ვინ მონაწილეობს საზმაუს სამეურვეო საბჭოს 3 წევრის შესარჩევ კონკურსში
08.06.2020
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 3 წევრის ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულ ღია კონკურსში 10 კანდიდატი მონაწილეობს. ბორდის ახალ წევრებს, შესარჩევი კომისია შემდეგი კანდიდატებისგან შეარჩევს:

  • ზაზა აბაშიძე
  • თამარ ამაშუკელი
  • ნათია კაპანაძე
  • გრიგოლ მურღულია
  • ბონდო მძინარაშვილი
  • ოთარ შაორშაძე
  • დოდო შონავა
  • კონსტანტინე ჩლაიძე
  • ნინო ჭალაგანიძე
  • ზაურ ხალილოვი

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო სამი წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ქეთევან მსხილაძეს, ნინია კაკაბაძეს და გია იაკობაშვილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

აღნიშნულ სამ ვაკანტურ პოზიციაზე ერთი კანდიდატი პარლამენტს შესარჩევად უმრავლესობამ უნდა წარადგინოს, ორი კი - უმრავლესობის მიღმა დარჩენილმა პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთმა მეოთხედმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის − მეურვეობის 3 კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ბრძანებით, 16 მარტს გამოცხადდა, თუმცა, ქვეყანაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, 31 მარტს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე, შეჩერდა.

საკონკურსო კომისია მეურვეობის კანდიდატებს კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, ორ ეტაპად შეარჩევს. პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. კანდიდატთა შეფასების დამატებითი კრიტერიუმები განისაზღვრება საკონკურსო კომისიის დებულებით. მეორე ეტაპზე კი კანდიდატები შეირჩევიან მათ მიერ წარდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციების განხილვის და მათთან გასაუბრების შედეგად.

კანდიდატთა შერჩევის შემდეგ, საკონკურსო კომისია უმრავლესობას, უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრებს, საქართველოს სახალხო დამცველსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს ასარჩევზე სულ ცოტა სამჯერ მეტ კანდიდატურას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო სულ 9 წევრისგან შედგება. მეურვის უფლებამოსილების ვადა არაუმეტეს 6 წელია. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედი როტაციის წესით 2 წელიწადში ერთხელ იცვლება. ერთი და იგივე პირი კი მეურვედ 1 ვადაზე მეტი ხნით არ შეიძლება აირჩეს.

საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ორ მეურვეს საქართველოს სახალხო დამცველის წარდგინებით, სამს – საპარლამენტო უმრავლესობის წარდგინებით, სამს – საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის წარდგინებით, ხოლო ერთს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.

ამ ეტაპზე ბორდი შემდეგნაირად არის დაკომპლექტებული: სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძეა. საბჭოს წევრები კი არიან მიხეილ ჩიკვილაძე, იზაბელა ოსიპოვა, ბესიკ ლილუაშვილი, ირაკლი პაპავა და გიორგი ნიჟარაძე.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ