28-29 ნოემბრის ღამეს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის
დარბევისას ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს ტელეკომპანია „ფორმულა“
ეხმაურება.
ტელეკომპანიის განცხადებით, მშვიდობიან სახალხო დემონსტრაციას ივანიშვილის რეჟიმმა არაპროპორციული ძალის გამოყენებითა და განსაკუთრებული სისასტიკით უპასუხა. საპოლიციო შენაერთები კი, განსაკუთრებით სასტიკები ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ იყვნენ.
„მძიმე დაზიანებები აქვს ჩვენი არხის წამყვანს, ჟურნალისტ გურამ როგავას, რომელიც პროფესიული მოვალეობის განხორციელების მომენტში, ღია ეთერში, ნიღბიანი სპეცრაზმელის სასტიკი თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ეს ფაქტი აღბეჭდილია რამდენიმე ვიდეო კამერის მიერ რამდენიმე განსხვავებული რაკურსით, რომლითაც მტკიცდება რომ გურამ როგავა ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას, არანაირ შემხებლობაში არ იყო საპოლიციო შენაერთებთან და არ მონაწილეობდა არცერთ არასამართლებრივ აქტშია“.
„ფორმულას“ განცხადების მიხედვით, ვინაიდან მედიის წარმომადგენლებზე ხელისუფლების მიერ წახალისებული და განხორციელებული არცერთი შემთხვევა სათანადოდ არ იქნა გამოძიებული და დამნაშავე სათანადოდ დასჯილი, „ფორმულას“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის არ მიუმართავს.
„დამოუკიდებელმა ჟურნალისტურმა გამოძიებებმა ცხადყო, რომ სპეციალური სამსახურები თავად იყვნენ ჩართული მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმების ორგანიზებასა და უზრუნველყოფაში. ვითარებას ამძიმებს ის, საპოლიციო შენაერთები ერთმანეთისგან არ განირჩევიან რაიმე ცხადი ნიშნით, მათი როგორც უწყებრივი, ისე პერსონალური იდენტიფიცირება შეუძლებელია“.
ტელეკომპანია საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს, მკაცრი რეაგირება მოახდინონ საქართველოში რუსული მოდელის ავტორიტარული სისტემის შემქმნელებისა და მათი უკანონო ბრძანებების შემსრულებელი პირების მოქმედებებზე.
„საქართველო თავისუფალი ხალხის ქვეყანაა, სადაც მედია, როგორც თავისუფალი პროფესია ყოველთვის იყო, არის და იქნება სახელმწიფო, პროფესიული, თუ პერსონალური თავისუფლებისთვის ბრძოლის ავანგარდში.
ჩვენი დაშინება და შანტაჟი შეუძლებელია. ამ ბრძოლაში ქართული საზოგადოების მხარდაჭერა და სოლიდარობა გვაძლიერებს. დარწმუნებული ვართ, ეს ბრძოლა, ბოლო დიდი რისკებით სავსე ძალისხმევა იქნება, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს, შესაბამისად ავტოკრატული, კრიმინალური მმართველობისგან დაცულ ჟურნალისტურ დამოუკიდებლობას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
ვიბრძოლებთ დამნაშავეების პასუხისგებისთვის და სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა ჩვენს კოლეგას ამ ღირსეული მისიის შესრულებისას მიღებული ტრავმების გამო“.
28-29 ნოემბრის ღამეს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დარბევისას 40-მდე ჟურნალისტი დაშავდა. შსს-ის ძალები მედიის წარმომადგენლების მიმართ მიზანმიმართული აგრესიით გამოირჩეოდნენ, ჟურნალისტების ნაწილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილს კი სპეციალური საშუალებები, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი შეასხეს. მათ უმრავლესობას დასჭირდა სამედიცინო დახმარებაც. ნაწილს დაუზიანეს ანდა წაართვეს აღჭურვულობა.
28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც საპროტესტო აქცია მოჰყვა.
დაშავებული ჟურნალისტების შესახებ, იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალა - გუშინდელი საპროტესტო აქციის დარბევისას 40-მდე ჟურნალისტი დაშავდა