„პალიტრა მედია"- პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად უსწორდებოდა
02.12.2024

 

„პალიტრა მედიის“ განცხადებით, პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად უსწორდებოდა. როგორც „პალიტრა მედია“ წერს, არსებობს ეჭვი, რომ ამ ანგარიშსწორებას მიზანმიმართული ხასიათი ჰქონდა, რადგან ნაცემი ჟურნალისტების იდენტიფიცირება ადვილია ბეიჯით, ვიდეოკამერით, ფოტოაპარატითა თუ სხვა ატრიბუტიკით. 

„ბოლო დროინდელმა განცხადებებმა და მოვლენებმა საქართველო დააყენა დესტაბილიზაციისა და ქაოსის საფრთხის წინაშე, რასაც შესაძლოა, უმძიმესი შედეგი მოჰყვეს ჩვენი ქვეყნისა და თითოეული მოქალაქისთვის - მიუხედავად მისი პოლიტიკური გემოვნებისა თუ სოციალური მდგომარეობისა. ეკონომიკური კოლაფსი, განვითარების ათწლეულებით შეჩერება, კრიმინალის აღზევება და მასობრივი ემიგრაციის ახალი ტალღა - აი, ეს ემუქრება ჩვენს ქვეყანას მოვლენების ყველაზე მძიმე სცენარით განვითარების შემთხვევაში.

„პალიტრა მედია“ მიიჩნევს, რომ დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რათა ესკალაციის ახალი ტალღა არ მივიღოთ.

ბისა. ეკონომიკური კოლაფსი, განვითარების ათწლეულებით შეჩერება, კრიმინალის აღზევება და მასობრივი ემიგრაციის ახალი ტალღა - აი, ეს ემუქრება ჩვენს ქვეყანას მოვლენების ყველაზე მძიმე სცენარით განვითარების შემთხვევაში.

მიგვაჩნია, რომ დეესკალაციის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ბოლო დღეებში რუსთაველის გამზირზე გამართული აქციებისას დაკავებული უდანაშაულო ახალგაზრდების გათავისუფლება, რადგან მათი უდიდესი ნაწილის პროტესტი აბსოლუტურად გულწრფელი იყო.

ასევე, აუცილებლად ვთვლით აქციების დაშლისას სამართალდამცავთა ნაწილის მხრიდან მოქალაქეების მიმართ გამოჩენილი უსაფუძვლო სისასტიკისა და არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტების გამჭვირვალედ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას.

პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად უსწორდებოდა. არსებობს ეჭვი, რომ ამ ანგარიშსწორებას მიზანმიმართული ხასიათი ჰქონდა, რადგან ნაცემი ჟურნალისტების იდენტიფიცირება ადვილია ბეიჯით, ვიდეოკამერით, ფოტოაპარატითა თუ სხვა ატრიბუტიკით. შევახსენებთ შესაბამის ორგანოებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საერთაშორისო კონვენციებით ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელისშეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია.

„პალიტრა მედია“ მიიჩნევს, რომ სწრაფად უნდა იყოს მიღებული ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელიც ქვეყანას ცხოვრების ჩვეულ რიტმში დააბრუნებს. საერთაშორისო პრაქტიკაში არის მძიმე პოლიტიკური კრიზისიდან შედარებით უმტკივნეულო გამოსვლის პრეცედენტები და მსგავს ბერკეტებს საქართველოს კანონმდებლობაც ითვალისწინებს. მძიმე სცენარი, პირველ რიგში, იმ ქვეყნის წისქვილზე დაასხამს წყალს, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს და ელოდება მომენტს, რათა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე და დამოუკიდებლობაზე გადამწყვეტი იერიში მიიტანოს.

რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ პროცესი უნდა ემსახურებოდეს ერთ მიზანს - საქართველოს ევროინტეგრაციას.

საქართველო ევროპაა!“- ვკითხულობთ განცხადებაში.

თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში პროევროპული აქციები 28 ნოემბრიდან დაიწყო. ამ დღეს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის ბოლომდე წევრობაზე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებენ. 

28 ნოემბრის ღამიდან დღემდე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას 50-მდე ჟურნალისტი დაშავდა. შსს-ის ძალები მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიით გამოირჩევიან, ჟურნალისტების ნაწილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილს კი სპეციალური საშუალებები, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი შეასხეს. მათ უმრავლესობას დასჭირდა სამედიცინო დახმარებაც. ნაწილს დაუზიანეს ანდა წაართვეს აღჭურვულობა. სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ გურამ როგავას („ფორმულა“), ალექსანდრე ქეშელაშვილს („პუბლიკა“), მარიამ გაფრინდაშვილს („ტვ პირველი“).

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიები და ამომრჩეველთა ნაწილი გაყალბებულად მიიჩნევს და საპროტესტო აქციებზე ხელახალ არჩევნებს ითხოვს.

პროევროპული აქციების გაშუქებისას დაზარალებული მედიის წარმომადგენლების შესახებ ვრცლად წაიკითხეთ:

  1. გუშინდელი საპროტესტო აქციის დარბევისას 40-მდე ჟურნალისტი დაშავდა
  2. „აგრესია მედიის წარმომადგენლების მიმართ იყო სისტემური, დაგეგმილი და განზრახი“, - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  3. „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ პროკურატურასა და საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტთა მიმართ ჩადენილი ძალადობის გამოძიებისკენ მოუწოდებს
  4. პროევროპული აქციების გაშუქებისას 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა


კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ