„მედიაომბუდსმენის“ ანგარიშის მიხედვით, “მედიაკრიტიკის” პლატფორმაზე კვლავ ხელისუფლების პოლიტიკური ხედვების ანარეკლები იკვეთება. ორგანიზაციამ კომუნიკაციების კომისიის ერთ-ერთი პლატფორმის სექტემბერის თვის მასალები მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში შეისწავლა.
„მედიაომბუდსმენის“ შეფასებით, გასულ თვეში “მედიაკრიტიკის” მასალები შიდა და საერთაშორისო პოლიტიკის თემებზე მმართველი პარტიის „ქართული ოცნებისეული“ დამოკიდებულებების გაგრძელებას ჰგავდა.
„საერთაშორისო ნაწილში, „მედიაკრიტიკის“ პლატფორმის მთავარი „სამიზნე“ ამერიკული დემოკრატია და მართვის სისტემის შესახებ შეთქმულების თეორიების გაძლიერება იყო, ეროვნულ დონეზე კი პლატფორმა აკრიტიკებდა ჟურნალისტებს ანტიკორუფციული სამსახურის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციის დასჯის და ლავროვის საპასუხოდ „ქართული ოცნების“ დადებითი განწყობების გაშუქების გამო“.
როგორც „მედიაომბუდსმენის“ ანგარიშში ვკითხულობთ, „მედიაკრიტიკის“ სოციალური გვერდის მეშვეობით კრიტიკული მედიასაშუალებების ჟურნალისტების მისამართით აგრესიისა და ნეგატიური განწყობების ტირაჟირებაც ხდება.
ამერიკაში მიმდინარე პროცესების უარყოფითი წარმოჩენით, კომენტარების მნიშვნელოვანი ნაწილი ამერიკული დემოკრატიის მიმართ დეზინფორმაციის ხელშემწყობიც გახდა. თავად “მედიაკრიტიკა” კი, აუდიტორიასთან უკუკავშირის ხერხებს არასდროს იყენებს, არ შეიმჩნევა ფილტრაციის რაიმე წესიც.
„ამდენად, გამოქვეყნებულ მასალებში ნათლად ჩანს, რომ კრიტიკას უმეტესად გააჩნია პოლიტიკური დატვირთვა და პლატფორმა ცდილობს თავისი როლი შეასრულოს საზოგადოების აზრის ფორმირებაში. იმავდროულად, ასეთი სარედაქციო პოლიტიკა კვლავ აჩენს უცვლელ კითხვებს - ვისი ინტერესების დაცვას ემსახურება კომუნიკაციების კომისიის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პლატფორმით გავრცელებული კრიტიკა?“
„მედიაომბუდსმენის“ ანგარიშის მიხედვით, „მედიაკრიტიკამ“ სექტემბერში 11 მასალა გამოაქვეყნა, საიდანაც ოთხი ამერიკაში განვითარებული პროცესების უარყოფით კონტექსტში წარმოჩენას ემსახურებოდა, 5 მასალა კრიტიკული ტელევიზიების შესახებ მომზადდა, თითო-თითო სტატია კი, ტელეკომპანია „იმედსა“ და „ზოგადი შინაარსის“ მასალას მიეძღვნა.
„მედიაომბუდსმენი“ წინასაარჩევნო მონიტორინგს ფარგლებში, comcom-ისა და მასთან დაკავშირებული "მედიააკადემიისა" და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის საქმიანობას აკვირდება.
კომუნიკაციების კომისიამ “მედიააკადემია” 2018 წელს დააფუძნა. “მედიაკრიტიკა” კი მისი ერთ-ერთი პლატფორმაა.
მითების დეტექტორი: რას ხედავს ComCom-ის
“მედიაკრიტიკა” დასავლეთში და რას ვერ ხედავს
საქართველოში? :
https://www.mediachecker.ge/ka/mediagaremo/article/98307-mithebis-deteqtori-ras-khedavs-comcom-is-mediakritika-dasavlethshi-da-ras-ver-khedavs-saqarthveloshi