ერთი-ორი სიტყვა ვასილ მაღლაფერიძესა და „ხვამლის მთის“ საიდუმლოებაზედ
03.12.2024

სოფო მთივლიშვილის წერილი


2019 წლის ოქტომბერში, „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ამავე არხის ოპერატორმა, 29 წლის სანდრო ბერაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მანამდე ოჯახი და მეგობრები, შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გაუჩინარებულ სანდროს რამდენიმე დღე ეძებდნენ. ყველამ იცოდა, რომ სანდრო აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული იყო, სამსახურშიც, სახლშიც და მეგობრებშიც. მომხდარმა მართლა ყველა გაამწარა.

ამ პერიოდში, „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“, საკვირაო გადაცემაში - „ახალი კვირა“ ვმუშაობდი და გადავწყვიტე სანდროზე, როგორც გემბლინგის ერთ-ერთ მსხვერპლზე გამეკეთებინა სიუჟეტი. ვერაფრით დავმალავ იმ სიამაყის განცდას როდესაც, „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ თიკო ბერძენიშვილისა და ვასილ მაღლაფერიძის ხელმძღვანელობით განცხადება გააკეთეს, რომ მაუწყებელზე ტოტალიზატორებისა და სლოტ კლუბების რეკლამა აიკრძალებოდა. მათ ამ განცხადებაში სანდროს სახელი და გვარი არ უხსენებიათ, მაგრამ ცხადი იყო ყველასთვის, რომ არხმა ეს გადაწყვეტილება სანდროს გარდაცვალების გამო მიიღო. ჩემი აზრით, ეს იყო ასევე იმპულსურად მიღებული გადაწყვეტილება და მიხვდებით რატომ. 

შეგახსენებთ, რომ თიკო ბერძენიშვილიც და ვასილ მაღლაფერიძეც ამ განცხადებას სანდროს ცხედარის აღმოჩენის დღეს აკეთებს.  

(აქვე ხაზგასასმელია ისიც, რომ ტოტალიზატორების რეკლამა ეთერში კვლავ  იყო. მაგალითად, გადაცემა „კაცების“  სპონსორი ძალიან დიდხანს „აჭარაბეთი“ იყო.)

მოკლედ, დავიწყე ამ თემაზე მუშაობა, რაოდენ საძულველიც არ უნდა იყოს ასეთ დროს ჭირისუფალთან მისვლა და თხოვნა მომხდარზე ილაპარაკოს. ჩვენ ხომ ვიცით, ზოგჯერ ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ შესაძლოა, სხვისთვის ჯოჯოხეთიდან ხსნას გავდეს. 

სანდროს ოჯახის წევრები და მეგობრები ჩავწერე. აბსოლუტურად ყველა გემბლინგის წინააღმდეგ სანდროს ბრძოლაზე საუბრობდა. საუბრობდნენ კანონის ნაკლოვანებაზე, სისტემის უმოქმედობასა და იმაზეც, რომ ადამიანმა რომც მოინდომოს შეწყვიტოს თამაში, ამას მხოლოდ თავად ვერ მოახერხებს, თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული; შესაბამისი კანონმდებლობის არარსებობა რომ მწვანე შუქს უნთებს მთავრობაში ამ ბიზნესის მფლობელებსა და ლობისტებს. 

ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, როგორ განადგურებულა არაერთი ოჯახი ამის გამო. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ადამიანების სიცოცხლის ფასად მდიდრდებიან? ხომ ვიცით, რომ ახალგაზრდებს ითრევენ ამ შავ ხვრელში და მათი მომავლის განადგურების ფასად მდიდრდებიან.

ჩვენ ხომ ყველამ ვიცით ეს?!  ასევე, ისიც ხომ ვიცით, რომ გემბლინგს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სპეციალური კოდი მიანიჭა (F 63.0), როგორც პათოლოგიას, რასთან ბრძოლასაც ადამიანი ხელშეწყობის გარეშე ვერ უმკლავდება და უმრავლესობა სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს.

მოკლედ, ჩაწერილი მყავს სანდროს ოჯახი, მეგობრები. ასევე, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულები, გამოჯანმრთელებულები, რეაბილიტირებულები, ფსიქოლოგები, აქტივისტები, იურისტები და ყველა სხვა შემადგენელი, ვინც ამ თემას შეიძლება უკავშირდებოდეს.  

პარასკევს, საღამოს ჩავწერე ძლივს დათანხმებული მოთამაშეები, ანონიმურობის დაცვით, დიდი ხვეწნა-მუდარისა და ათასი პირობის გათვალისწინებით. ისინი მეუბნებოდნენ, რომ არ გამაშვებინებდნენ ეთერში, მეუბნებოდნენ, რომ ეს არაერთხელ მომხდარა, რომ მთავრობაში ამ ბიზნესს დიდი მფარველი ჰყავს. ჩემგან პირობა იყო მიცემული, რომ ინტერვიუებს იმ ფორმით გავუშვებდი, როგორც უნდოდათ. 

ჩაწერილი ინტერვიუებით ტელევიზიაში ვბრუნდებოდი პარასკევ ღამეს, დაახლოებით 10 საათი იქნებოდა. (სიუჟეტი ეთერში კვირას უნდა გასულიყო)  საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ეკა შონიამ დამირეკა და მითხრა, სიუჟეტი გამეკეთებინა მხოლოდ სანდროზე, ნეკროლოგის სახით, არ მეხსენებინა გემბლინგი, საერთოდ ამომეღო ეგ ნაწილი და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებიც აღარ გვჭირდებოდნენ. ანუ სიუჟეტი იქნებოდა სანდროზე ნეკროლოგი. რა თქმა უნდა, არ დავთანხმდი. ვკითხე, რა შეიცვალა-თქო და პასუხი მივიღე, რომ ვასიკოსთან გაიარა ეს თემა და ვერ გათვალეს, რომ გემბლინგი ერთ-ერთი ფსიქიკური აშლილობის ფორმაა და გარდაცვლილ თანამშრომელზე ვერ იტყვიან, რომ ეს დიაგნოზი ჰქონდა. რა თქმა უნდა, ეს იყო სრული აბსურდი. ჩემი და არა მხოლოდ ჩემი ვარაუდით, მაშინდელი „ახალი კვირის“ გუნდიც დამეთახმება, ასე ვასილ მაღლაფერიძე მიხვდა ამ სიუჟეტის ეთერში გაშვებით, ვის მიაყენებდა ზიანს და ეს არ უნდოდა.

იმავე წუთს პროდიუსერებს ვუთხარი, ან სანდროზე სიუჟეტი გავა იმ ფორმით, როგორსაც მე ვფიქრობ, ან არა და წავალ სამსახურიდან და საჯაროდ დავწერ, რატომ მივდივარ-თქო. მაშინ, ობიექტურად უნდა აღინიშნოს, რომ პროდიუსერებიც და წამყვანიც ჩემს პოზიციაზე იყვნენ. ამორალურად მიაჩნდათ სიუჟეტის ამ ფორმით ეთერში გაშვება. 

ვასილ მაღლაფერიძესთან ამ თემაზე საუბარი შუაღამეს შედგა. ის გაღიზიანებული იყო და ამბობდა იგივეს, რაც ზემოთ ვთქვი, გვადანაშაულებდა  მაუწყებელთა ქცევის კოდექსისა და ჟურნალისტური ეთიკის დარღვევაში. ბოლოს, წინააღმდეგობა რომ ვერ გაგვიწია, მოგვაძახა, რაც გინდათ, ის ქენითო და წავიდა. მეც, რა თქმა უნდა, გავიგე, ისე როგორც თქვა. რაც მინდოდა, ის გავაკეთე. 

სიუჟეტი ეთერში გავიდა. ისე, როგორც მინდოდა. 

მეორე დღეს დამიბარეს და გამლანძღეს, როგორ და რატომ ვერ გავიგე ვასილ მაღლაფერიძის ნათქვამი - „რაც გინდა ის ქენი“. მართლა ეგრე კი არ უნდა გაგეგოთო. ამოიჩემეს „ახალი კვირის“ მთელი გუნდი და ვასილ მაღლაფერიძე მას შემდეგ გამარჯობასაც კი აღარ ეუბნებოდა მთელ გუნდს. 

წლებია, ამ ამბავს ვერ ვყვებოდი, სანდროს ოჯახის წევრებისა და მეგობრების გათვალისწინებით. მაშინ ძალიან მადლიერები იყვნენ იმით, რაც „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ განაცხადა და ერთგვარი კამპანიაც კი დაიწყო გემბლინგის წინააღმდეგ, სახელად #სანდრიკასთვის. არ მინდოდა, მათთვის ტკივილი მიმეყენებინა. ასე ვფიქრობდი, ძალიან დიდი იმედგაცრუება იქნებოდა მათთვის. 

წარმოიდგინეთ სირთულე, ჯერ ერთი რომ გარდაცვლილ კოლეგაზე წერ სიუჟეტს, მერე მეორე, როგორი ზეწოლაა და მესამე - როგორი სიყალბე. ერთი ხელით ვითომ გარემოს აჯანსაღებენ და იგივე სხეულის მეორე ხელით ამავე პროცესს ეწინააღმდეგებიან. სახეები კი ჭირისუფალთან დამწუხრებულები აქვთ.  რა მავნებლობაა, რა სიყალბეა, რა ფარისევლობა. ამ ყველაფერზე ვფიქრობდი წერისას, ბურთი ყელში მქონდა გაჩხერილი. 

მიხარია, რომ ვთქვი ის, რაც მინდოდა. 

მიხარია, რომ ბევრი რამ გავაკეთე ისე, როგორც მინდოდა ჩემი იქ ყოფნის დროს, „ახალ კვირაში“. 

მიხარია, რომ ჩემს კოლეგებსაც ვუჭერდი მხარს, გაეკეთებინათ ისე, როგორც მათ უნდოდათ და ამას რაღაც ეტაპამდე ერთადაც და ცალკ-ცალკეც რაღაცნაირად ვახერხებდით. 

მიხარია, რომ ჩემი არცერთი სიუჟეტი არ და ვერ აღიქმება ლოიალურად ან მაამებლად მოქმედი ხელისუფლების ან ყოფილი ხელისუფლებების მიმართ.  ამას იქამდე ვაკეთებდი, ვიდრე შემეძლო. 

ლგბტქ ადამიანებზე სიუჟეტების გაკეთება „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ ფაქტობრივად შეუძლებელი იყო.

როცა საინფორმაციო სამსახურის უფროსს ეუბნები, 17 მაისი მოდის და გინდა, გააკეთო ლგბტქ პრაიდის ისტორია იმისთვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია, რა არის პრაიდი, საიდან მოვიდა და რა დატვირთვა აქვს, რადგან „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირდაპირი მოვალეობა ცნობიერების ამაღლებაა, ის რომ არ ხდებოდეს, რაც ყოველ წელს, 17 მაისს ხდება. ამის პასუხად გეუბნება: „უი, უი, უი, რას ამბობ, მე ძაან მაგარი თემა მაქვს შენთვის, მოდი, ხვამლის მთის საიდუმლოებაზე გააკეთე სიუჟეტიო“, მანდ მართლა, გეფიცებით, იმხელა ნერწყვი ჩავყლაპე, მეგონა, დავიხრჩობოდი. 

ჰოდა, ეს სათქმელიც მახრჩობდა. კი, გვიანი შეიძლება იყოს, მაგრამ იმედი

მაქვს, ასეთ გადამწყვეტ დროს ერთ ადამიანს მაინც დავაფიქრებ მაუწყებელში. გაახილეთ, კოლეგებო, ფართოდ დახუჭული თვალები. 

ბოდიში მინდა, მოვუხადო ანდრო ბერაძის სულს და მისი ოჯახის წევრებს.  

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ