„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს მამაც ჟურნალისტებს“ - IPI და პარტნიორი ორგანიზაციები
03.12.2024


„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI), პარტნიორ პრესის თავისუფლების ორგანიზაციებთან ერთად თბილისში, პროევროპული აქციების გაშუქებისას, სახელმწიფო უსაფრთხოების ძალების მხრიდან მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტებს ეხმაურება

განცხადებაზე ხელმომწერი 11 ორგანიზაცია სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლების მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმას, რასაც როგორც ჩანს მიზანმიმართული ხასიათი აქვს, გმობენ და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიაზე მიმდინარე თავდასხმა.

„ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს მამაც ჟურნალისტებს, რომლებიც მედიისთვის მზარდი მტრული და საშიში სამუშაო გარემოს მიუხედავად, საზოგადოების ინფორმირებას აგრძელებენ“.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისადმი არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები ძირითადად გამოუძიებელი რჩება, რაც დაუსჯელობის კულტურას განამტკიცებს. 

„დაშავებული ჟურნალისტების უმეტესობა თბილისში დამოუკიდებელ და ხელისუფლების კრიტიკულ საშუალებებში იყო დასაქმებული. საქართველოში მედიის ეს სასტიკი დარბევა არ არის იზოლირებული ეპიზოდი, არამედ არის მიზანმიმართული ძალადობისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობის შემაშფოთებელი ნიმუშის ნაწილი, მათ შორის იმ დანაშაულების, რომლებიც ჩადენილია ამ წლის დასაწყისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შემზღუდავი კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დროს“.

პრესის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებენ, მოსთხოვონ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს მედიის თანამშრომლების დარბევა და შეასრულოს თავისი ვალდებულებები დემოკრატიული თავისუფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ. 

ხელმომწერი ორგანიზაციები: პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI), პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF), ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია (EFJ), Free Press Unlimited (FPU), OBC Transeuropa (OBCT), Index on Censorship, Justice for Journalists Foundation, ევროპელ ჟურნალისტთა ასოციაცია (AEJ), რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF), PEN International, ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU);

პროევროპული აქციების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლებზე ძალადობასა და დაკავებებს გამოეხმაურა ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტი (OCCRP).

28-29 ნოემბრის ღამეს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დარბევისას 40-მდე ჟურნალისტის დაშავების ფაქტს გამოეხმაურა ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმაც (SJP). 

28 ნოემბრიდან დაწყებული პროევროპული აქციების გაშუქებისას 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. მედიის წარმომადგენლების მიმართ შსს-ის ძალები აგრესიით გამოირჩევიან. ისინი ჟურნალისტების ნაწილს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. მათ დასჭირდათ სამედიცინო დახმარებაც. განსაკუთრებულად დაშავდნენ: გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი და მარიამ გაფრინდაშვილი. მედიის წარმომადგენლების ნაწილს დაუზიანეს ანდა წაართვეს აღჭურვულობაც. აღსანიშნავია, რომ მედიის რამდენიმე წარმომადგენელს ხელი პროფესიული საქმიანობის შესრულებისას არაერთხელ შეეშალა. 

28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მოჰყვა. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ