სქრინი - TV
პირველი
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო აფგან სადიგოვის ექსტრადიციის
დასაშვებობაზე იმსჯელებს. თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი
ჟურნალისტის საექსტრადიციო საქმის განხილვა 28 ნოემბერს, 15:00
საათზეა ჩანიშნული. საქართველოს გენერალური პროკურატურა
სასამართლოსგან სადიგოვის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის
დასაშვებად ცნობას ითხოვს.
აფგან სადიგოვი და მისი დამცველები გენერალური პროკურატურის შუამდგომლობას არ ეთანხმებიან და სასამართლოს წინაშე ასაბუთებენ, რომ მისი აზერბაიჯანში ექსტრადიცია პოლიტიკურ და თვითნებურ დევნას ისახავს მიზნად, რაც მის ჟურნალისტურ საქმიანობასა და წლების განმავლობაში ხელისუფლების დანაშაულებისა და კორუფციული საქმიანობის კრიტიკას უკავშირდება.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, დაცვის მხარე სასამართლოს წარუდგენს მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებს, რომ აზერბაიჯანში ექსტრადიციის შემთხვევაში სადიგოვი დევნას, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარება.
„აზერბაიჯანში აქტივისტების, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების დევნის რეპრესიული პრაქტიკის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ სადიგოვი აზერბაიჯანისთვის გადაცემის შემთხვევაში თვითნებური დევნისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მსხვერპლი გახდება.
მნიშვნელოვანია, რომ სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის დაუშვებლობის შესახებ საქართველოს სახელმწიფოს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები მოუწოდებენ, მათ შორის Amnesty International და ეუთო. ისინი მიუთითებენ, რომ სადიგოვის ექსტრადიციის შემთხვევაში საქართველო დაარღვევს საერთაშორისო დონეზე აღებულ ვალდებულებებს.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სადიგოვის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის დევნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. ამას ადასტურებს თავად აზერბაიჯანის მიერ საქართველოსთვის გაზიარებული საქმის მასალები, რომელიც სრულიად არალოგიკურ და წინააღმდეგობრივ ინფორმაციასა და მტკიცებებს ეფუძნება“.
თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ინტერესებს სწორედ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავს.
აფგან სადიგოვს შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი 16 სექტემბერს უთხრა. 21 სექტემბრიდან კი, ჟურნალისტმა შიმშილობა დაიწყო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორც მეუღლე, სევინჩ სადიგოვა ამბობს, ძალიან მძიმეა.
სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა კიდევ 3 თვით თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 ნოემბერს გაუხანგრძლივა. ის შემდგომი ექსტრადირების მიზნით 3 აგვისტოს დააკავეს.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბრიდან იმყოფება და მას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობა აქვს. აფგან სადიგოვი ონლაინ მედია Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია.
ონლაინ გამოცემა „ტაბულა“ ახალი ამბების ჟურნალისტის პოზიციაზე (სრული
განაკვეთი) ვაკანსიას აცხადებს.
ჟურნალისტის ძირითადი მოვალეობა:
ახალი ამბებისა და თემატური მასალების მოძიება და მომზადება;
მოთხოვნა:
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე, სამოტივაციო წერილი და მის მიერ დაწერილი/გამოქვეყნებული მასალები 20 ნოემბრამდე უნდა გააგზავნონ შემდეგ მისამართზე: info@tabula.ge
როგორც „ტაბულა“ წერს, ანაზღაურება კანდიდატის სამუშაო გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების შესაბამისად განისაზღვრება (დამატებით ინფორმაციას ანაზღაურების შესახებ შერჩეული კანდიდატები გასაუბრების დროს მიიღებენ);
საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მათ წინააღმდეგ მიმართული
საპროტესტო აქციების შემდეგ ეთერი გახსნა — „პირველი არხის“ საეთერო
დროის მცირე ნაწილი დაუთმო საზოგადოების ისეთ წარმომადგენლებს,
რომლებიც წლებია, მათ ძირითად საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში
საერთოდ არ ჩანან. თუმცა, მაუწყებელმა გადაწყვიტა, რომ
ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ადამიანთა ეთერში გამოჩენა
დააბალანსოს, თან, ეს გააკეთოს ეთერში „ქართული ოცნების“ იმ
მხარდამჭერთა მიწვევით, რომლებსაც თავიანთ ეთერს აქამდეც საკმაოდ
ხშირად უთმობდნენ.
ეს მიდგომა 100 მილიონზე მეტი ლარით დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებლის გამოგონილი არ არის და მედიამკვლევრები მსგავს პოლიტიკას სხვადასხვა ტერმინებით აფასებენ: „ცრუ ბალანსი“, „დამაზიანებელი ბალანსი“, „ცრუ ეკვივალენტი“ და ა.შ.
ირლანდიელი მკვლევარი და სამეცნიერო ჟურნალისტი დეივიდ რობერტ გრაიმსი სამეცნიერო ჟურნალ EMBO reports-ში გამოქვეყნებულ კვლევაში დეტალურად მიმოიხილავს, მეცნიერების გაშუქების კონტექსტში თუ რას ნიშნავს „დამაზიანებელი დაბალანსება“. ამის საილუსტრაციოდ ის კლიმატის ცვლილების საკითხს იხსენებს.
როგორც დეივიდ რობერტ გრაიმსი წერს, ძალიან ბევრი მონაცემი მიუთითებს, რომ კლიმატი ადამიანთა ზემოქმედების შედეგად იცვლება. მეცნიერები ამ შეფასებაზე არ დავობენ. თუმცა, ამერიკული მედიის ანალიზი აჩვენებს, რომ მედიაში მეცნიერებსა და კლიმატის ცვლილების უარმყოფლებს თანაბარი გაშუქება აქვთ — ჟურნალისტები „ბალანსის“ მისაღწევად მეცნიერულ ცოდნას თანაბარი დოზით უპირისპირებენ საწინააღმდეგო აზრს, რომელიც არც შესაბამისი მონაცემებით არის გამყარებული და არც სამეცნიერო ცოდნით.
დაახლოებით მსგავსი შემთხვევა გვაქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაშიც. ნაცვლად იმისა, რომ მაუწყებელს ისედაც ჰქონოდა მეტად გახსნილი საინფორმაციო სივრცე საზოგადოების მრავალფეროვანი ჯგუფებისთვის, ეს მხოლოდ პროტესტის შედეგად გააკეთა, ისიც ლიმიტირებულად და „დაბალანსებულად“, უფრო სწორად, თავისებური ცრუ ბალანსის შექმნით.
ცრუ ბალანსის მარტივი მაგალითია, როცა სხვადასხვა სიმძიმისა და მნიშვნელობის საკითხს ჟურნალისტი ერთ წონასა და მნიშვნელობას ანიჭებს — ფაშიზმსა და ბულინგს უწოდებს ხელისუფლების მომხრეთა მიმართ სოციალურ ქსელებში დაწერილ მოსაზრებებს, ხოლო იმ შემთხვევებში, როცა ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით თანამდებობიდან გაშვებით ემუქრებიან, აქტივისტებს დაკავების შემდეგ ფიზიკურად უსწორდებიან და.ა.შ პირად შეფასებას ერიდება და ამბობს, რომ ის მიუკერძოებელი ჟურნალისტია.
ცრუ და დამაზიანებელი ბალანსის ერთ-ერთი ნიმუშია ეთერში არარელევანტური სტუმრების მიწვევა. მაგალითად, 7 დეკემბრის გადაცემაში მაკა ცინცაძემ პირდაპირ ეთერში ჩართო სახელმწიფო კომპანია „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოს წევრი დაჩი ცაგურია. რკინიგზის მაღალჩინოსანი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მაყურებელს „ყოფილი პოლიტპატიმრის“ სტატუსით წარუდგინა. ცაგურიამ, ტრადიციულად, 2007 წლის 7 ნოემბერს მომხდარ დარბევასა და მიმდინარე მოვლენებთან პარალელებზე ისაუბრა.
მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ბოლო 12 წელია, დაჩი ცაგურია „საქართველოს რკინიგზის“ მენეჯმენტშია. საზოგადოებრივ მაუწყებელს ნამდვილად რომ აინტერესებდეს საზოგადოების ინტერესების დაკმაყოფილება, ნაცვლად 17 წლის წინ მომხდარი ამბისა, „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორთა საბჭოს წევრს აუცილებლად ჰკითხავდა, მაგალითად, რამ გამოიწვია რამდენიმე თვის წინ თბილისში, სარკინიგზო ხაზზე წინასწარი დაგეგმილი სამუშაოებისას სარკინიგზო ავარია, რასაც რკინიგზის ორი თანამშრომელი ემსხვერპლა, ამის გამო აგო თუ არა ვინმემ პასუხი, რატომ არ იყო უსაფრთხოება უზრუნველყოფილი, რკინიგზის მენეჯმენტმა მიიღო თუ არა ზომები მსგავსი ფაქტების თავიდან ასაცილებლად და ა.შ. საზოგადოების ინტერესზე მზრუნველი მაუწყებელი რკინიგზის მაღალჩინოსან დაჩი ცაგურიას ასევე აუცილებლად დაუსვამდა კითხვას, როგორ მოახერხა მასთან დაკავშირებულმა კომპანიამ ბოლო წლებში სახელმწიფო კლინიკებთან მილიონამდე ლარის კონტრაქტის გაფორმება და სხვ.
თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზანი ამ შემთხვევაში ცხადია — შექმნას ცრუ ბალანსი და ნიღბიანი სპეცრაზმელების მიერ პროევროპული აქციის მონაწილეთა სამაგალითო დასჯასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებას დაუპირისპიროს 2007 წელს მომხდარი დარბევა, ამით კი ერთგვარი ლეგიტიმაცია მისცეს 2024 წელს ჩადენილ ძალადობას.
დამაზიანებელი და ცრუ ბალანსის მაგალითია, როცა მწერალი ნაირა გელაშვილი გადაცემის დასაწყისში „ქართულ ოცნებას“ ძალადობისა და ქვეყნის დასავლური კურსის ცვლილების გამო აკრიტიკებს, გადაცემის ბოლოს კი „ოცნების“ დეპუტატ ნინო წილოსანს ეძლევა საშუალება, ისაუბროს ყველაფერზე, გარდა თავისი პარტიისა და დანაშაულის ჩამდენთა პასუხისმგებლობისა.
ხელისუფლების კრიტიკოსთა ეთერში გამოჩენის მსგავსი ფორმით დაბალანსება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველმა არხმა“ წესად აქცია. ამ წესის მიხედვით კი, „ქართული ოცნების“ წევრები და მათი მხარდამჭერი სპიკერები აუცილებლად გადაცემის ბოლო ბლოკში საუბრობენ, ბოლო, დასკვნითი სიტყვა მათია. წამყვანის როლი ასეთ შემთხვევაში, ძირითადად, მოსმენით შემოიფარგლება, „ქართული ოცნების“ როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ სპიკერებს შეუზღუდავად შეუძლიათ, გაავრცელონ სიცრუე, ჰომოფობია და ა.შ.
18 დეკემბერს მაკა ცინცაძის გადაცემის ბოლო ბლოკის სტუმრები „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია და მსახიობი ნიკოლოზ გაბელია იყვნენ.
ჯონდი ბაღათურიას ანტიდასავლური, სიცრუით გაჯერებული სატელევიზიო მონოლოგისას წამყვანის როლი, ძირითადად, მოსმენითა და პერიოდულად, თანამოაზრის რეპლიკებით შემოიფარგლა. ჯონდი ბაღათურიამ ახსენა, რომ აქციის მონაწილეები „მამა შალვა კეკელიას მიუვარდნენ“, რაც სიცრუეა. თავად სასულიერო პირმაც აღნიშნა, რომ მასთან ეკლესიაში არავინ მივარდნილა, თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანს მისთვის ამის შესწორება არც კი უცდია. მაკა ცინცაძემ გადაცემის ორივე სტუმარს საშუალება მისცა, ჰომოფობიური ტექსტებით დაეცინათ გერმანელი პოლიტიკოსის მიხაილ როთისთვის.
დაკვირვება აჩვენებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი თავის გადაცემებში ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების „დასაბალანსებლად“, ძირითადად, ისეთ ადამიანებს იწვევს, რომლებიც ხელისუფლების ღიად პროპაგანდისტული ტელეარხის, „იმედის“ სტუმრები არიან. ამ გადაცემებში მაუწყებლის წამყვანები ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ დისკუსიის აუცილებლობაზე, დებატებზე, რათა ქვეყანაში შექმნილი კრიზისული სიტუაცია განიმუხტოს. თუმცა, ავიწყდებათ მთავარი: დისკუსიისთვის სივრცე თავად დახურეს და ახლა, როცა საზოგადოების ზეწოლის შედეგად ეთერი ნაწილობრივ გახსნეს, ცდილობენ, მმართველი პარტიის კრიტიკა ცრუ, პროპაგანდისტული ნარატივებით დააბალანსონ.
მიუხედავად იმისა, რომ „პირველი არხის“ წამყვანმა, მაკა ცინცაძემ პირდაპირ ეთერში არაერთხელ თქვა, რომ ტელეარხი მუდამ თავისუფალი იყო და არ არსებობდა იმ ადამიანთა „შავი სია“, ვისი ეთერში მიწვევაც აკრძალული იყოო, სხვა სურათს აჩვენებს ის, თუ რა გადიოდა „პირველი არხის“ ეთერში.
2024 წლის გაზაფხულ-ზაფხულში, მაშინ, როცა საქართველოს
საკანონმდებლო ორგანომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
შემზღუდავი „რუსული კანონი“ მიიღო, მაკა ცინცაძის ყოველკვირეული
გადაცემის სტუმრები, ძირითადად, ხელისუფლების წარმომადგენლები, ან
მასთან აფილირებული სპიკერები იყვნენ:
აღნიშნული სია არის ყველაზე კარგი ილუსტრაცია იმისა, თუ რა სარედაქციო პოლიტიკა აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს და როგორია თავად ერთი კონკრეტული წამყვანის, მაკა ცინცაძის დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის ხარისხი.
იმ რამდენიმეთვიან პერიოდში, როცა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ ქვეყანაში მრავალათასიან აქციებს მართავდა საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედია, რატომღაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის ამ წამყვანისთვის ამ თემაზე სასაუბროდ რელევანტური სტუმარი იყო ჯონდი ბაღათურია, დაჩი ცაგურია, ლადო ბოჟაძე, მამუკა არეშიძე და სხვები. ხოლო იმ ადამიანებისთვის, ვისაც კანონი უშუალოდ შეეხო და ვინც პირადად ეწინააღმდეგებოდა მის მიღებას, მაუწყებლის ეთერი დაიხურა და არხს ამ ეთერის ფორმალურად დაბალანსებაც კი არ უცდია.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“
შეფასებით, საზოგადოებრივ მაუწყებელში
შექმნილი კრიზისი სულ უფრო მეტად ღრმავდება, მაუწყებლის კონსტიტუციურ
ჩარჩოში დაბრუნებისა და მისი პროგრამული პრიორიტეტების შესრულებისთვის
კი მენეჯმენტის შეცვლაა აუცილებელი.
ორგანიზაციის განცხადებით, საზოგადოების პროტესტის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ პროტესტის მონაწილეებთან შეთანხმებული სტუმრები გადაცემაში ყოველდღიურად მიიწვიოს და მათ დაახლოებით 1 ან 2 საათი დაუთმოს, არასაკმარისია და ვერ ასახავს საზოგადოების რეალურ ინტერესებსა და საჭიროებებს.
„ამ გადაცემებზე დაკვირვებაც აშკარად ცხადყოფს, რომ წამყვანები ავლენენ მიკერძოებას და შესაბამისად, მთლიანობაში, საზოგადოებრივი მაუწყებელი კვლავ არ იცავს მიუკერძოებლობის პრინციპს და არ ასახავს საზოგადოების რეალურ ინტერესებს“.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვე წლებია მუშაობს, როგორც პოლიტიკურად მიკერძოებული მედია ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ევროსკეპტიციზმის გაღრმავებას, ტირაჟირებს ხელისუფლების ანტიდასავლურ პროპაგანდას და ვერ ასრულებს მის კონსტიტუციურ ფუნქციას, შექმნას პოლიტიკურად ნეიტრალური, საზოგადოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული პლურალისტური მედია შინაარსი და სამუშაო გარემო ორგანიზაციის შიგნით.
„სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი დღემდე ვერ ახერხებს საკუთარი მისიის სათანადოდ შესრულებასა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის დაცვას.
წლების განმავლობაში, ტელევიზიის დირექტორებისა და სამეურვეო საბჭოს წევრებად „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირები ინიშნებიან[3] და ხელისუფლების ზეგავლენის ქვეშ მუშაობენ, რაც მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაზე აისახება“.
ორგანიზაცია „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ მონიტორინგის ანგარიშსაც იშველიებს და წერს, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი მოჩვენებითად ცდილობს დაიცვას მიუკერძოებლობის პრინციპი, სინამდვილეში კი იგი ვერ ახერხებს მაყურებელს შესთავაზოს იმგვარი ფორმატი, სადაც სიღრმისეულად და თანაბრად კრიტიკულად იქნება განხილული პარტიების ხედვები, რაც მაყურებელს უფრო მეტად ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალებას მისცემდა. საგანგაშოა, რომ გადაცემების მსვლელობისას ცალსახად იგრძნობა წამყვანების მიკერძოებული დამოკიდებულება ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ. ამასთან, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ინტერვიუირებისას მაუწყებლის ჟურნალისტები განზრახ ირგებენ პასიურ როლს, თავს იკავებენ კრიტიკული შეკითხვების გაჟღერებისგან. ხელისუფლების წევრებს მოწვევის დროს ჟურნალისტები მათ საშუალებას აძლევენ, ისაუბრონ მმართველი ძალის პოზიტიურ დღის წესრიგზე და არა კონკრეტულ პრობლემებზე, რომლებიც, შეიძლება, მოსახლეობას აწუხებდეს. მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის პრინციპთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებელი უხეშად უგულებელყოფს მისსავე დასახულ პროგრამულ პრიორიტეტებსაც, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ვალდებულება, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის იდეის პოპულარიზაციას“.
SJC-ის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გაშუქება ნაკლოვანი და მიკერძოებული იყო მიმდინარე პოლიტიკური კრიზისების ფონზეც.
„მაგალითად, 2024 წლის 18 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტს სიტყვით მიმართა. ევროკავშირის მთავარ ინსტიტუტში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა, ქართული მედიის განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა იმსახურებდეს, თუმცა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლას პირდაპირი ეთერი არ დაუთმო“.
ორგანიზაციის შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებული მენეჯმენტი ხშირად ავრცელებს ევროსკეპტიკურ განწყობებს და განცხადებებს.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე ამჟამად პოდკასტების სერიას უძღვება, რომლის ძირითადი თემაა საქართველოს საგარეო პოლიტიკა. მოწვეულ სტუმრებთან ერთად ვასილ მაღლაფერიძე და გიორგი გვიმრაძე სისტემატურად გამოხატავენ ევროსკეპტიკურ მოსაზრებებს, ამტკიცებენ, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია ევროპიდან მზაობის არ არსებობის გამო და რომ, საქართველოს სჭირდება ალტერნატიული საგარეო ინტეგრაციის მოდელები“.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მაუწყებელი არღვევს საზოგადოებაში არსებულ მოსაზრებათა პლურალიზმის ასახვის მოთხოვნასაც.
„მაგალითად, 2024 წლის გაზაფხულზე, „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო მასშტაბური საპროტესტო აქციების კვალდაკვალ, საზოგადოებრივი მაუწყებელი სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიულ კანონმდებლობასა და საპროტესტო აქციებს სახელისუფლებო პრიზმიდან აშუქებდა. აღნიშნული საკითხის განხილვისას, მაუწყებელში მოწვეულნი იყვნენ, არა ის ორგანიზაციები, რომლებიც რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების უშუალო სამიზნე გახდნენ, არამედ ის პირები, რომლებიც თავიანთი ნარატივით აძლიერებდნენ სახელისუფლებო პროპაგანდას და წამყვან, გიორგი გვიმრაძესთან ერთად, აძლიერებდნენ სამოქალაქო საზოგადოების მარგინალიზებასა და აგენტად მონიშვნის მავნე პრაქტიკას“.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, პრობლემურია ისიც, რომ სამეურვეო საბჭოს არ გააჩნია მის მიერვე განსაზღვრული მაუწყებლობის პრიორიტეტების შემდგომი იმპლემენტაციის შეფასების ეფექტური მექანიზმი, რის გამოც, რეაგირების გარეშე რჩება მაუწყებლის მიერ დასახული ამოცანებისა და საბაზისო პრინციპების სისტემური დარღვევის შემთხვევები და სარედაქციო პოლიტიკის ორგანულ ნაწილად იქცევა.
„მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ათობით თანამშრომელი ასევე ითხოვს მაუწყებლის მენეჯმენტისგან, რომ ქვეყნისთვის ამ გარდამტეხ და კრიზისულ დროს უპასუხოს საზოგადოების მოთხოვნას და გახსნას დღის სატელევიზიო ეთერი საზოგადოებრივ- პოლიტიკური მსჯელობისთვის, თუმცა, არაერთ საჯარო მიმართვასა თუ ოფიციალურ წერილს არ მოჰყვა საქმიანი და არგუმენტირებული გამოხმაურება მენეჯმენტის მხრიდან“.
SJC-ის განცხადებით, მკვეთრად პოლარიზებულ მედიაგარემოსა და ნდობის კრიზისის პირობებში, უმნიშვნელოვანესია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი კონსტიტუციურ ვალდებულებას ასრულებდეს და მოვლენებს სიღრმისეულად და მიუკერძოებლად ასახავდეს. „თუმცა არსებულ კრიზისზე მენეჯმენტის რეაგირების ფორმები და რეზისტენტულობა აჩვენებს, რომ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის დემოკრატიზება და საზოგადოებრივი ინტერესების დაბრუნება მის მუშაობაში, რადიკალური დემოკრატიული ცვლილებების გარეშე შეუძლებელია“.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მოითხოვს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებული მენეჯმენტი გადადგეს და ის ნამდვილ მიზნებსა და ამოცანებს დაუბრუნდეს.
„ეს ცვლილება არსებითია მაუწყებლის საქმიანობის კონსტიტუციურ წესრიგში დაბრუნებისთვის და ასევე კრიზისის დაძლევისა და დეპოლარიზებაზე მიმართული პროცესის ხელშეწყობისთვის“.
მენეჯმენტის ცვლილება უკვე მოითხოვა სხვა 10-მა ადგილობრივმა ორგანიზაციამ.
დღის სატელევიზიო ეთერის საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსიებისთვის გახსნას ითხოვს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომელთა ნაწილიც.
28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც ყოველდღიური ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა.
30 ნოემბრიდან საპროტესტო აქციების გამართვა ღია ეთერის მოთხოვნით დაიწყო „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ძველ შენობასთანაც.
აქცია 19:00 საათზე დაგეგმილია დღესაც. დღის ეთერის გახსნამდე საზოგადოებრივ მაუწყებელთან სახალხო ეთერი დღეიდან ყოველდღე მოეწყობა. დღეს კი პროტესტი ტყიბულელ მეშახტეებს უმასპინძლებს.