თბილისის საქალაქო სასამართლომ „იმედი“ და „რუსთავი 2“ „ძლიერი
საქართველოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ ფასიანი პოლიტიკური
რეკლამის განუთავსებლობისთვის 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა და
ვიდერგოლის ეთერში განთავსება დაავალა. კომუნიკაციების კომისიამ
ტელეკომპანიებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები 23
ოქტომბერს შეუდგინა.
ComCom-ის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები წინასაარჩევნო პერიოდში სასამართლოში იგზავნება და საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო შემჭიდროვებულ ვადაში (2 დღე) იღებს.
კომისიის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების საჩივრების მიხედვით, მიუხედავად ტელევიზიებისთვის ფასიანი პოლიტიკური რეკლამის წარდგენისა და ამ საკითხზე ComCom-ისა და სასამართლოს გადაწყვეტილებებისა, რომლის ფარგლებშიც ორივე ტელევიზია ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის კანონდამრღვევებად უკვე სცნეს, მაუწყებლები პარტიების მიერ მიწოდებულ ფასიან პოლიტიკურ რეკლამას არ ათავსებდნენ.
3 ოპოზიციური ძალის: „ძლიერი საქართველო“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური რეკლამების განუთავსებლობისთვის სასამართლომ ათ დღეში „იმედი“ და „რუსთავი 2“ ოთხ-ოთხჯერ, ჯამში 20-20 ათასი ლარით დააჯარიმა.
22 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“ 5 000 ლარით დააჯარიმა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ უფასო პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის.
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ უფასო პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის სასამართლომ 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა „იმედი“, POSTV და „მაესტროც“.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „იმედი“ და „რუსთავი 2“ 5-5 ათასი ლარით ორჯერ დააჯარიმა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვისაც.
„გახარია საქართველოსთვის“ კომუნიკაციების კომისიას უჩივლა სასამართლოშიც.
10 ოქტომბერს „იმედმა“ გამოაქვეყნა განცხადება, რომ სანამ „მთავარი“, „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ „ქართული ოცნების“ ვიდეოებს ეთერში არ გაუშვებდა, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ რეკლამებს ისიც აღარ განათავსებდა. „იმედის“ გადაწყვეტილება გაიზიარა „პოსტვ“-მაც.