„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ აფგან სადიგოვისთვის საქართველოში
საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის შესახებ თბილისის საქალაქო
სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში
გაასაჩივრა.
ორგანიზაციის შეფასებით, მოსამართლე ლიელა ფოლადიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის „აშკარად დაუსაბუთებელი, სრულად იმეორებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილების შინაარსს და არ შეესაბამება საერთაშორისო დაცვის საკითხების განხილვასთან დაკავშირებით ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე დადგენილ სამართლებრივ სტანდარტებს“.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, თბილისი საქალაქო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც აზერბაიჯანში აფგან სადიგოვის აშკარა და განგრძობადი დევნის ფაქტებზე მიუთითებდა.
ორგანიზაციის შეფასებით, სასამართლომ სიტყვასიტყვით გაიმეორა შსს მიგრაციის დეპარტამენტის დასკვნაში მითითებული მსჯელობა და პრაქტიკულად ყოველგვარი შეფასების მიღმა დატოვა მათ მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება და მნიშვნელოვანი არგუმენტი.
როგორც „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებიდან ირკვევა, სასამართლომ მის გადაწყვეტილებაში არა თუ არ გაითვალისწინა ორგანიზაციის მიერ ზემოთ წარმოდგენილი ძირითადი მტკიცებები და მტკიცებულებები, არამედ მათი შეფასებაც კი არ მოახდინა, „რაც მიუთითებს იმაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აშკარად დაუსაბუთებელია და არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებს. მით უფრო, რომ წინამდებარე საქმეში ჩვენ ვამტკიცებთ აფგან სადიგოვის მიმართ ექსტრადიციის შემთხვევაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ან დასჯის აბსოლუტური უფლების, ასევე სამართლიან სასამართლოზე ხელმისაწვდომობის დარღვევის ძალიან მაღალ რისკებს, რაც ეროვნული სასამართლოების მხრიდან ფრთხილ და მაღალი სტანდარტით შეფასებას ითხოვს“.
28 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურატურა სასამართლოსგან აფგან სადიგოვის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობას ითხოვდა.
აფგან სადიგოვს შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი 16 სექტემბერს უთხრა. 21 სექტემბრიდან კი, თბილისში დაკავებულმა ჟურნალისტმა შიმშილობა დაიწყო.
სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა კიდევ 3 თვით თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 ნოემბერს გაუხანგრძლივა. ის შემდგომი ექსტრადირების მიზნით 3 აგვისტოს დააკავეს.