„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ გამოცემა „პუბლიკას“
ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებს
ეხმიანება და შინაგან საქმეთა სამინისტროს ჟურნალისტთა მიმართ ჩადენილ
დანაშაულებზე პასუხისმგებლობის აღებისკენ
მოუწოდებს.
„6 დეკემბერს, გამთენიისას, მუშაობაში ხელი შეუშალეს გამოცემის „პუბლიკა“ ჟურნალისტებს ნათია ამირანაშვილსა და ბასტი მგალობლიშვილს, რომლებიც სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის მიერ აქციის მონაწილეების დაკავებას იღებდნენ. გამოცემის გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ითხოვენ პოლიციელები მათგან ტერიტორიის დატოვებას. ერთ-ერთმა პოლიციელმა ჟურნალისტისთვის ტელეფონის წართმევაც სცადა.
6 დეკემბერს შუადღისას, გამოცემის “პუბლიკა” ჟურნალისტს მინდია გაბაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე აქციას აშუქებდა, უცნობი ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს და სცემეს. შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში იდგა პოლიციის ეკიპაჟი, რომელსაც გაქცეულმა თავდამსხმელებმა ჩაურბინეს და რომელსაც მომხდარზე რეაგირება არ მოუხდენია. “მედია აპრილის” კადრებში ჩანს, რომ მოქალაქეები სამართალდამცავებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ, თუმცა უშედეგოდ. ჟურნალისტს აქვს დაზიანება თავის არეში და გახეთქილი აქვს წარბი“, - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.
„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ჟურნალისტებზე ძალადობა და ძალადობის წახალისება. ქარტია მიმართავს და მოუწოდებს საქართველოს პროკურატურასაც, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიოს ეს და ჟურნალისტების მიმართ 28 ნოემბერი - 6 დეკემბრის პერიოდში ჩადენილი სხვა დანაშაულები.
გამოცემა „პუბლიკის” ჟურნალისტზე, მინდია გაბაძეზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“.
„სამართალდამცავთა უმოქმედობა, არა მარტო, პოლიციელების მხრიდან გამოჩენილი სამსახურეობრივი გულგრილობაა, არამედ, აჩენს ეჭვს, რომ სამართალდამცავი ორგანოები და ე.წ “ტიტუშკები“ ერთად მოქმედებენ, რათა ძალადობრივად ჩაახშონ ლეგიტიმური პროტესტი.
აღნიშნულის საფუძველს გვაძლევს ის ფაქტიც, რომ მომიტინგეების დამაშინებელი ე.წ „ტიტუშკების რეიდი“ საქართველოში დაიწყო „რუსული კანონის“ წინააღმდეგ აქციების დროს, როდესაც უცნობი პირები ხვდებოდნენ აქციის მონაწილეებს, ორგანიზატორებს და მათი ოჯახის წევრებს სახლებთან ან ქუჩაში, სადაც მათ სასტიკად უსწორდებოდნენ, რასაც ასევე არ მოჰყოლია არანაირი რეაგირება სამართალდამცავი უწყებებისგან. „ტიტუშკების რეიდებს“ ადგილი ჰქონდათ, ასევე, არჩევნებთან დაკავშირებით გამართულ პროტესტებზეც“, - ვკითხულობთ საიას განცხადებაში.
28 ნოემბრიდან დაწყებული პროევროპული აქციების გაშუქებისას მედიას პროფესიულ საქმიანობაში ხელი 80-ზე მეტ შემთხვევაში შეეშალა. მედიის წარმომადგენლების მიმართ შსს-ის ძალები აგრესიით გამოირჩევიან. ისინი ჟურნალისტების ნაწილს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. მათ დასჭირდათ სამედიცინო დახმარებაც. განსაკუთრებულად დაშავდნენ: გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი და მარიამ გაფრინდაშვილი. მედიის წარმომადგენლების ნაწილს დაუზიანეს ანდა წაართვეს აღჭურვულობაც.
28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მოჰყვა.
ვრცლად ამ თემაზე, იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალა: 28 ნოემბრიდან მედიის საქმიანობაში ხელშეშლის 80-ზე მეტი ინციდენტი მოხდა