4 თებერვალს, პარლამენტის შენობასთან მედიისა და სამოქალაქო
საზოგადოების წარმომადგენლებმა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“
დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის მორიგი მხარდამჭერი
აქცია გამართეს.
ამ დროს „ქართული ოცნების“ პარლამენტის საგაზაფხულო სესია „ქვეყნის მდგომარეობის შესახებ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე“ მიხეილ ყაველაშვილის მოხსენებით იხსნებოდა.
აქციის მონაწილეები პარლამენტის უკანა შესასვლელიდან 9 აპრილის ქუჩის მიმართულებით დაიძრნენ, რომლებიც პოლიციის მოწოდებას, გადასულიყვნენ ტროტუარზე დაემორჩილნენ. თუმცა, ამის მიუხედავად, პოლიციელები მათ მიმართ აგრესიით გამოირჩეოდნენ, ძალის გამოყენებით ატოვებინებდნენ ტროტუარსაც და აიძულებდნენ რუსთაველის გამზირზე ჩასულიყვნენ.
პოლიციელები აგრესიით გამოირჩეოდნენ მედიის იმ
წარმომადგენლების მიმართაც, რომლებიც აქციას აშუქებდნენ. პროფესიულ
საქმიანობაში ხელი შეუშალეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
„პუბლიკის“, NEWS.On.ge-ს და OC Media-ს ჟურნალისტებს.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ განცხადებით, ძალოვანმა უწყებებმა პატივი უნდა სცენ საქართველოს კონსტიტუციით დაცულ უფლებებს, შეწყვიტონ თავდასხმები მედიის წარმომადგენლებზე და მისცენ მათ პროფესიული მოვალეობის უსაფრთხოდ შესრულების საშუალება.
„მედიის ადვოკატირების კოალიციის“ შეფასებით კი, „ეს ქმედებები არის ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილი, რომელიც, მათ შორის, მიმართულია თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. დღემდე არცერთი მსგავსი ინციდენტის ჩამდენი პირი არ დასჯილა“.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ ჟურნალისტებზე მიზანმიმართული თავდასხმის ფაქტების სიმრავლე, მასშტაბი, ხასიათი და დამნაშავეების სისტემური დაუსჯელობა აშკარად მიუთითებს, რომ მედია „ქართული ოცნების“ სამიზნეში მოექცა და მათზე თავდასხმით, რეჟიმი ყველა კრიტიკულ ხმას ებრძვის, რომელიც მათი მმართველობის სისასტიკეს ამხელს.
4 თებერვალს, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის
გაშუქებისას მომხდარი ინციდენტები:
- NEWS.On.ge
საპროტესტო აქციაზე, პროფესიული საქმიანობის
შესრულებისას, პოლიცია თავს დაესხა
გამოცემა NEWS.On.ge-ს მთავარ რედაქტორს, ვანცენტ ხაბეიშვილს.
ხაბეიშვილს, ნიღბიანებმა თავში ძლიერად ჩაარტყეს და ძირს დააგდეს, რის
გამოც გადაუდებელი კვლევებისთვის კლინიკაშიც იმყოფებოდა.
- „პუბლიკა“
ნიღბიანმა პოლიციელებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი
შეუშალეს
და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს (თმაზე მოქაჩეს და ხელი დაარტყეს)
„პუბლიკის“ ფოტორეპორტიორ ნათია ლევერაშვილსაც.
- OC Media
OC Media-ს ჟურნალისტის, გივი ავალიანის თქმით, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ნიღბიანმა პოლიციელმა ხელი შეუშალა და ტელეფონის წართმევა სცადა.
2 თებერვალს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის 10-ზე მეტი ინციდენტი დაფიქსირდა „თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციის გაშუქების დროსაც.
2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა. გასულ წელს პროევროპული აქციების გაშუქებისას მედიას პროფესიულ საქმიანობაში ხელი 90-ზე მეტ შემთხვევაში შეეშალა.