რეჟიმის მხრიდან მედიის წინააღმდეგ მიმართული ამგვარი ორგანიზებული ძალადობა ავტორიტარული რეჟიმის დამყარების მცდელობაა, - „მედიის ადვოკატირების კოალიცია“
29.11.2024

„მედიის ადვოკატირების კოალიციის“ განცხადებით, 28-29 ნოემბრის ღამე საქართველოს უახლეს ისტორიაში შევა, როგორც „ქართული ოცნების“ ხელით მედიის წინააღმდეგ განხორციელებული მორიგი სისტემური ძალადობის აქტი. 

„რეჟიმის მხრიდან მედიის წინააღმდეგ მიმართული ამგვარი ორგანიზებული ძალადობა ავტორიტარული რეჟიმის დამყარების მცდელობაა.

28 ნოემბერს საქართველოს მოსახლეობა „ქართული ოცნების“ მხრიდან არჩევნების გაყალბების შემდეგ, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას აპროტესტებდა. პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევისას ძალოვნებმა ჟურნალისტების, ფოტოგრაფების, ოპერატორების წინააღმდეგ დამსჯელობითი ოპერაცია განახორციელეს – დაშავდა და პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეეშალა მედიის  30-ზე მეტ წარმომადგენელს. შემთხვევათა სია მზარდია. 

სპეცრაზმელები მიზანმიმართულად ესხმოდნენ თავს მედიის წარმომადგენლებს, პროფესიული ნიშნებით იდენტიფიცირების მიუხედავად. პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ჟურნალისტების ცემის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, დაკავებისა და მათი პროფესიული აღჭურვილობის დაზიანება/წართმევის შემთხვევები, რომლის მიზანია მედიის მუშაობის შეგნებულად შეფერხება“.  

კოალიციის შეფასებით, ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობა და მათი პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა ზიანს აყენებს არა მხოლოდ მედიას, არამედ საზოგადოების თითოეულ წევრს, რომელსაც აქვს უფლება, მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმირებული იყოს. 

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“, რომელიც ადამიანის უფლებების დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს, სამართალდამცველებს მოუწოდებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები და დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა.

28-29 ნოემბრის ღამეს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დარბევისას 40-მდე ჟურნალისტი დაშავდა. შსს-ის ძალები მედიის წარმომადგენლების მიმართ მიზანმიმართული აგრესიით გამოირჩეოდნენ, ჟურნალისტების ნაწილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილს კი სპეციალური საშუალებები, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი შეასხეს. მათ უმრავლესობას დასჭირდა სამედიცინო დახმარებაც. ნაწილს დაუზიანეს ანდა წაართვეს აღჭურვულობა. 

28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც საპროტესტო აქცია მოჰყვა. 

 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ