საექსტრადიციო პატიმრობის გაუქმებაზე სადიგოვის საჩივარი სააპელაციომ განუხილველი დატოვა
15.08.2024

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გიორგი მიროტაძემ თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საექსტრადიციო პატიმრობის საჩივარი დაუშვებლად ცნო და საქალაქო სასამართლოს 4 აგვისტოს განჩინება, რომლის თანახმადაც აფგან სადიგოვს აღმკვეთი ღონისძიების სახით 3-თვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული, უცვლელი დატოვა. 

„მივიჩნევთ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი. საგანგაშოა, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა  ახალი გარემოება, კერძოდ სადიგოვმა საქართველოში საერთაშორისო თავშესაფარი მოითხოვა, რაც აჩერებს ექსტრადიციის პროცესს,“ - ნათქვამია „უფლებები საქართველოს“ განცხადებაში.
 
სადიგოვის ადვოკატის, „უფლებები საქართველოს“ წარმომადგენლის, დიმიტრი ნოზაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლებელია და ჯერი ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტზეა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. 

„მედიაჩეკერი“ სადიგოვის მეუღლეს, სევინჩ სადიგოვასაც დაუკავშირდა. მისი თქმით, სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გადაწერა და ჟურნალისტის საექსტრადიციო პატიმრობის საჩივარი დაუშვებლად ცნო.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციში 8 აგვისტოს გასაჩივრდა. ორგანიზაციის ადვოკატებმა პატიმრობის განჩინების გაუქმება მოითხოვეს და სასამართლოს ალტერნატივის სახით 2000 ლარის ოდენობის გირაო შესთავაზეს. სააპელაციო საჩივარს თან ერთოდა აფგან სადიგოვის განცხადება საქართველოს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის მიმართ, საქართველოში  საერთაშორისო თავშესაფრის მოთხოვნით.
 
თბილისში აერბაიჯანელი ჟურნალისტი ექსტრადირების მიზნით 3 აგვისტოს დააკავეს, მეორე დღეს კი აფგან სადიგოვს 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა.
 
სადიგოვის საქმის შესახებ დეტალები ვრცლად იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალაში - „სადიგოვის საქმე ვრცლად: საექსტრადიციო პატიმრობა სააპელაციოში გასაჩივრდა“
 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ