საია: „ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის შემთხვევაში, აუცილებელია, სახელმწიფომ უზრუნველყოს პასუხისმგებელ პირთა დასჯა გამჭვირვალე და სწრაფი პროცედურებით“
19.11.2024


„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მელიქიშვილის გამზირზე მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებს ეხმაურება. 

საია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, „შეწყვიტოს  აქციის მონაწილეთა მიმართ ძალის გამოყენების და მათი უკანონო დაკავების პრაქტიკა, გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული პირები.  აქციაზე მყოფ მედიის წარმომადგენლებს ხელი არ შეუშალოს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში. დროულად გაასაჯაროოს დაკავებულ პირთა რაოდენობის და ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია“.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კი - „დროულად გამოიძიოს მედიის წარმომადგენელების და დემონსტრანტების დაკავებისა და მათზე სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებული ძალადობისა და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისს ფაქტები. ასევე, გატარებული ღონისძიებების შესახებ უზრუნველყოს საზოგადოების დროული ინფორმირება“.

ორგანიზაციის განცხადებით, დემოკრატიულ საზოგადოებაში მედია, როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტი, სასიცოცხლო როლს ასრულებს:

„საზოგადოებრივ ინტერესს მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის და იდეების მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად გავრცელება მედიის წარმომადგენლების მნიშვნელოვან მოვალეობას წარმოადგენს, ხოლო საზოგადოებას, თავის მხრივ, გააჩნია მსგავსი სახის ინფორმაციის მიღების უფლება. მედიის „ძირითადი ფუნქცია“ ასევე მოიცავს საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ხასიათის შეკრებებისა და მანიფესტაციების გაშუქებას და აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს როგორც აქციის ორგანიზატორების და მონაწილეების, ასევე, სამართალდამცავი პირების ქმედებების შესაფასებლად და, ამასთან, ხელი შეუწყოს ამ საკითხზე საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას. სამართალდამცავები ვალდებულნი არიან, აქციის მიმდინარეობისას მედიის წარმომადგენლებს ხელი არ შეუშალონ მუშაობის პროცესში, არამედ, პირიქით, ხელი შეუწყონ მიმდინარე მოვლენების გაშუქებაში.

მსგავსი ღონისძიებები, რომლებითაც ხელი ეშლებათ ჟურნალისტებს თავიანთი სამუშაოს შესრულებაში, არღვევს საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას. ამასთან, დაუშვებელია ჟურნალისტის და მედიის სხვა წარმომადგენლების აღჭურვილობის, მათ შორის, გადაღებული კადრების მიზანმიმართულად ჩამორთმევა ან/და დაზიანება. მსგავსი ტიპის ქმედებები წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტებით აკრძალულ პრაქტიკას და, შესაძლოა, აღქმული იყოს, როგორც მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ცენზურა. საერთაშორისო სტანდარტების მსგავსად, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლა, მათ შორის ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით დასჯად ქმედებასაც.

ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის შემთხვევაში, აუცილებელია, სახელმწიფომ უზრუნველყოს პასუხისმგებელ პირთა დასჯა გამჭვირვალე და სწრაფი პროცედურებით. სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარისი ძალისხმევის გამოჩენა, მათ შორის, გამოძიების გაჭიანურება და დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიუცემლობა აღვივებს დაუსჯელობის სინდრომს, ახალისებს ჟურნალისტებისა და მედიის სხვა წარმომადგენლების მიმართ ძალადობას და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას.

ამასთან გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ მედიის წარმომადგენელთა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით წინა წლებში დაწყებული ტენდენცია ,,რუსული კანონის“ ინიცირების შემდეგ საგრძნობლად გაუარესდა. კიდევ უფრო გახშირდა ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ჩარევისა და ხელშეშლის შემთხვევები. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ამასთან დაკავშირებით წარმოებული გამოძიება მნიშვნელოვანი გამოწვევებით ხასიათდება. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უმოქმედობა და არაეფექტიანი გამოძიება, ახალისებს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შემთხვევებს“.

დღეს, 19 ნოემბერს პოლიციამ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი აქცია ძალის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც 4 ჟურნალისტი დაშავდა. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე კი ძალის გამოყენებით დააკავეს. ბარამიძე მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

• პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად იძალადეს და დააკავეს “მთავარი არხის” ოპერატორი სერგი ბარამიძე;

• სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს “პუბლიკას” ჟურნალისტს მინდია გაბაძეს.

• სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა ხელი შეუშალეს OC Media-ს ჟურნალისტს, მარიამ ნიკურაძეს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში;

• სამართალდამცველებმა Netgazeti-ს კორესპონდენტს, გივი ავალიანს არ მისცეს გადაღების საშუალება.



ასევე ნახეთ:

მედია ჩეკერი „მედიაომბუდსმენი“ შსს-ს მოუწოდებს, შეაჩეროს მედიასა და აქციის მონაწილეებზე ძალადობა


მედია ჩეკერი ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, შეწყვიტოს ჟურნალისტებზე ანგარიშსწორება

მედია ჩეკერი კოალიცია: ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ განხორციელებული ძალადობა პრესის თავისუფლებისა და დემოკრატიული პრინციპების წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია


კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ