თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი,
რომელიც 142-ე დღეა შიმშილობს და ექსტრადიციის რისკის წინაშეა, სრულ
შიმშილობას აგრძელებს.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“
ინფორმაციით, აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის
მდგომარეობა უკიდურესად საყურადღებოა:
„ამ დროისთვის მისი წონა 56 კილოგრამს შეადგენს, რაც დაკავების შემდეგ 40 კილოგრამზე მეტით არის შემცირებული. პენიტენციური დაწესებულების ექიმების შეფასებით, ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ მისი ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი ზიანი შეიძლება შეუქცევადი აღმოჩნდეს“.
როგორც სადიგოვის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია განმარტავს, 5 თებერვალს აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და რამდენიმე საათის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის კრიზისული მდგომარეობიდან გამოიყვანეს და ამ ეტაპზე სტაბილურადაა.
გუშინ, 6 თებერვალს, ოჯახის თხოვნითა და ადვოკატების რეკომენდაციით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი წყლის მიღებას დათანხმა, თუმცა სადიგოვი სრულ შიმშილობას კვლავ აგრძელებს.
აფგან სადიგოვმა ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ, 2 თებერვალს, აბსოლუტური შიმშილობა გამოაცხადა.
„ჟურნალისტის ამ რადიკალური გადაწყვეტილების მიზეზი გახდა სასამართლოს მიერ მისი წინასწარი პატიმრობის 3 თვით გაგრძელება, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო დროებითი ზომა, რომელიც კრძალავს მის აზერბაიჯანში გადაცემას“, - განმარტავს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.
თბილისში დაკავებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს საექსტრადაციო პატიმრობა კიდევ 3 თვით, მეორედ 31 იანვარს გაუხანგრძლივეს.
15 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აფგან სადიგოვის საჩივარიც, მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის შესახებ. ამავე დღეს, „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მისი აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა.
აფგან სადიგოვი 2024 წლის 21 სექტემბრიდან შიმშილობს, მე-17 დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე იმყოფება.
2020 წელს, აზერბაიჯანში მეორედ დაკავების შემდეგ, როდესაც მას 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, სადიგოვმა 242 დღე იშიმშილა.
აფგან სადიგოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა 4 აგვისტოს შეუფარდა. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბრიდან იმყოფება. სადიგოვი ონლაინ მედია “Azel.Tv”-ის მთავარი რედაქტორია.