ირინა ყურუა: ლადო ტატიშვილმა „სათქმელის“ და სხვა გადაცემების
გაჩერების საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო საზოგადოებრივი
მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის რედაქტორისა და წამყვანის, ირინა ყურუას
განცხადებით, ტელეკომპანიის
დირექტორმა, ლადო ტატიშვილმა გადაცემა „სათქმელისა“ და სხვა
გადაცემების გაჩერების საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ამის შესახებ
დღეს მას ტატიშვილმა პირისპირ შეხვედრისას დაუდასტურა.
„მეგობრებო, ხუთშაბათს, 21:00-ზე ვეღარ შეგხვდებით აჭარის ტელევიზია • Ajara TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი -ის პირდაპირ ეთერში. ბოდიშს გიხდით, რომ უკვე ვერ შემოგთავაზებთ განსხვავებულ მოსაზრებებს, კრიტიკულ აზრს, საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ადამიანების ანალიზს...
ბოდიში, რომ კონსტიტუციის დაცვის საშუალება ამჯერად არ მეძლევა..
ბოდიში, რომ ვეღარ ვიცავ კანონს "მაუწყებლობის შესახებ" და ვეღარ ვასრულებ ვალდებულებებს, რომელიც პირველ რიგში, საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებას გულისხმობს...
ბოდიში, რომ ამ კვირის ხუთშაბათს პირდაპირი ეთერიდან უკვე ვერ გეტყვით, რომ რუსეთი ოკუპანტია; რომ მიუღებელია ძალადობა მედიაზე, საკუთარ მოქალაქეებზე, ახალგაზრდებზე;
გადაცემა "სათქმელის" და სხვა გადაცემების გაჩერების საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და დღეს პირისპირ შეხვედრისას დამიდასტურა დირექტორმა - ლადო ტატიშვილმა.
ვფიქრობ, რომ ახლა როგორც არასდროს, უნდა მოვიკრიბოთ პროფესიონალიზმი და საზოგადოებას კი არ დავემალოთ, არამედ, ყველა გადაცემიდან ველაპარაკოთ სიმართლეზე და რისკებზე.
გაჩერებულია ყველა გადაცემა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. მუშაობს მხოლოდ საინფორმაციო სამსახური და საინფორმაციო გამოშვება.
რა იქნება მომავალ კვირას ან ზოგადად - მომავალში, გაურკვეველია!“ - წერს ირინა ყურუა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს რედაქტორის, მაია მერკვილაძის განცხადებით კი, „მიმდინარე აქციების ფონზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება და დღის განმავლობაში, საინფორმაციო ბადეში დაგეგმილი, პირდაპირ ეთერში მიმდინარე ყველა სატელევიზიო გადაცემა შეაჩერა, გარდა საინფორმაციო გამოშვებისა. ცნობისთვის, ეთერში არ გადაიცემა არც პოლიტიკური ტოკ შოუები“. მერკვილაძე წერს, მას ეს ინფორმაცია მაუწყებლის პროგრამების ხელმძღვანელმა, ინგა გოგოლიშვილმა დაადასტურა.
გადაცემის - „თავისუფალი სივრცე“ წამყვანი, ვახო ხუზმიაშვილი კი, „მედიაჩეკერთან“ განმარტავს, რომ მისთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რაც ტელევიზიის პროგრამების სამსახურის ხელმძღვანელმა შეატყობინა, „მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საინფორმაციო სამსახური არის ეთერში და დროებით, რამდენადაც ვიცი, რამდენიმე დღით არ გავა ჩემი გადაცემა ეთერში“.
ხუზმიაშვილი ამბობს: „ოღონდ გადაიცეს ყველაფერი ობიექტურად და ოპერატიულად და თუ ამას მოახერხებენ, რატომ უნდა მქონდეს რაიმე პროტესტი და პრობლემა“.
„აჭარის ტელევიზიის“ პროგრამების ხელმძღვანელს დაუკავშირდა „მედიაჩეკერიც“. ინგა გოგოლიშვილის თქმით, დილის და შუადღის გადაცემები ბადიდან ამიღებული ერთი კვირის განმავლობაში იქნება, რადგან საინფორმაციო გამოშვება აქციებს აშუქებს.
„საავტორო გადაცემები არის ბადეში, მაგრამ საავტოროც, სამწუხაროდ, წყდება პირდაპირ ეთერში და ახლა ასეთი საგანგებო ეთერი გვაქვს, როგორც ყველა არხს“, - ამბობს გოგოლიშვილი.
საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნაზიბროლა ქობულაძის თქმით კი, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და შესაბამისად, ესეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ასე გაგრძელდება „რამდენ ხანსაც გარემოება მოითხოვს“.
„აჭარის ტელევიზიამ “გაავრცელა განცხადებაც, სადაც ვკითხულობთ: "აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე საეთერო ბადეში, შესაბამის სპეც რეჟიმში გადის საინფორმაციო გამოშვების ახალი ამბები და პირდაპირი ეთერები მიმდინარე აქციებიდან, აქედან გამომდინარე არხის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება დროებით, სანამ არსებული პოლიტიკური ვითარებაა, ეთერში გავიდეს მხოლოდ ახალი ამბები და პირდაპირი ჩართვები მოვლენათა ეპიცენტრებიდან და მხოლოდ ამ დროით შემოქმედებითი ან პოლიტიკური თოქშოუები ეთერში არ გავა".
ტელევიზია მცდარს უწოდებს ინფორმაციას, „რომ თითქოს, რომელიმე თანამშრომელი ან გადაცემის წამყვანი გათავისუფლებულია სამსახურიდან, რაც სიმართლეს არ შეესაბამება“.
29 ნოემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 50-მდე თანამშრომელმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა.
„ჩვენი საქმიანობა კი, ახლა, ისე, როგორც არასდროს, პარტიული გავლენებისგან დამოუკიდებელი და საზოგადოებრივი უნდა იყოს. ხაზგასმით ვადასტურებთ უმთავრესი ღირებულებების ერთგულებას, რაც სახელმწიფო ჩარევისგან დამოუკიდებელ საზოგადოებრივ მაუწყებლობას, კრიტიკული კითხვების დასმას და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ობიექტურად გაშუქებას გულისხმობს“, - ვკითხულობთ მათ მიმართვაში.
თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში პროევროპული აქციები 28 ნოემბრიდან დაიწყო. ამ დღეს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის ბოლომდე წევრობაზე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებენ.
ვლადიმერ ტატიშვილი აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი 2022 წლიდან არის.