23 ორგანიზაცია: „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი მედიას ცენზურას უწესებს
01.10.2024

ფოტო: ზურაბ ქურციკიძე

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა“ (IPI) 23 საერთაშორისო და ქართული ორგანიზაციის ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა.ისინი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოშიმიღებულ კანონს გმობენ და მიიჩნევს, რომ ლგბტ+ საკითხების თავისუფლად გაშუქების აკრძალვით, აღნიშნული ჰომოფობიური კანონი მედიას ცენზურას უწესებს. მათი თქმით, საქართველოს მთავრობამ კანონების გზით პრესისა და  გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმები უნდა შეწყვიტოს.

როგორც განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, მიღებული კანონი ხელს შეუშლის ჟურნალისტებს, თავისუფლად გააშუქონ ლგბტ+ საკითხები და გააჟღერონ თემის ხმა.

„კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას, რომელიც დაფიქსირებულია საქართველოს კონსტიტუციაში (მუხლი 17, მუხლი 21). გარდა ამისა, ისინი შეუთავსებელია გამოხატვის თავისუფლების პრინციპებთან, რომლებიც განმტკიცებულია საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებში, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში (მუხლი 10, მუხლი 11). 

„ქართული ოცნების“ მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ადამიანის უფლებების, მათ შორის პრესის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების მუდმივი თავდასხმა, რაც დემოკრატიის ფუნდამენტური საყრდენია,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

პარლამენტმა ჰომოფობიური და ცენზურის დამწესებელი საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით, 17 სექტემბერს მიიღო. მმართველი პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ერთი ძირითადი კანონპროექტისა და 18 მოქმედ კანონში შესატანი ცვლილებებისგან შედგება.

ძირითადი კანონი ოფიციალური სახელწოდებით, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ ინფორმაციის გავრცელებასაც არეგულირებს, ცვლილებები შედის „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც. 

„ქართულ ოცნებას“ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტებიც აქვს დაინიციირებული.


განცხადების ხელმომწერები:


  • პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI);
  • პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF);
  • ARTICLE 19 Europe;
  • ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია (EFJ);
  • Free Press Unlimited (FPU);
  • ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი;
  • D84 Association/daktilo1984;
  • იუსტიციის ფონდი ჟურნალისტებისთვის (JFJ);
  • მედიისა და სამართლის შემსწავლელი ასოციაცია (MLSA);
  • სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მედია ორგანიზაცია (SEEMO);
  • OC მედია;
  • ევროპელი ჟურნალისტების ასოციაცია ბელგიაში (AEJ Belgium);
  • მედია მრავალფეროვნების გლობალური ინსტიტუტი;
  • IMS (საერთაშორისო მედია მხარდაჭერა);
  • Community Media Forum Europe (CMFE);
  • რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF);
  • მედია აპრილი;
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია (GCJE);
  • ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი;
  • IFEX;
  • ჟურნალისტთა საზოგადოება (ვარშავა);
  • ინდექსი ცენზურის შესახებ;
  • სამოქალაქო უფლებების დამცველები.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ