თბილისში დაკავებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს
საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. სადიგოვი გუშინ, 3 აგვისტოს
შემდგომი ექსტრადირების მიზნით ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტმა დააკავა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავებას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები გამოეხმაურნენ.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ აფგან სადიგოვის დაკავებას გმობს და საქართველოს ხელისუფლებასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, ჟურნალისტი აზერბაიჯანს არ გადასცეს და ამით მისთვის პროფესიული საქმიანობის შეზღუდვას ხელი არ შეუწყოს.
„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ საქართველოში პროფესიული თემის წარმომადგენლებს მოუწოდებს, სოლიდარობა გამოიჩინონ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მიმართ, ინტენსიურად გააშუქონ მომხდარი შემთხვევა და ხელისუფლებას მოსთხოვონ პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რაც ამ დაკავების ირგვლივ არსებობს.
აღსანიშნავია, რომ ეს, თბილისში, აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის დაკავების პირველი შემთხვევა არ არის. 2017 წლის 29 მაისს, თბილისიდან გაუჩინარდა და მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა აფგან მუხთარლი".
ხელისუფლებას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გათავისუფლებისკენ მოუწოდა "მედიის ადვოკატირების კოალიციამ", რომელიც 16 უფლებადამცველ ორგანიზაციას აერთიანებს.
"გამოხატვის თავისუფლების, მათ შორის კრიტიკული აზრის დაცვა, ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა. მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს, როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეების უფლებები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში იმყოფებიან რეპრესიებისგან თავის დასაღწევად.
შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ გაათავისუფლოს აფგან სადიგოვი პატიმრობიდან და უზრუნველყოს ჟურნალისტის უფლებების დაცვა, მათ შორის, მისი სურვილის შემთხვევაში, მესამე უსაფრთხო ქვეყანაში გამგზავრება. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ არ დააკანონოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს ჟურნალისტის დაკავებას ექსტრადიციის მოტივით. Მსგავსი გადაწყვეტილება ხელყოფს ადამიანის უფლებებს და აღქმული იქნება პროფესიულ საქმიანობის გამო ჟურნალისტის დასჯის ლეგიტიმაციად".
დაკავებამდე, 18 ივლისს, აფგან სადიგოვმა ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა, რომ ქართველმა სამართალდამცველებმა თურქეთში გამგზავრების შესაძლებლობა არ მისცეს.
აფგან სადიგოვი მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია, ის აზერბაიჯანში ორჯერ დააპატიმრეს. სადიგოვების ოჯახი საქართველოში 2023 წლიდან ცხოვრობს.