თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის
ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მისი მეუღლის, სევინჩ სადიგოვას
თქმით, მას ციხიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ სადიგოვი
საავადმყოფოშია გადაყვანილი.
„აფგანი ძალიან ცუდად არის. ციხიდან დამიკავშირდა მამაკაცი და მითხრა, რომ თქვენი მუეღლე საავადმყოფოში გადაიყვანესო. მისი მდგომარეობა მძიმეა. ეს არის უკანასკნელი ცნობა. დაახლოებით ერთი საათის წინ დამირეკეს. ახლა არ ვიცი, სად არის, როგორ არის. მასთან დალაპარაკება მინდოდა, მაგრამ უფლებას არ მაძლევენ - გვიანია. მითხრეს, რომ ზეგ შევძლებ დალაპარაკებას. მე ვკითხე, რატომ არ შეიძლება ხვალ. არ ვიცი, შეიძლება ძალიან ცუდად არის და ლაპარაკი არ შეუძლია. მე ვიცი, რომ ცუდად არის. 4 ოქტომბერს ვნახე და ცუდად იყო. ახლა მგონია, რომ საერთოდ გონზე არ არის“, - ამბობს სადიგოვა „მედიაჩეკერთან“ საუბრისას.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელიც.
„როგორც მოსალოდნელი იყო, აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.
მეუღლეს ახლა შეატყობინეს, რომ ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს დაუძლურებული პატიმარი.
არაადამიანურია, რაც ამ პატიოსანი ჟურნალისტის და მისი ოჯახის თავს ხდება. ორივე მთავრობას დანაშაულებრივად აქვს პირი შეკრული ჟურნალისტების ოჯახის წინააღმდეგ და ყველაფერს კადრულობს.
მნიშვნელოვანია, ჩვენმა საზოგადოებამ ერთსულოვანი სოლიდარობა ვაჩვენოთ სადიგოვების ოჯახის მიმართ“, - წერს თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში.
აფგან სადიგოვს შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი 16 სექტემბერს უთხრა. 21 სექტემბრიდან კი, ჟურნალისტმა შიმშილობა დაიწყო.
სადიგოვს საქალაქო სასამართლომ 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა 4 აგვისტოს შეუფარდა. ჟურნალისტი წინა დღეს, 3 აგვისტოს, შემდგომი ექსტრადირების მიზნით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა დააკავა. საქალაქო სასამართლოს 4 აგვისტოს განჩინება უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბრიდან იმყოფება და მას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობა აქვს.
აფგან სადიგოვის შესახებ ვრცლად იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალებში:
- აფგან სადიგოვის დაკავებიდან 2 თვე გავიდა, ჟურნალისტი მე-13 დღეა შიმშილობს
- სადიგოვის საექსტრადიციო პატიმრობიდან 1 თვე გავიდა - ჟურნალისტი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოინახულეს
- მიგრაციის დეპარტამენტმა სადიგოვს პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა
- საექსტრადიციო პატიმრობის გაუქმებაზე სადიგოვის საჩივარი სააპელაციომ განუხილველი დატოვა
- სადიგოვის საქმე ვრცლად: საექსტრადიციო პატიმრობა სააპელაციოში გასაჩივრდა