02.12.2024
ტელეკომპანიის 20 საათსა და 49 წუთზე გამოქვეყნებულ საგანგებო განცხადებაში წერია, რომ „მაყურებელი პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალყურს პირველი არხის ჟურნალისტებზე განხორციელებულ არნახულ ზეწოლას, განსაკუთრებით მიზანმიმართულად და პროვოკაციულად მოქმედებენ ცალკეული ტელევიზიების წარმომადგენლები და არ გვეძლევა მუშაობის საშუალება“.
ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მათი ერთადერთი დაპირება, რაც მაყურებელს მისცეს, „არის ის, რომ პირველი არხი იყო და დარჩება თავისუფალი და დაიცავს სარედაქციო დამოუკიდებლობას ნებისმიერი ზეწოლის მიუხედავად“.
„არნახულ ზეწოლასთან“ დაკავშირებით 21 საათსა და 18 წუთზე „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც მიმართა.
დღეს და გუშინ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ძველ შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეები ითხოვენ, რომ გადადგეს ვასილ მაღლაფერიძე და თინათინ ბერძენიშვილი, ეთერი ყოველდღიურად დაეთმოს საზოგადოებას და არ შეიზღუდოს მაუწყებლობა რეგიონებში.
მიმდინარე პროევროპულ აქციებზე 28 ნოემბრის ღამიდან დღემდე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას 50-მდე ჟურნალისტი დაშავდა. შსს-ის ძალები მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიით გამოირჩევიან, ჟურნალისტების ნაწილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილს კი სპეციალური საშუალებები, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი შეასხეს. მათ უმრავლესობას დასჭირდა სამედიცინო დახმარებაც. ნაწილს დაუზიანეს ანდა წაართვეს აღჭურვილობა. განსაკუთრებულად დაშავდნენ გურამ როგავა („ფორმულა“), ალექსანდრე ქეშელაშვილი („პუბლიკა“), მარიამ გაფრინდაშვილი („ტვ პირველი“)