საარჩევნო დებატები ჯერ არ დაწყებულა, 1TV-ის გადაცემების ნაწილი რადიოეთერით გადის
07.10.2024


„საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ ახალი სეზონი განსხვავებული ფორმატით დაიწყო. მისი გადაცემების ნაწილი რადიოში ინტეგრირდა, „რეალური სივრცე“ კი, „საქართველოს რადიოს“ ეთერში უცვლელი სახით გადის.

ტელევიზიის მიერ „მედიაჩეკერისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დილის და შუადღის გადაცემები ( „ახალი დღე“, „ამ შაბათ-კვირას“) რადიოს დილის, შუადღის და საღამოს „პიკის საათში“ ინტეგრირდა. დილის „პიკის საათშია“ ინტეგრირებული გადაცემა „პირადი ექიმი მარი მალაზონიაც“. 1TV-ის ეთერში გასული გადაცემების ნაწილი [საინფორმაციო, საარჩევნო და სპორტული გადაცემების გარდა] კი, ჩაწერილია წინსწრებით.

„საზოგადოებრივი მაუწყებელის“ პრესსამსახურის წარმომადგენლის, დეა გველებიანის თქმით, ამ ცვლილებების მიზეზი ტელევიზიის ახალ შენობაში გადასვლის პროცესია. 

„მშენებლობა დასრულდა აგვისტოში. ახლა მიმდინარეობს ტექნიკის გადატანა. შემდეგ უკვე ადამიანური რესურსიც გადავა და ეს ეტაპი არის გარდამავალი“.

ეთერში განახლებული ფორმატით გავა გადაცემა „აკუსტიკაც“, რომელსაც გიორგი ასანიშვილი (პროექტის ავტორი, მთავარი პროდიუსერი) და სოფო გორელაშვილი (მსახიობი) წაიყვანენ.

„აკუსტიკის“ წამყვანები მებო ნუცუბიძე და მაკო მჭედლიშვილი იყვნენ, თუმცა, 26 ივლისს ნუცუბიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ჩვენთვის აბსოლუტურად მოულოდნელად დასრულდა ჩვენი აკუსტიკური მოგზაურობა".

რაც შეეხება წინასაარჩევნო გადაცემებს, „არჩევნები 2024“ მაკა ცინცაძესთან ერთად ხვალიდან, 8 ოქტომბრიდან დაიწყება. კვირაში ორჯერ გადის გადაცემაც - „ყველა შეკითხვა ცესკო-ს“.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში ჯერ არ გადის წინასაარჩევნო დებატები, რომლის ანონსიც, ტელევიზიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მალე დაიდება. 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია: „საუკეთესო დროს გადასცეს ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები, ხოლო საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას – აგრეთვე წინასაარჩევნო დებატები“.

ტელევიზია აწარმოებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქების შიდა მონიტორინგსაც.

„ამასთანავე, აღვნიშნავთ, რომ მაუწყებლის მიერ წინასაარჩევნო მონიტორინგის წარმოება, პირველ რიგში, ხაზს უსვამს პოლარიზებული პოლიტიკური და მედიაგარემოს პირობებში მიუკერძოებელი და დაბალანსებული გაშუქების ობიექტურ და ფაქტობრივ მონაცემებზე დაფუძნებული მონიტორინგის აუცილებლობას,“ - ვკითხულობთ „პირველი არხის“ განცხადებაში. 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ ივლისში, პარლამენტში გამართული ტელევიზიის 2023 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ თქვა, რომ არხს ახალი შენობა (პოლიტკოვსკაიას ქ. N31-ში) 2024 წლის 28 აგვისტოს ჩაბარდებოდა, პროცესი კი დეკემბერში დასრულდება.

BMG-ის ინფორმაციით, კოსტავას 68-ში მდებარე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი, 2022 წლის სექტემბერში, 65 100 000 ლარად გაიყიდა. მაუწყებლის შენობა „ვისოლ ჯგუფმა“ შეიძინა.

ახალი შენობის ღირებულება კი, როგორც ვასილ მაღლაფერიძემ 2023 წელს, საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, 85 263 621 ლარია.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ