დღეს, 6 ნოემბერს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან თბილისში
დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის მეუღლე და
არასრულწლოვანი შვილები მივიდნენ.
სევინჩ სადიგოვას თქმით, ის ირაკლი კობახიძესთან და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვდა:
„დღეს ვიყავი კანცელარიასთან პროტესტის გასამართად იმიტომ, რომ ისინი კლავენ ჩემს ქმარს. როგორც იცით, ჩემი ქმარი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ვითხოვდი, რომ ივანიშვილი და კობახიძე შემხვედროდნენ, რადგან აქ ყველაფერს ივანიშვილი მართავს. ის და ილჰამ ალიევი დიქტატორები არიან. ივანიშვილი ბრძანებას იღებ“.
აფგან სადიგოვი 21 სექტემბრიდან შიმშილობს. მას საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით 1 ნოემბერს გაუხანგრძლივდა. სადიგოვს შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი 16 სექტემბერს უთხრა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა 4 აგვისტოს შეუფარდა. ჟურნალისტი შემდგომი ექსტრადირების მიზნით წინა დღეს, 3 აგვისტოს დააკავეს. საქალაქო სასამართლოს 4 აგვისტოს განჩინება უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.
აფგან სადიგოვი საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბრიდან იმყოფება და მას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობა აქვს. აფგან სადიგოვი ონლაინ მედია “Azel.Tv”-ის მთავარი რედაქტორია.