აფგან სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით გაუხანგრძლივდა
01.11.2024


თბილისში დაკავებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით გაუხანგრძლივდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხი დღეს, 1 ნოემბერს განიხილა. 

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, რომელიც სადიგოვის ინტერესებს იცავს, დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეული საექსტრადიციო პატიმრობის გაუქმებას და ჟურნალისტის მიმართ პირადი თავდებობისა და გირაოს გამოყენებას ითხოვდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, აფგან სადიგოვის თავდებობის მზადყოფნას გელა მთივლიშვილი, მარიამ ნიკურაძე და ნინო კახიაშვილი გამოხატავდნენ.

ორგანიზაციის განცხადებით, მათ სასამართლოს წარუდგინეს მტკიცებულებები, რომლებიც, ერთი მხრივ, ადასტურებს აფგან სადიგოვის მიმართ აზერბაიჯანში წარდგენილი ბრალდების აშკარა უსაფუძვლობას და, მეორე მხრივ, აჩვენებს აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან პროფესიული საქმიანობის გამო მისი დისკრიმინაციული დევნის დასაბუთებულ ვარაუდს. „ამასთან, ორგანიზაციამ წარადგინა სამედიცინო დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებს უკანონო პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობას და მის გაქცევის და მართლმსაჯულებისთვის ხელისშეშლის არგუმენტის არარელევანტურობას“.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელის, თამთა მიქელაძის თქმით, აზერბაიჯანის მხარე სადიგოვს ედავება 6000 მანათის გამოძალვას ერთ-ერთი ჩინოვნიკისგან. საქმე ეხება ინციდენტს, სადაც ამ ჩინოვნიკმა საკუთარი დაბადების დღე „კანონიერი ქურდის“ გამოსახულებიანი ტორტით აღნიშნა.

„აზერბაიჯანის გამოძიების მტკიცებით, სადიგოვმა აგვისტოში დაურეკა ჩინოვნიკს გამოძალვის მიზნით. თუმცა, ჩვენ დავადგინეთ, რომ ეს ვიდეომასალა ჯერ კიდევ ივლისში აქტიურად ვრცელდებოდა სოციალურ ქსელებში და მას უკვე მრავალი ადამიანი იცნობდა, რაც გამორიცხავს კომპრომატის რეალურ შესაძლებლობას.

ანუ ადამიანს, რომელსაც გაჩუმებისთვის ათიათასობით დოლარს სთავაზობდნენ და არასდროს გაჩუმდა, ახლა ედავებიან იმაში, რომ თურმე უკვე გავრცელებული ვიდეოთი ანუ კომპრომატის არ არსებობის პირობებში ჩინოვნიკს 6000 მანეთს არათმევდა.  როგორი ირონიულია!“წერს მიქელაძე.

აფგან სადიგოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა 4 აგვისტოს შეუფარდა. ჟურნალისტი წინა დღეს, 3 აგვისტოს, შემდგომი ექსტრადირების მიზნით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა დააკავა. საქალაქო სასამართლოს 4 აგვისტოს განჩინება უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.  

აფგან სადიგოვს შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი 16 სექტემბერს უთხრა. 21 სექტემბრიდან კი, ჟურნალისტმა შიმშილობა დაიწყო და  42-ე დღეა შიმშილობს. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბრიდან იმყოფება და მას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობა აქვს. აფგან სადიგოვი ონლაინ მედია “Azel.Tv”-ის მთავარი რედაქტორია. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ