"ტელეკომპანია პირველი" ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს
ჟურნალისტებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. ტელევიზიის საინფორმაციო
სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის განცხადებით, გიორგი
კალანდარიშვილი შაბათის ეთერის გუნდს ცესკოს საქმიანობის შესახებ
მასალის მომზადების შეწყვეტას მუქარით აიძულებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა დღეს, 12 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე „ტვ პირველის“ მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების შესახებ პერსონალური ინფორმაციის სავარაუდოდ უკანონოდ დამუშავების მცდელობაზე ისაუბრა.
"ხსენებული მედიასაშუალების წარმომადგენლების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების თუ მათი ოჯახის წევრების მიმართ დასმული კითხვების შინაარსი და ფორმა შეუძლებელია, ემსახურებოდეს რაიმე საჯარო ინტერესს გარდა იმისა, რომ განხორციელდეს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების მმართველ პარტიასთან დაკავშირების მცდელობა, მიკერძოებულად მათი საქმიანობის წარმოჩენა მათი ნათესავების სხვადასხვა უწყებებში საქმიანობის ან შესაძლო საქმიანობის გამო და ამით დაზიანდეს საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაცია, რაც თავის მხრივ ხელს შეუშლის არჩევნების მოდერნიზების მნიშვნელოვან პროცესს და დააზიანებს საარჩევნო გარემოს".
კალანდარიშვილის თქმით, არც ნათესაური კავშირები და არც ოჯახის წევრების ან ნათესავების საქმიანობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, კანონით არ შეიძლება იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის არცერთი თანამშრომლის საქმიანობის შეფასების კრიტერიუმი.
"ტელეკომპანია პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით კი, ეს არის ტყუილი და თუ ჟურნალისტი ტელეფონის ნომერს ან მისამართს გაიგებს, რომ კითხვები დასვას და ფაქტები გადაამოწმოს, რომელიც კონკრეტულ მასალას ეხება, პეროსნალური მონაცემების უკანონო დამუშავება არ არის.
ცესკოს თავმჯდომარემ დღესვე თქვა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია თანამშრომლებზე ზეწოლას მათთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა ან სხვაგვარი ზემოქმედების მოხდენის მიზნით, არ დაუშვებს და ამ ინტერესების შელახვის ყოველ ფაქტთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას მიიღებენ.
"მომავალში ნებისმიერი მედიასაშუალების მხრიდან, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან კომუნიკაციისას, კანონისა და ეთიკის ნორმების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, იძულებულნი გავხდებით, გადავხედოთ თანამშრომლობის საკითხს, რაც იქნება მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისა და დასაქმებული თანამშრომლების შესახებ ამომრჩევლებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების წინაპირობა", - განაცხადა კალანდარიშვილმა.
"ტელეკომპანია პირველის" ჟურნალისტები, ცესკოს თავმჯდომარის ამ განცხადებას რეალურ მუქარად აღიქვამენ.
"ჩვენ მოვითხოვთ ამ ჩანაწერის მკაფიო განმარტებას, რას ნიშნავს თანამშრომლობის გადახედვა? ანუ აკრედიტაციის შეჩერებას? არჩევნების პროცესში ცესკოში და საარჩევნო უბენბზე აღარ შეგვიშვებენ, რომ არჩევნები აღარ გავაშუქოთ, თუ "ქართული ოცნების" მსგავსად ბოიკოტის რეჟიმში გადავლენ და კრიტიკული მედიის კითხვებს აღარ უპასუხებენ?" - ამბობს მელაძე
მისი შეფასებითვე, დიდია რისკი, რომ ერთი პარტიის ლეგიტიმაციით თანამდებობაზე არჩეულმა გიორგი კალანდარიშივლმა მედიაზე ანგარიშსწორებისთვის გამოიყენოს ამავე პარტიის კონტროლის ქვეს მყოფი სასამართლოს კლანი.
"მუქარის, დაშინების მცდელობის და შანტაჟის ნაცვლად მოვუწოდებთ ცენტრლაურ საარჩევნო ადმინისტრაციას და მათ თანამშრომლებს, უპასუხოს კითხვებს, რომელიც კონკრეტული მასალის მზადებას პროცესში მედიას აქვს", - განაცხადა მელაძემ.