16.09.2022
რატომ არის თემა მნიშვნელოვანი?
ახალი კანონპროექტი ერთი მხრივ აფართოებს კომუნიკაციების კომისიის გავლენის სფეროს, მეორე მხრივ კი საშუალებას აძლევს მას, შევიდეს მედია პროდუქტის შინაარსობრივი ნაწილის განხილვაში.რა იცვლება?
- მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, დღეს, კომუნიკაციების კომისია განსაზღვრავს მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ავტორიზაციის წესებს და აკვირდება, ხომ არ არღვევენ მაუწყებლები თვითრეგულირების პროცედურულ ნორმებს;
- კომისია არეგულირებას მხოლოდ ეროვნულ ტელე და რადიო მაუწყებლებს და მხოლოდ მათ მიმართ არსებობს სავალდებულო ავტორიზაციის მოთხოვნა.
- ახალი კანონპროექტით შემოდის "მედია მომსახურების" ცნება და რეგულაციის სფერო გაფართოვდება და ინტერნეტზეც გავრცელდება.
ეს ნიშნავს, რომ ახალი კანონპროექტი დაარეგულირებს:
- ტელევიზიას
- რადიოს
- რეკლამის სფეროს
- "გამოძახებით მედია მომსახურებას"
"გამოძახებით მედია მომსახურებაში" იგულისხმება ნებისმიმერი ვებგვერდი, სადაც მომწოდებელი აუდიტორიას სთავაზობს კონტენტს, ხილო მომხმარებელი თავად ირჩევთ რას და როდის უყუროთ. უფრო კონკრეტულად, როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, ბექა ოდიშარიამ გვითხრა, გამოძახებით აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების მაგალითებია - Netflix, Disney+, Hulu, HBO Max, Cavea +, SILK TV-ის კატალოგი (მედიათეკა) და ა.შ.
შესაბამისად, თუ აქამდე გამოძახებით მედიამომსახურების შინაარსის ვებგვერდების ფუნქციონირებისთვის ავტორიზაციის გავლა არ იყო საჭირო, ახალი კანონპროექტით, მფლობელებს მოუწევთ, სავალდებულო ავტორიზაცია კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში გაიარონ.
რაც მთავარია:
- თუ მაუწყებლობის შესახებ კანონით, კომუნიკაციების კომისია მხოლოდ პროცედურული წესების დარღვევას აკონტროლებდა, ახალი კანონპროექტი მას შინაარსში შესვლის საშუალებასაც აძლევს.
- ანუ, ის, რაც აქამდე მედიის თვითრეგულირების ფარგლებში იყო მოქცეული, სახელმწიფო რეგულირების სფეროში გადავა.
რა საჭიროა ცვლილებები კანონში? — "ოცნების" არგუმენტები
მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კანონპროექტის მიზანი ქართული კანონმდებლობის ევროდირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანაა და ის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებასა და ევროკავშირის "შემოქმედებითი ევროპის" პროგრამაში საქართველოს სრულყოფილად მონაწილეობის წინაპირობაა.რას გულისხმობს ევროდირექტივა?
2014 წლის ასოცირების შეთანხმებით, საქართველოს დაეკისრა ვალდებულება, რომ აუდიოვიზუალური მედია მომსახურების სფეროში კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობის მოქმედ რედაქციას დაუახლოვოს, მათ შორის:- დაიცვას კულტურული მრავალფეროვნება, უზუნველჰყოს მედია პრულალიზმი, გაზარდოს შშმ ადამიანების ხელმსაწვდომობა მედიაზე, შექმნას სიძულვილის ენისა და ტერორიზმის წაქეზების პრევენციის მექანიზმები და ა.შ.
რა არის პრობლემა?
მედიის ადვოკატირების საკითხზე მომუშავე ორანიზაციები აქამდეც ხშირად აკრიტიკებდნენ კომუნიკაციების კომისიას, შინაარსში ჩარევის მცდელობების გამო.- მაგალითად, ორგანიზაცია “მედიაომბუდსმენის” დირექტორი, ნათია კაპანაძე, შინაარსში ჩარევის მცდელობას უწოდებს კომისიის მიერ, 2022 წლის 23 აგვისტოს მიღებულ გადაწყვეტილებას, როდესაც "ქართული ოცნების" საჩივრის საფუძველზე, აქცია "შინ ევროპისკენ" ვიდეორგოლის გაშვების გამო, "მთავარი არხი" 118 688 ლარით დააჯარიმა, "ტვ პირველი" და "ფორმულა" კი წერილობით გააფრთხილა.
"მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებები იქნება პოლიტიკური იარაღი, რომელიც "რაღაც მომენტში მედიის წინააღმდეგ აუცილებლად გაისვრის", — ამბობს მედიაექსპერტი ლაშა ტუღუში.
კანონპროექტი ითვალისწინებს კომისიის სამართლებრივი აქტების დაუყოვნებლივ აღსრულებასაც, მიუხედავად იმისა, გასაჩივრდა თუ არა ისინი სასამართლოში, სადაც, მედიის ექსპერტები კიდევ ერთ საფრთხეს ხედავენ.
"ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, ძალიან დიდი შანსია, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მაუწყებლების მიმართ მიღებული იყოს ძალიან დიდი ზომის ჯარიმებიც", — ამბობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი, მარიამ გოგოსაშვილი.
მედიის რეგულირების მცდელობები "ცილისწამების აღკვეთის" მოტივით
"ქართულ ოცნების" წარმომადგენლები მედიის რეგულირების შესახებ ბოლო წლებში აქტიურად საუბრობენ.- 2019 წელს, ხელისუფლების წარმომადგენლები გამოხატვის თავისუფლების კუთხით შეზღუდვების დაწესების აუცილებლობას ცილისწამებასთან დაკავშირებული რეგულაციების საჭიროებით ასაბუთებდნენ. მაშინ ამ აზრს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც უჭერდა მხარს, პატრიარქმა ილია II-მ კი ამ თემას საშობაო ეპისტოლე დაუთმო, რასაც ამ იდეის მხარდასაჭერად "ქართული ოცნების" განცხადებები მოჰყვა.
- 2021 წლის 28 ოქტომბერს, ხელისუფლების ღია მხარდამჭერმა გიორგი გაჩეჩილაძემ (უცნობი) პარლამენტს "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებების შესატანად საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინა. გაჩეჩილაძე პარლამენტს მიმართა თხოვნით “შეიმუშაონ სათანადო ცვლილებები, რომლებიც გამორიცხავს ჟურნალისტების მხრიდან ცილისმწამებლური და პიროვნების დაუმსახურებლად შეურაცხმყოფელი ფაქტების გასაჯაროებას”.
ახალი კანონპროექტით, ამ საკითხს “პასუხის უფლების” ცნება არეგულირებს. ამ ახალი ჩანაწერით, მოქალაქეს აქვს უფლება, კომუნიკაციების კომისიაში გაასაჩივროს მედიის მიერ მასზე სავარაუდოდ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია, ცილისწამება და ა.შ.
რა არის პრობლემა?
ცილისწამებისთვის დავა აქამდეც შესაძლებელი იყო, თანაც, ამისთვის რამდენიმე გზა არსებობს — შეგიძლიათ მიმართოთ:- მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს;
- ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას;
- სასამართლოს.
ახალი კანონპროექტით კი, ასეთი დავები მარეგულირებელ კომისიასაც დაექვემდებარება.
"გაუგებარია, რატომ დადგა ცილისწამების შესახებ დავების მარეგულირებელ კომისიაში გადამისამართების აუცილებლობა, თანაც ისე, რომ არ არსებობს ჯეროვანი სიზუსტის დასადგენად გაწერილი სტანდარტი, რომლითაც იხელმძღვანელებს მარეგულირებელი კომისია", — ამბობს მარიამ გოგოსაშვილი.
რატომ არის მნიშვნელოვანი თვითრეგულირების მექანიზმი?
ჟურნალისტური თვითრეგულირება სარედაქციო დამოუკიდებლობას იცავს და სახელმწიფო კონტროლს ამცირებს.ევროდირექტივის მიხედვით, უნდა მივიღოთ ეფექტური ზომები მათ შორის, სიძულვილის ენის რეგულირებასთან დაკავშირებით, თუმცა რა უნდა იყოს ეფექტური ზომა, ამაში არჩევანის თავისუფლებას გვაძლევს.
ეს შეიძლება იყოს:
- რეგულირება;
- თვითრეგულირება;
- შერეული რეგულირება.
მედიის რეგულირების გამოცდილება
საქართველოში რეგულირების პრაქტიკა 2007 წლამდე არსებობდა და ადმინისტრაციული ორგანოსგან რეგულირდებოდა ისეთი შინაარსობრივი საკითხები, როგორიც შეიძლება იყოს ჯეროვანი სიზუსტის დადგენა, სიძულვილის ენა, სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდება და ასე შემდეგ.თუმცა, 2007 წელს, ტელეკომპანია "იმედის" მაგალითმა გვაჩვენა, რამდენად საფრთხისშემცველი შეიძლება იყოს ეს მიდგომა მთავრობისთვის არასასურველი მედიებისთვის, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლომ "იმედს" ლიცენზია იმ მოტივით შეუწყვიტა, რომ "ტელეკომპანია 7 ნოემბრის არეულობის გაშუქებისას ხელისუფლების ჩამოგდების პროპაგანდას ეწეოდა".
სად არის გამოსავალი?
მედიის ადვოკატირების კოალიცია, რომელიც 16 ორგანიზაციისგან შედგება, კანონპროექტის მთავარ საფრთხედ მედიის თვითრეგულირებიდან სახელმწიფო რეგულირებაში გადატანას მიიჩნევს, რადგან “კომისიის მხრიდან შინაარსში ჩარევა ქმნის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდის რისკებს.”“შესაბამისად, პარლამენტმა კანონპროექტი შინაარსობრივ რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების გარეშე უნდა მიიღოს და შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს ისეთ ეფექტიან მექანიზმებზე, რომლებიც საფრთხეს არ შეუქმნის გამოხატვის თავისუფლებას.”
"მაუწყებლის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტის კომიტეტებში მომავალი კვირიდან დაიწყება.