პრესის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიოზაცია, „მედიის საერთაშორისო მხარდაჭერა“ (IMS) მზია ამაღლობელის დაკავებას ეხმაურება და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.
„გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავებისა და იმ შემაშფოთებელი გარემოებების გამო, რასაც მისი დაკავებისას ჰქონდა ადგილი
მზია ამაღლობელმა 2 ათწლეულზე მეტი მიუძღვნა სიტყვის თავისუფლებისათვის და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისთვის ბრძოლას საქართველოში. მისმა ურყევმა ერთგულებამ დემოკრატიისადმი და გამოხატვის თავისუფლებისადმი განაპირობა ის, რომ კრიტიკული ხმა ისმის ქვეყანაში. მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები და პატიმრობაში არასათანადო მოპყრობის შესახებ ინფორმაცია სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ. ეს ქმედებები მიუთითებს დამოუკიდებელ მედია საშუალებებზე ზეწოლის უფრო ფართო კონტექსტზე.
მზია ამაღლობელის დაკავება და პატიმრობაში დატოვება არის მისი უფლებების პირდაპირი შელახვა და მძიმე დარტყმა დამოუკიდებელ ჟურნალისტიკაზე, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მუშაობას საქართველოსთვის ასეთ კრიტიკულ პერიოდში“.
IMS „ქართული ოცნებას“ მოუწოდებს, დაიცვას გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის პრინციპები.
„დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ მზია ამაღლობელი, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ის წარმოადგენს საფრთხეს გამოძიებისთვის. სოლიდარობას ვუცხადებთ მზია ამაღლობელს, მოვუწოდებთ ყველას, ვინც პრესის თავისუფლებას უჭერს მხარს, შემოგვიერთდით და დავიცვათ პრესის თავისუფლება და დემოკრატია საქართველოში“, - წერს ორგანიზაცია.