„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ ინფორმაციით, ჩეხი ჟურნალისტი სასაზღვრო ზონაში იმყოფება
23.10.2024


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ჩეხი/ბრიტანელი ჟურნალისტის საქართველოში არ შემოშვების ფაქტს ეხმაურება და შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებს. 

გუშინ, 22 ოქტომბერს ჩეხმა ჟურნალისტმა, რეი ბეისლიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ იგი ქვეყანაშო ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე არ შემოუშვეს. „სტუდია მონიტორის“ ინფორმაციით, ბოლოს ბეისლიმ მათ შეატყობინა, რომ ტელეფონის ჩამორთმევას უპირებდნენ. ამის შემდეგ კი, მასთან კონტაქტი შეწყდა. ჩეხი ჟურნალისტის მიერ „სტუდია მონიტორისთვის“ გამოგზავნილ დოკუმენტში შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში შემოსვლაზე უარის საფუძვლად მითითებული აქვს: „არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს“.

როგორც „სტუდია მონიტორი“ წერს, ინფორმაციის გადამოწმება ყველა უწყებაში სცადეს, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა „მედიაჩეკერმაც“. უწყების პრესსამსახურის წარმომადგენელმა რედაქციას განუმარტა, რომ ინფორმაციას  ელოდებიან და თავად დაგვიკავშირდებიან.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ ინფორმაციით კი, ჩეხი ჟურნალისტი სასაზღვრო ზონაში იმყოფება. [განცხადების გამოქვეყნების მომენტისთვის].

„აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა უცხოელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს. მხოლოდ სექტემბერში მსგავსი საფუძვლით საზღვრის კვეთაზე უარი მიიღო ორმა უცხოელმა ჟურნალისტმა.

რეი ბეისლი საქართველოში ბოლოს გაზაფხულზე იმყოფებოდა, რა დროსაც აქტიურად აშუქებდა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს.

რუსული კანონის შემობრუნების შემდგომ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის სწრაფი ტემპით გაუარესებამ საქართველო მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოაქცია. ინტერესი გამორჩეულად მაღალია 26 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების მიმართაც, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს რეფერენდუმს საქართველოს გეოპოლიტიკურ ორიენტაციის თაობაზე.

საქართველოს ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა, კანონის ფარგლებში უზრუნველყოს ყველა ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტის წვდომა იმ ტერიტორიებსა და ინფორმაციაზე, რაც მათ საქართველოში მიმდინარე არჩევნების გასაშუქებლად სჭირდებათ. ის, თუ როგორ მოექცევა საქართველოს ხელისუფლება უცხოელ ჟურნალისტებს, აუცილებლად მოახდენს გავლენას არჩევნების ხარისხზე და საერთაშორისო ორგანზაციების შეფასებებშიც აირეკლება“, - ვკითხულობთ „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ განცხადებაში.

ორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შემოუშვას ჩეხი/ბრიტანელი ჟურნალისტი რეი ბეისლი საქართველოში, რომ მან პროფესიული მოვალეობის შესრულება შეძლოს.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ წევრობაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომლის ხელმომწერიც 300-ზე მეტი ჟურნალისტია.

აღსანიშნავია, რომ 17 სექტემბერს საზღვრის კვეთის უფლება არ მისცეს ქართულ-სომხური მედიაგამოცემა Aliq Media-ს დამფუძნებელსა და ერთ-ერთ რედაქტორს არსენ ხარატიანს, რომელიც ლუქსემბურგიდან თბილისში მოფრინავდა და მეორე დღეს სომხეთში უნდა წასულიყო. ერთი დღით ადრე კი, ქვეყანაში არ შემოუშვეს საქართველოში მცხოვრები ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი, ანდრეი მიალეშკა. ამ შემთხვევებშიც ჟურნალისტებს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი იდენტური: „არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს“  საფუძვლით ეთქვათ.

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ (IPI) 19 სექტემბრის ინფორმაციით, 2022 წლიდან სულ მცირე 12 შემთხვევა დაფიქსირდა, როცა ქვეყანაში შემოსვლაზე უცხოელ ჟურნალისტებს უარი ეთქვათ.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ