას, ისევე როგორც მთელს
სარედაქციო ჯგუფს, კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ გრანტი მუდმივი
ვერ იქნება და მსგავსი ტიპის მედიებმა გადარჩენისთვის ალტერნატიული
გზები უნდა გამონახონ.
„ რაღაც ტენდცია, მცდელობა უნდა
დაანახო დონორს, რომ ფიქრობ და მუშაობ ამაზე. თავადაც გვთხოვენ ხოლმე
ამას, მაგალითად „ ფონდ ღია საზოგადოებას“ აქვს პოლიტიკა, რომ
ინსტიტუციურ გაძლიერებაში გეხმარება, გეგმებს ითხოვს როგორი იქნება
შენი მარკეტინგული ხედვა, როგორ მოიპოვებ დამატებით დაფიანსებას და
ა.შ.“.
კითხვაზე, თუ როგორ აპირებს
ლიბერალი გაზარდოს მკითხველთა და რეკლამის დამკვეთთა რაოდენობა და ხომ
არ მოხდება ეს გარკვეული დოზით „ყვითელი“ მასალის ინტეგრირებით,
ვარდიაშვილი ამბობს, რომ გამოცემის შინაარსობრივი და სტილისტური
ცვლილებები არ იგეგმება და მეტ მკითხველზე გასვლას თამასის დაწევის
ხარჯზე გამორიცხავს:
„კონტექნტის გამრავალფერვნება და
სხვადასხვა ინტერესების ადამიანებზე მორგება ნამდვილად გვინდა, მაგრამ
ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ჰოლივუდის სკანდალებზე ან სხვადასხვა
იაფფასიან თემებზე მოუთხრო მკითხველს. სპორტზე, კულტურაზე,
ტექნოლგიური მიღწევებზე თუ სხვა საინტერესო თემებზე ისევე შეიძლება
მოამზადო ხარისხიანი მასალები, როგორც პოლიტიკაზე ან სოციალურ
თემაზე".
ერთ-ერთი ნაბიჯი, რაც ცოტა ხნის
წინ ლიბერალმა საკუთარი პროდუქტის პოპულარიზაციისთვის გადადგა, გუნდში
სოციალური მედიის მენეჯერის დამატებაა. აქამდე მასალებს თავად
რედაქტორები და ჟურნალისტები დებდნენ. მცირე გრანტის მოგების შედეგად
გამოცემამ ვაკასნია გამოაცხადა და მალე ამ საქმეს პროფესიონალს
გადააბარებენ, რაც ხელმძღვანელობის გათლით, უფრო დიდ აუიდტირიაზე
გასვალსა და რეკლამის პოეტნციური დამკვეთების მოზიდვაში
დაეხმარებათ.
უახლოეს წლებში დამოუკიდებლად,
გრანტების გარეშე არსებობის ილუზია „ლიბერალში“ არ აქვთ, თუმცა,
ვარდიაშვილის თქმით, ტელევიზიის ჯერ კიდევ აშკარა დომინაციის
პარალელურად, ონლაინ ბაზარი მაინც იზრდება და ფეისბუქის და გუგლის
მსგავსი გიგანტების მონოპოლიების მიუხედავად, რეკლამის რაღაც ნაწილი
ონლაინ მედიაშიც მიემართება. ამიტომ: “ გადარჩება ის, ვინც ამ
ტენდენციას კარგად მოერგება. ეს არის ჩვენნაირი მედიების შანსი,
რომელიც უნდა გამოვიყენეოთ.“
ინდიგო
დამოუკიდებელ, მცირებიუჯეტიან
მედიასაშუალებებში მკვეთრად გამორჩეული ნიშა უჭირავს ჟურნალ
„ინდიგოს“. „ინდიგო“ 2015 წლის ზაფხულში, რამდენიმე ადამიანის
ინიციატივით შეიქმნა. გამოცემის ფოკუსი ხელოვნება და კულტურაა, თუმცა
რიგ შემთხვევებში აქ ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებსა და სხვა
საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემების შესახებაც შეხვდებით ვრცელ სტატიებსა
და კვლევებს. დღეს „ინდიგო“ მსგავსი ტიპის ერთადერთი ბეჭდური
პერიოდული გამოცემაა საქართველოში. ჟურნალს ვებ პლატფორმაც აქვს,
თუმცა ამ ეტაპზე ვებისთვის დამოუკიდებელი კონტენტი იშვიათად იქმნება
და აქ ძირითადად ბეჭდურ ვერსიაში გამოქვეყნებული მასალები
იდება.
„ინდიგოს“ სხვა მედია
გამოცემებისგან განსხავებით არ ჰყავს საშტატო ჟურნალისტები, მუდმივი
თანამშრომლები მხოლოდ რედაქტორები, მარკეტინგის სპეციალისტები და
მსგავსი მენეჯერული თუ საორგანიზაციო პოზიციის მქონე ადამიანები
არიან. ტექსტების და ფოტოების ავტორების აბოსულუტური უმრაველსობა
ფრილანსერია.
ჟურნალის ერთ-ერთი დამფუძნებელი და
რედაქტორი, ნინო ჯაფიაშვილი იხსენებს, როგორ დაიწყო პროექტზე
მუშაობა:
„ეს უნდა ყოფილიყო თანამოაზრეების
კლუბი, სადაც იქნებოდა ჰორიზონტალური მმართველობა. ჩვენ არ გვქონდა
იმის რესურსი, რომ დიდი, სტანდარტული რედაქცია შეგვექმნა, სხვაასხვა
რედქტორული და ჟურნალისტული გუდნებით, რომლებიც რედაქციაში
ისხდებოდნენ და ხელფასს გადავუხდიდით. პირველი ნომერი ერთ-ერთი
დამფუძნებლის ინვესტიციით გამოვუშვით“.
გაამართლებდა და იმუშავებდა თუ არა
გამოცემა, რომელმაც, თავიდანვე მაღალი ეთიკური და პროფესიული
სტანდარტები დაუწესა საკუთარ თავს და სადაც აქცენტი ახალი ამბების
ნაცვლად ანალიტიკურ, ვრცელ მასალებზე იქნებოდა, ზუსტად არავინ იცოდა.
მით უმეტეს, მსგავსი ტიპის ჟურნალის „ ცხელი შოკოლადის“ ნეგატიური
გამოცდილება უკვე არსებობდა მედიაბაზარზე. ( ჟურნალი 2014 წელს,
თითქმის 10 წლიანი არსებობის შემდეგ ფინანსური პრობლემების გამო
დაიხურა) თუმცა, როგორც ჯაფიაშილი ამბობს, რადგან სარედაქციო ჯგუფი
სულ რამდენიმე ადამიანისგან შედგებოდა, რისკებიც მინიმუმამდე იყო
დაყვანილი:
„საკუთარ დროს და შრომას
ვრისკავდით, ჟურნალი იმ ადამიანებმა გავაკეთეთ, ვინც დავაფუძნეთ და თუ
არ გაამართლებდა, დავიშლებოდით და წავიდოდით სახლში“.
ცოტა ხანში მიხვდნენ, რომ სახლში
წასვლას ჟურნალის განვითარების გზებზე ფიქრი და მუშაობა ჯობდა, რადგან
ამის პერსპექტივა, სირთულეების მიუხედავად, მაინც დაინახეს. პირველ
თვეებში „ინდიგოს“ თავისი თავის შენახვა უჭირდა და რედაქტორებიც
ძირითადად ენთუზიამზე მუშაობდნენ, მაგრამ მალე შემოსავლის პატარა
წყაროებიც გამოჩნდა.
ჟურნალმა ხარისხის, ტექსტების
ექსკლუზიურობისა და საინტერესო ავტორების გამო მალევე დაიმკვიდრა თავი
და მართალია არც თუ ისე ბევრი, მაგრამ ერთგული და საზოგადოებრივ აზრზე
მეტნაკლებად გავლენის მქონე მკითხველი მოიპოვა, რაც გამოცემას ახალი
ნიშის ათვისებაში და რეკლამის დამკვეთების დაინტერესებაში დაეხმარა.
ჟურნალის პარალელურად, მალე დამფუძნებლებმა პატარა, მაგრამ
მულტიფუქნციური გამომცემლობაც დაარსეს, რომლის საშუალებითაც კომერციულ
პროექტებზე მუშაობას და ჟურნალის შენახვას შეძლებდნენ. სხვადასხვა
სახის ბეჭდური სერვიის შეთავაზებით „ინდიგო“ დამკვეთებს კონტენტის
სტრუქტურირებაში და შეფუთვაში ეხმარება. იქნება ეს სპეციალური
სპორტული გამოცემა, საიუბილეო ჟურნალი, არასამთავრობო ორგანიზაციის
ანგარიში, ბუკლეტები თუ სხვა.
ასეთი შემოსავლების შემდეგ
გამოცმელობა ანაწილებს რაში ჩადოს ინვესტიცია და რა მიმართულებით
მოახმაროს ის ჟურნალს. თუმცა, მსგავსი შეკვეთები მაინც პერიოდულია და
სტაბილურობისთვის დამფუძნებლებს მუდმივად უწევთ შემოსავლის გზების
ძიება.
რეკლამის კუთხით ზემოთხსენებული
მედიების მსგასვად ინდიგოც თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიებთან,
რომელთა ინტერესიც ამ შემთხვევაშიც ძირითადად ჟურნალის იმიჯი და
მკითხველის სპეციფიკაა. „ჩვენთან დებენ რეკალამას მხოლოდ და მხოლოდ
ხარისხის გამო, ეს არ არის დიდი გამოცემა, რომელიც ასი ათასებზე
გადის“- ამბობს ნინო ჯაფიაშვილი.
რეკლამისა და საგამამოცმებლო
საქმიანობის გარდა, რედაქციას პერიოდულად მცირე გრანტებზეც შეაქვს
განაცხადები, რაც ამა თუ იმ თემაზე სტატიების და კვლევების მომზადებას
ან დისკუსიების ჩატარებას გულისხმობს. გასულ წელს „ინდიგომ“ ამ გზით
„ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ გრანტი მოიპოვა ჯანდაცვის თემის
გაშუქებისთვის, რომლის ფარგლებშიც ონკოლოგიის, ფისქიკური
ჯანმრთელობისა და სუიციდის თემაზე ვრცელი სამეცნიერო-ჟურნალისტური
მასალები მომზადდა. ამავე ფონდის მცირე გრანტით გაკეთდა კიდევ ერთი
პროექტი „ საპატრიარქოს კაპიტალი“.
„ეს არის ერთჯერადი დახმარება, რაც
საშუალებას გვაძლევს მსგავს თემებზე ვიმუშავოთ, გამოვითხოვოთ
დოკუმენტაცია, თვეები დავუთმოთ ამას და ჰონორარებიც გადავიხადოთ. რაც
ძალიან დიდი ფუფუნებაა ჩვენისთანა გამოცემისთვის. ჩვენი რესურსით ამას
ვერ შევძლებდით“- ამბობს ნინო ჯაფიაშილი.
დღეისათვის ჟურნალი თავის თავს
ინახავს, თუმცა გამოწვევები ბევრია და ამაზე ზრუნვა ყოველდღიურ
რეჟიმში უწევთ. ერთ-ერთ გეგმაში ონლაინ პლატფორმის გააქტიურებაც
მოიზარება, მაგრამ ამ ეტაპზე დამოუკდებელი ვებ კონტენტის შესაქმნელად
საჭირო ფინასნები არ არის და აქცენტი ისევ ბეჭდურ ვერსიაზე კეთდება.
ასეთ მიდგომას ნინო ჯაფიაშვილი იმით ხსნის, რომ ინდიგოს მასალები ახალ
ამბებზე არაა მიბმული და მათი წაკითხვა რამდენიმე თვის ან 1 წლის
შემდეგაც არანაკლებ საინტერესოა.
უახლოეს მომავალში განსაკუთრებული
მოლოდინები ფინანსური კუთხით „იდნიგოში“ არ აქვთ, თუმცა, ფიქრობენ,
რომ აუდიტორიის გაფართოებისთვის სივრცე კიდევ არსებობს: „რომ გითხრათ,
რომ რამე რადიკალურად შეიცვლება და მდიდრები გავხდებით, ასე
ნამადვიალდ არ იქნება. მით უმეტეს თუ ხარისხის შენარჩუნება გინდა.
თუმცა, როგორც გამოკითხვებით, ისე ინტუიციით ვხვდებით, რომ ჩვენს
ყველა მკითხველთან ჯერ არ მიგვიღწევია და გავქვს რესურსი რომ ისინიც
მოვიცვათ. ამაზე სულ ვმუშაობთ,“- აღნიშნავს ნინო ჯაფიაშვილი.
რეგინფო (ICN)
დამოუკიდებელი მედიების ბაზარზე
საინტერესო მოთამაშეა ასევე საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN) და
მისი პროდქუტები reginfo.ge და mtisambebi.ge. ICN-ის მხარდაჭერით
მუშაობს ასევე პანკისის სათემო რადიო WAY. 2017 წლის მაისში,
საინფორმაციო ცენტრების ქსელმა, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის და ქვემო
ქართლის საინფორმაციო ცენტრების გაერთიანების შედეგად შექმნა ახალი
ამბების სააგენტო reginfo.ge, რომელიც რამდენიმე კორესპონდენტის და
რეგიონებში მომუშავე პარტნიორ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით
ყოველდღიურად ამზადებს და ავრცელებს ახალ ამბებს. ეს არის ვებგვერდი,
სადაც ერთად არის თავმოყრილი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები
საქართველოს რეგიონებიდან.
2017 წლის ბოლოს ორგანიზაციის
დამფუძნებელმა საბანკო სესხით შეიძინა ოფისი თბილისში, სადაც ფონდს
ღია საზოგადოება-საქართველოს მხარდაჭერით აწყობს „რეგინფოს“ და „მთის
ამბების“ ერთიან ნიუსრუმს და მულტიმედია სტუდიას.
„რეგინფოს“ რედაქტორი, გელა
მთივლიშილი ამბობს, რომ საინფორმაციო ცენტრების ქსელს მედიაში
გრძელვადიანი კომერციული მიზნები აქვს. იმის მიუხედავად, რომ ქსელს
აქვს ონლაინ და რადიო სტუდიები გურჯაანსა და პანკისში, დროისა და
მანძილის გამო, მუდმივ პრობლემად რჩება გადაწყვეტილების მიმღები
პირების და ექსპერტების თბილისიდან რეგიონში ჩაყვანა ამ სტუდიებში
გამართულ დებატებსა თუ დისკუსიებში მონაწილეობისთვის;
„თბილისში საკუთარ ფართში სტუდიის
მოწყობა და რეგიონულ სტუდიებთან მისი დაკავშირება საშუალებას
მოგვცემს, რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებსა და პრობლემებზე
ცენტრისა და რეგიონების დიალოგი უფრო აქტიური, ოპერატიული და
ხარისხიანი გავხადოთ,“- აღნიშნავს მთივლიშვილი.მისი თქმით,
დედაქალაქის ოფისი საინფორმაციო ცენტრების ქსელს უკვე
დამკვიდრებულრეგიონულ ნიშას არ დაუკარგავს, პირიქით, გააძლიერებს
კიდეც მას. ქსელი ინარჩუნებს პანკისისა და გურჯაანის ოფისებს.
„რეგინფოსა“ და „მთის ამბების“ გაერთიანებული ნიუსრუმის თბილისში
დაფუძნების პირობებში, აპირებს, გურჯაანსა და პანსკისში არსებული
რესურსი მიმართოს კახეთის საინფორმაციო ცენტრის განახლებასა და
პანკისის სათემო რადიოს განვითარებაზე.
საინფორმაციო ცენტრების ქსელმა
შეძლო არასაგრანტო შემოსავლების მოძიების და გაზრდის მიზნით, შეექმნა
რამდენიმე კომერციული პროდუქტი, მაგალითად უფასო და ფასიანი
განცხადებების ვებგვერდი www.regmarket.ge, ასევე გარერეკლამის
ბილბორდები კახეთში.
„ჩვენ დაინტერესებულ პირებს
ვთავაზობთ კომბინირებულ რეკლამას მათი პროდუქტების პოპულარიზაციაზე
გათვლით. ამაში ძალიან გვეხმარება ჩვენი იუთუბ არხი, რომელსაც
ყოველთვიურად ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა აქვს. საერთო ჯამში,
საინფორმაციო ცენტრების ქსელმა არასაგრანტო შემოსავლებით მოახერხა
პანკისის ოფისის გახსნა და პანკისის სათემო რადიოს დაფუძნება;
თბილისში მულტიმედია სტუდიის შექმნა.“- მბობს მთივლიშვილი. 2017 წლის
მონაცემებით ორგანიზაციის საერთო ბიუჯეტის დაახლოებით 40 %
არასაგრანტო შემოსავლებია.
შეკითხვაზე, რა ბედი ეწეოდა
ორგანიზაციას, რომ არა გრანტები, გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ
გარკვეული პერიოდი ალბათ, თავს გაიტანდნენ, მაგრამ საგრანტო
მხარდაჭერის გარეშე, ამ ეტაპზე შეუძლებელი იქნებოდა დაწყებული
აქტივობების გაგრძელება.
„ზოგადად, რეკლამა ონლაინ მედიაში
არის მზარდი, თუმცა საქართველოში გამოცემებს ეს არ ეტყობა. ჩვენ ახალი
გამოწვევების წინაშე ვართ და თუ შვძლებთ, უახლოესი 2-3 წლის
განმავლობაში, ამ გამოწვევებს ადეკვატურად ვუპასუხოთ, შეიძლება
გაუმჯობესდეს ვითარება.“
On.ge
ახალ ამბებზე ორიენტირებული ონლაინ
გამოცემა on.ge ყველაზე ახალია დამოუკიდებელი მედიების ბაზარზე.
თუმცა, ზემოთ ხსენებული გამოცემებისგან გასნხავებით on.ge ერთადერთია,
რომელიც ჯერჯერობით ყოველგვარი გრანტის გარეშე მუშაობს. გამოცემა 2017
წლის დასაწყისში დეველოპერულმა კომპანიამ „ომედია ჯგუფმა“ დაარსა.
კომპანიას ქართულ ბაზარაზე ვებსაიტებსა და მობილურ აპლიკაციებზე
მუშაობის 10 წლიანი გამაცდილება აქვს. პატარა მედიაპროდუქტების
შექმნის მცდელობა მანამდეც ჰქონდათ, თუმცა, on.ge მათი პირველი დიდი
და სერიოზული პროექტი იყო.
გამოცდილ დეველეოპერებს საკუთარი
საიტის შექმნისთვის რესურსის ძებნა გარეთ არ დასჭირვებიათ და
სტარტისთვის ყველა დეტალი თავად მოაგვარეს. მედიაპროდუქტის
შექმნისთვის საწყისი თანხაც ორგანიზაციის ბიუჯეტიდან გამოიყო, რამაც
ბევრად გაამარტივა მუშაობის პირველი ეტაპი.
სხარტად და ოპერატიულად მოწოდებული
ახალი ამბებისა და მრავალფეროვანი, სახალისო კონტენტის გამო on.ge
მალე გახდა პოპულარული. დაარსებოდან 1 წლის თავზე გამოცემა ერთ-ერთი
მოწინავეა ონლაინ მედია ბაზარზე მკითხველთა რაოდენობით.
მიუხედავად ამისა, თავის შენახვა
ჯერჯერობით on.ge-საც უჭირს. ომედიას დირიექტორი, ნოდარ დავითური
ამბობს, რომ დღეს გამოცემა დაახლოებით ხარჯების 80 პროცენტს ფარავს
კომერციული შემოსავლით, ისიც პატარა სარედაქციო ჯგუფის ხარჯზე.
დანარჩენი ისევ „ომედია ჯგუფის“ დახმარებაა. თუმცა, ის დამოუკიდებელი
მედიის, როგორც ბიზნესის განვითარებაში მაინც ხედავს
პერსპექტივას:
„არ უნდა იყოს მოლოდონი, რომ 1
წელიწადში ეს ბიზნესი თავის თავს ამოიღებს და დიდ მასშტაბებზე გავა.
თუ დღეს ჩადებ ინვესტიციას და შექმნი ძლიერ მედია ბრენდს, შეიძლება 10
წელი დასჭირდეს, მაგრამ ეს აუცილებლად გახდება მომგებიანი. მეორეა,
რომ ეს უნდა გააკეთოს ისეთმა ხალხმა, რომელსაც ბიზნესში რაღაც
გამოცდილება აქვს. არ მგონია სწორი, როდესაც მედია ბიზნესს
ჟურნალისტები იწყებენ ხოლმე“.
საგრანტო შემოსავლები არ აქვთ და
ამ მიმართულებით არც გეგმავენ ცვლილებებს. დავითურის თქმით, მთავარი
გამოწვევა თავიდანვე ის იყო, რომ პატარა, მაგრამ ფინანსურად
დამოუკიდებელი მედია გაეკეთბინათ, რომლის არსებობაც არც ფონდებზე და
არც პოლიტიკურ პარტიებზე იქნებოდა დამოკიდებული. პატარა ბაზრისა და
ინტერნეტის ჯერ კიდევ არასაკმარისი დაფარვის გამო ეს დიდ
ძალისხმევასთან არის დაკავშირებული, მით უმეტეს როცა სარეკლამო
ბაზარზე დომინანტი მაინც ტელევიზაა და საიმიჯო კამპანიების წარმართვაც
ძირითადად, სამაუწყებლო მედიით ხდება. მაგრამ on.ge-ს
დამფუძნებლებისთვის ტენდენცია მაინც იმედისმომცემია.
„ყველაფერი არის დამოკიდებული
იმაზე, რამდენი მომხამრებელი ეყოლება ქართულ ინტერნეტს. ყოველი ახალი
ჩართული კომპიუტერი, ახალი აბონენტი არის დამატებით მომხმარებელი, ეს
კი არის დმატებითი კლიკი და შემოსავალი რეკლამის დამკვეთებისთვის,“-
ამბობს დავითური. მისი ვარაუდით, თუ დღეს სარეკლამო ბაზრის წილის
დაახლოებით 15 პროცენტი მოდის ინტერნეტზე, უახლოეს წლებში ეს რიცხვი
შესაძლოა გაორმაგდეს, რადგან ინტერნეტის მომხმარებელი სულ უფრო
იზრდება.
„მთავარია, სერეკლამო კომპანიებს
ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია და შეთავაზებები ბიზნესისთვის და ჰქონდეთ
კარგი ინსტრუმენტები, რითიც ამ რეკლამის განთავსებაზე მონიტორინგს
შეძლებენ. ამის შემდეგ, რეკლამის დამკვეთებიც უფრო სწორად დახარაჯევნ
თავინთ ბიუჯეტს და ეს თავისთავად გაზრდის მოთხოვნას ინტერნეტში
რეკლამაზე“.
გარდა ახალი ამბების სწრაფი და
საინტერესო ფორმით გაშუქებისა, on.ge-ს მომხმარებელთა დიდი რაოდენობა
გასართობი კონტენტის გამოც ჰყავს. გამოცემამ საზოგადოებრივ-პოლიტიკური
შინაარსის მასალების პარალელურად, თავიდანვე აქტიურად დაიწყო
ინფორმაციის მიწოდება მსფოლიო კინოს, მუსიკის თუ მოდის სიახლეების
შესახებ. აქ ე.წ. სელებრითების პირადი ცხოვრების დეტალებზეც ხშირად
შეხვდებით მასალებს, ისევე როგორც სახალისო, გასართობ ტესტებსა თუ
ფოტორეპორტაჟებს. ნოდარ დავითური ამაში პრობლემას ვერ ხედავს და
ამბობს, რომ დღეს მსოფლიოს არაერთი დიდი და გავლენიანი გამოცემა
აკეთებს იმავეს. მისი აზრით ეს „ სიყვითლის ზღვარი“ ინდივიდუალურია და
ყველას თავისი აქვს: „არაფრის კეთება არ „ტეხავს“, რაზეც არის
მოთხოვნა, თუ ეს არ ეწინააღმდეგემა შენს პრინციპებს. მთავარია, ცრუ და
არაეთიკური ინფორმაცია არ იყოს ამაში და სათაურით არ ცდილობდე
მოხმარებლის შემოტყუებას საიტზე. რომ წარმოვიდგინოთ თუნდაც რომელიმე
საერთაშორისო ტელეარხი, დილით შეიძლება პანდა რომ დაიბადა, იმაზე
ჰქონდეს ჩართვა და საღასმო Hard talk-ის ტიპის შოუ ან ძალიან კარგი
დოკუმენტური ფილმი შემოგვთავაზოს. იგივეა ვებ გვერდის შემთხვევაშიც“-
აღნიშნავს ის.
On.ge-ს უახლოეს გეგმებში ვცრელ,
ანალიტიკურ სტატიებზე მეტი რესუსრისი მიმართვაა. ამ ეტაპზე გამოცემას
მსგავსი მასალები ორი კვირაში ან მაქსიმუმ კვირაში ერთხელ აქვს.
დამფუძნებლები ფიქრობენ, რომ ეს იმიჯისა და მკითხველში მეტი ნდობის
მოპოვებისთვის აუცილებელია. თუმცა, ისევ და ისევ ფინანსების გამო ამის
განხორციელებასაც მნიშვნელოვანი ძალისხმევა და რესურსი
სჭირდება.
როგორ განვითარდება დამოუკიდებელი
მედია ბაზარი საქართველოში, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. გადამწყვეტი
ალბათ უახლოესი 5 წელი იქნება. ერთი რამ ცხადია, მაღალი პროფესიული
სტანდარტების მქონე მედიის არსებობა, მრავალფეროვანი და საინტერესო
მასალებით, ამ ეტაპზე გრანტის ან გარკვეული კომერციული ინვესტიციების
გარეშე, სუფთა მოგებით ვერ ხერხდება.