03.12.2024
საქარველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ კატეგორიულად
გმობს
ძალადობას ჟურნალისტების მიმართ და საქართველოს პროკურატურასა და
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტთა მიმართ ჩადენილი
დანაშაულების გამოძიებისკენ მოუწოდებს.
2-3 დეკემბრის ღამე:
„სტუდია მონიტორი“
- ნინო რამიშვილი, ჟურნალისტი - ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა, რომ სპეცრაზმის თანამშრომლებმა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ტელეფონი წაართვეს: „რა თქმა უნდა მეკეთა ბეიჯი და მქონდა არაერთი ნიშანი პრესის, ასევე ვუთხარი რომ ვარ ჟურნალისტი და ვანახებდი პრესკარტას, მაგრამ მთხოვდნენ ვიდეოს წაშლას, ბოლოს კი გაიტაცეს ტელეფონი. შემდეგ კი რჩევად დააყოლეს წადი სახლშიო".
„პირველი არხი“
- თეო ხუბულავა, ჟურნალისტი, ლევან ქართველიშვილი და ბადრი გამრეკლაშვილი ოპერატორები - ტელეკომპანიის ინფორმაციით, ისინი სპეცრაზმის მიერ გაზის კაფსულების გამოყენების დროს დაშავდნენ. მათ სამედიცინო დახმარება სასწრაფოს დახმარების ბრიგადამ ადგილზევე აღმოუჩინა.
„მთავარი არხი“
- გივი მჭედლიშვილი, ოპერატორი - ჟურნალისტმა დეა მამისეიშვილმა პირდაპირ ეთერში ყოფნის დროს თქვა, რომ ოპერატორი შეუძლოდ გახდა.
„TV პირველი“
- როგორც „ტვ პირველი“ წერს, „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2 დეკემბერს აქციის დაშლის დროს გამოყენებული არაპროპორციული ძალის გამოყენების დროს დაზიანდა "ტვ პირველი" სამაუწყებლო აპარატურა, მათ შორის გამოსაყენებლად უვარგისია პირდაპირი ტრანსლაციის კამერა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც "გომელაურის ომონს" იერიში მიაქვს "ტვ პირველის" სამაუწყებლო აპარატურაზე რათა, გაგვეთიშოს პირდპირი ეთერის სიგნალი და ვეღარ შევძლოთ მოვლენების ეპიცენტრიდან მაუწყებლობა“.
„ჩაიხანა“
- ნატალი ჩხარტიშვილი, აქციას აშუქებდა, როგორც პრესის წარმომადგენელი - იღებდა აქციის მონაწილის დაკავებას, რა დროსაც შსს-ს ძალების წარმომადგენლებმა მუშაობაში ხელი შეუშალეს, მას ხელიდან გააგდებინეს Handycam–ი. ასევე, უყვიროდნენ, რომ გამოერთო კამერა.
სხვა შემთხვევები:
„ინტერპრესნიუსი“
- ვანო გორგიშვილი, ფოტოგრაფი - გორგიშვილმა facebook-ის პირად გვერდზე 2 დეკემბერს დაწერა, რომ „30 ნოემბრის დილის 2-3 სთ-ზე მერიოტთან შეჯგუფებულ მედიას წყლის ჭავლი მოგვიშვეს. რამდენიმე კაცმა გასწრება ვცადეთ და მაშინ გვესროლეს რეზინის ტყვიები. მირიანს[მელაძე] 4 მოხვდა. მე, საბედნიეროდ, 1 პატარა და მუხლთან“. ფოტოგრაფმა გამოაქვეყნა ფოტოც.
უცხოელი ჟურნალისტი
- ფიოდორ ხუდოკორმოვი, რუსი ჟურნალისტი - Paper Kartuli-ის ინფორმაციით, ჭიჭინაძის ქუჩაზე, როცა სპეცრაზმი მომიტინგეებს აწვებოდა, ნიღბიანმა მამაკაცმა, სავარაუდოდ ძალოვანმა, მას ხელი ჰკრა.