ჩუმი ნაღმი მედიისთვის - რატომ ვერ ენდობიან GNCC-ის მტკიცებას მედიასამართლის იურისტები
09.07.2020

როგორ გავრცელდება მედიაზე ცვლილებები, რომელსაც მთავრობისა და კომუნიკაციებიის კომისიის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს და რომლის შესახებაც მარეგულირებელი კომისია ირწმუნება, რომ მედიას არ ეხება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედია სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი ნიკა სიმონიშვილი “მედიაჩეკერთან” იხსენებს პრეცენდენტს, როდესაც GNCC-იმ კონკრეტული კანონი ფართოდ განმარტა და ამ ტენდენციიდან გამომდინარე, განმარტავს, რატომ არის ეს ცვლილებები ძალიან საშიში.

- ხვალ, 10 ივლისს, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტი, საქართველოს მთავრობისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონებში ინიცირებული ცვლილებების განხილვას იწყებს. პარალელურად, დილით პარლამენტთან დაგეგმილია სამოქალაქო სექტორისა და მაუწყებლების პრესკონფერენცია მოწოდებით, არ დაამტკიცოს პარლამენტმა ცვლილებები. რატომ?

მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებები პირდაპირ მაუწყებლებს ეხება და პირდაპირ მედიაზე ვრცელდება. ეს სწორედაც მედიის რეგულირების მექანიზმების შექმნას ემსახურება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები უნდა ჩავარდეს.

რაც შეეხება ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონს - მისი იმ მოცემულობით გატანა, რა მოცემულობითაც ახლა არის წარმოდგენილი, დაუშვებელია.

- მოდით მივყვეთ დეტალურად. დავიწყოთ მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებებით, რაც, თქვენ ფიქრობთ, რომ უნდა ჩავარდეს. რა საფრთხეებს ხედავთ?

პარლამენტში შეტანილია ერთი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ორ კანონპროექტს მოიცავს. ერთი არის ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები და მეორე - მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები. ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონის მიხედვით, კომუნიკაციების კომისიას უფლებამოსილება ენიჭება, რომ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს. მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილების მიხედვით კი, კომისიის მიერ მიღებული აქტის გასაჩივრება ვეღარ შეაჩერებს მის მოქმედებას.

ორივე კანონპროექტი მაუწყებლებისთვის საფრთხის შემცველია. მეორე კანონპროექტს, გარდა იმისა რომ საფრთხის შემცველია, კონსტიტუციასთან შესაბამისობის თვალსაზრისითაც პრობლემები აქვს.

მაუწყებლობის შესახებ კანონში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება შევა - კომისიის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება მისი გასაჩივრებით ავტომატურად არ შეჩერდება. მაგალითად, კომისიამ რომ მიიღოს გადაწყვეტილება მაუწყებლისთვის ლინცენზიის შეჩერებაზე და მაუწყებელმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს, ამ გასაჩივრებით აქტის მოქმედება არ შეჩერდება.

გამოდის, რომ კომისია როგორც კი მიიღებს გადაწყვეტილებას, მაუწყებელს მაშინვე მოუწევს მაუწყებლობის შეჩერება, მიუხედავად იმისა, რომ მან სასამართლოს მიმართა. თუ სასამართლო ცალკე განჩინებას არ გამოიტანს იმაზე, რომ ეს აქტი შეჩერდეს (რასაც სამი დღე სჭირდება), მაუწყებელს მოუწევს თავისი მაუწყებლობის შეჩერება მანამდე, სანამ დავა არ დასრულდება. ყველაზე უკეთეს შემთხვევაშიც კი, სამი დღე შესაძლოა გაითიშოს მაუწყებელი. ვფიქრობთ, რომ ესეც არ არის შესაბამისი კონსტიტუციის მოთხოვნებთან.

- რაც შეეხება ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, აქ რა რისკებია?

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონი, ზოგადად, ვრცელდება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებზე და არ ვრცელდება მაუწყებლებზე, თუმცა ჩვენს ქვეყანაში არის ბევრი შემთხვევა, როდესაც მაუწყებლები ამავდროულად წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს, ანუ მაუწყებლობას თავისივე მულტიპლექსით გადასცემენ. ისინი ერთდროულად გამოდიან მაუწყებლები და ავტორიზებული პირებიც. ეს, ძირითადად, ეხება რეგიონულ მაუწყებლებს.

ასეთ შემთხვევებში, თუ ავტორიზებულ პირს დაენიშნება სპეციალური მმართველი, ეს ნიშნავს, რომ იმ კონკრეტულ მაუწყებელში, შპს-ში დაინიშნება ეს მმართველი და, შესაბამისად, გადაწყვეტილებები, რასაც ეს სპეციალური მმართველი ანუ დირექტორის უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი მიიღებს, შეეხება არა მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, არამედ როგორც მაუწყებელს. მაგალითად, მას შეეძლება, რომ დირექტორი ან საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გაათავისუფლოს დაკავებული პოზიციიდან ან მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილებები შრომით ხელშეკრულებებთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი იმის მომასწავლებელია, რომ მას შესაძლებლობა ექნება ჩაერიოს სარედაქციო საქმიანობაში.

- გასაგებია, რომ აღნიშნული კანონი პირდაპირ გავრცელდება მედიაზე იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებელი ამავდროულად არის მულტიპლექს ოპერატორი. როგორ იმუშავებს ეს ცვლილება ცენტრალური მაუწყებლების შემთხვევაში?

ცენტრალური მაუწყებლების შემთხვევაში ასეთი პირდაპირი ჩარევა არ არის, ამ შემთხვევაში არაპირდაპირ ბერკეტზეა საუბარი. სპეციალური მმართველი პირდაპირ მაუწყებლებში ვერ დაინიშნება. თუმცა, თუ მმართველი დაინიშნება ავტორიზებულ პირთან, ანუ მაუწყებლობის გადამცემებთან, მას ექნება უფლებამოსილება, რომ მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც მაუწყებლობის საქმიანობაზე ახდენს გავლენას. მას შეეძლება მიიღოს გადაწყვეტილება მაუწყებლებთან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზეც კი.

მაგალითად, როდესაც მაუწყებელს უგროვდება დავალიანება, ჩვენ არ გვქონია პრეცენდენტი, რომ ავტორიზებულ პირებს შეეწყვიტათ მაუწყებლობის გადაცემა. თუმცა, სპეციალურმა მმართველმა ეს შეიძლება გააკეთოს, მაგალითად, ერთი ლარის დავალიანების გამოც კი, შეიძლება, ხელშეკრულება შეუწყვიტოს და რომელიმე არხს მაუწყებლობა შეუჩეროს. მის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს მაუწყებლებზე. ფაქტობრივად, ყოველდღიურად ნაღმზე ჯდომა მოუწევთ მაუწყებლებს.

- ეს საფრთხე იმიტომ არსებობს, რომ სპეციალურ მმართველს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ნიშნავს?

დიახ, კომუნიკაციების კომისია იქნება ამ პირის დამნიშვნელი და იგი კომუნიკაციების კომისიასთან შეთანხმებით აკეთებს ყველა ქმედებას. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ეს სპეციალური მმართველი, იქნება ყველაფერი კომისიასთან შეთანხმებული ან მისი დავალებით გაკეთებული. საფთხეებზე სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ.

- გახსენდებათ შემთხვევა, რომ კანონში მსგავსი არაპირდაპირი ჩანაწერი კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მედიის წინააღმდეგ გამოეყენებინოს?

სამწუხაროდ, მსგავსი პრეცენდენტები გვაქვს. მაგალითად, კომისიისთვის მინიჭებული უფლებამოსილება არ ვრცელდებოდა ონლაინ მედიებზე, თუმცა, კანონი ძალიან ფართოდ განიმარტა და გავრცელდა ონლაინ მედიებზეც. კომისია კანონს გასცდა და სანქციები გამოიყენა ონლაინ მედიის მიმართ. (საუბარია, შემთხვევაზე, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივი აზრის კვლევების არასწორად გამოქვეყნების მოტივით ონლაინ გამოცემებს სანქცია დაეკისრა).

ახალ ინიცირებულ კანონპროექტს რაც შეეხება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კანონის ფართოდ განმარტებაც კი არ არის საჭირო, კანონის პირდაპირი განმარტებაც კი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ რაზეც ვისაუბრეთ, ეს ყველაფერი გაკეთდეს.

- ფიქრობთ, რომ აღნიშნული ცვლილებებით მედიის რეგულირების საფრთხეები ჩნდება?

კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებები პირდაპირ მაუწყებლებს ეხება და პირდაპირ მედიაზე ვრცელდება. ეს სწორედაც მედიის რეგულირების მექანიზმების შექმნას ემსახურება.

რაც შეეხება ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონს, კომისია ამბობს, რომ ეს მედიას არ მიემართება და მიემართება მხოლოდ ონლაინ ოპერატორებს. შეიძლება, მიზანი თავდაპირველად სწორედ ეს იყო, მაგრამ როდესაც ვიღაცას აქვს გეგმა, რომ, ასე ვთქვათ, ცენზურა დააკანონოს ქვეყანაში ან მსგავსი ქმედება განახორციელოს, რა თქმა უნდა, ამას პირდაპირ არავინ გააკეთებს. ეს გაკეთდება შეფარვით. ზუსტად ასე შეფარვით არის ამ კანონპროექტში ეს ყველაფერი გაკეთებული - შეიძლება ითქვას, რომ მედიაზე არ ვრცელდება, თუმცა, თუ კარგად წავიკთხავთ ამ კანონს, ვნახავთ, რომ, რა თქმა უნდა, მედიაზეც ვრცელდება და სწორედ მედიაზე იქონიებს გავლენას.

ამას მივყავართ იქეთ, რომ რეგულირების მექანიზმები და მედიის კონტროლის ბერკეტები შექმნას კომისიამ.

 

შეგახსენებთ, ხვალ, 10 ივლისს, კომუნიკაციების კომისიისა და მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტების დარგობრივ კომიტეტში განხილვის დაწყებამდე, ტელე და რადიომაუწყებლები და სამოქალაქო სექტორი, საქართველოს პარლამენტთან პრესკონფერენციის გამართვას გეგმავენ.

პრესკონფერენციის ორგანიზატორია "კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის", რომელიც მიიჩნევს, რომ მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონებში დაგეგმილი ცვლილებები გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებლად შეზღუდვის რისკებს შეიცავს და მისი მიღება მედიაგარემოს დიდ ზიანს მიაყენებს.


ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ