მულტიმედია
„ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე საზოგადოების ხმა ისმოდეს“



გზა მსახიობობიდან ჟურნალისტობამდე, რადიოდან ტელევიზიამდე, გასართობი გადაცემების წამყვანობიდან სიღრმისეულ სოციალურ-პოლიტიკურ ტოქშოუმდე, მემარჯვენეობიდან მემარცხენეობამდე - როგორია ნინო ზაუტაშვილის 40-წლიანი სატელევიზიო გამოცდილება წაიკითხეთ „მედიაჩეკერთან“ ინტერვიუში. 


----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი სამსახურიდან 11 აპრილს გაათავისუფლა. „რეალური სივრცის“ წამყვანსა და კორესპონდენტს, იოსებ კაციტაძესა და თამარ მშვენიერაძეს, პულტის რეჟისორს და შეთავსებით სპორტული არხის რეჟისორს, კახაბერ მელიქიძეს, ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორს, ირმა ჩუბინიძეს კი თინათინ ბერძენიშვილმა „მაუწყებლობის სარედაქციო დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის ეჭქვეშ დაყენებითა და ამის შედეგად, დამსაქმებლისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენების” გამო საყვედური გამოუცხადა და ისინი 12 თვის განმავლობაში „ანალოგიური ან/და სხვა სახის დარღვევის შემთხვევაში” შესაძლო გათავისუფლების შესახებ გააფრთხილა.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

როგორც ვიცით, ჟურნალისტიკა თავიდანვე არ იყო თქვენი არჩევანი. მსახიობობა გინდოდათ?

- დიახ, მსახიობობა მინდოდა და რატომ: ერთი პერიოდი დედა [მერი მიქელაძე] მძიმედ იყო ავად, მაშინ მასთან განსაკუთრებულად დიდი დროის გატარება მომიწია. ამ ინტენსიური ურთიერთობისას, ცხადია, ძალიან ბევრს ვლაპარაკობდით. სწორედ მაშინ მიყვებოდა დედა, როგორი გულნატკენი წამოვიდა რუსთაველის თეატრიდან. ძალიან კარგი მსახიობი იყო, მაგრამ ისე მოხდა, და ამაში მამამაც საკუთარი როლი ითამაშა, რომ თეატრიდან წამოვიდა, რასაც ბოლომდე განიცდიდა. ამან ჩემზეც ისე იმოქმედა, რომ გადავწყვიტე შური მეძია, არ ვიცი ვისზე, მაგრამ ასე გადავწყვიტე გავმხდარიყავი მსახიობი. მიუხედავად იმისა, რომ დედას ძალიან არ უნდოდა და ძალიან მთხოვდა ამ გზით არ წავსულიყავი, მეუბნებოდა, რომ ვერ გავუძლებდი, მაინც ჩავაბარე თეატრალურში. თეატრალური ინსტიტუტის დასრულების შემდეგ პირდაპირ მივედი მარჯანიშვილის თეატრში და დაახლოებით 5-6 წელი იქ ვიყავი. როგორც დამწყებ მსახიობს, ცხადია, მქონდა მეორეხარისხოვანი როლები. ერთ მშვენიერ დღეს გამოაცხადეს კონკურსი, რომელსაც რაღაც ატესტაციის მსგავსი შინაარსი ჰქონდა. ამაში მონაწილეობა აღარ მივიღე და თეატრიდან წამოვედი.

ამ დროს დედა სახელმწიფო რადიოში მუშაობდა. სრულიად განსაკუთრებული და განსხვავებული ხმა ჰქონდა. დედამ შემომთავაზა, მოდი, აქ მუშაობა მოსინჯეო. რადიოში მანამდეც დავდიოდი ხოლმე, რაღაც საბავშვო გადაცემაც მიმყავდა და ძალიან მომწონდა. რადიოს მსმენელთან ურთიერთობისას სრულიად განსხვავებული ინტიმი აქვს. ამის შემდეგ იწყება „პიკის საათი“, რომელიც მართლაც ახალი სიტყვა და ეტაპი იყო მაშინდელ მედიაში და იქ დავიწყე მუშაობა. 1983 წელი იყო. 

საინტერესოა, როგორი იყო საბჭოთა კავშირის დროინდელი მედია? 

- იმ პერიოდში არსებობდა „მთავლიტი“, რომელსაც საბოლოო ტექსტები უთანხმდებოდა. გადაცემას ხომ ჰყავდა რედაქტორი, რომელიც საბოლოო ტექსტს ასწორებდა, ამის შემდეგ იყო კიდევ „მთავლიტი“. ის იყო მთავარი ცენზორი და გარანტი, რომ ტექსტში რაიმე არ გაპარულიყო. მიუხედავად ასეთი, რამდენიმესაფეხურიანი ცენზურისა, მაინც იყო შესაძლებელი ტექსტებში რაღაც გაგეძვრინა. როგორც ახლა, მაშინაც რადიოს ყველაზე ნაკლები ყურადღება ექცეოდა, რადგან თვლიდნენ, რომ რადიოს ძალა ნაკლები იყო. შესაბამისად, რადიოში ოდნავ მეტი თავისუფლება იყო, ვიდრე ტელევიზიაში. 

თუმცა, იმ პერიოდში რადიოს გაცილებით მეტი მომხმარებელი ჰყავდა, რადგან ე.წ. ხაზის რადიო მაშინ ყველა ოჯახის სამზარეულოში ეკიდა და მუდმივად ჩართული იყო. ტელევიზორი კი ყველას არ ჰქონდა.

- ნამდვილად ასე იყო და მიუხედავად ამისა, რადიოში მაინც ნაკლები წნეხი იყო. 

რა იყო ის ინფორმაცია, რასაც 80-იანი წლების ბოლოს, უკვე დაშლის პირას მყოფ საბჭოთა კავშირში, „მთავლიტის“ თვალს აპარებდით? 

- მაგალითად, ინტერვიუ რომელიმე ისტორიკოსთან, რომელიც იტყოდა ისეთ რამეს, რასაც წიგნში ვერ წაიკითხავდი. მსგავსი ინტერვიუები ლიტერატორებთან, ხელოვნებათმცოდნეებთან, კრიტიკოსებთან… ასეთ მასალებში შეგეძლო რაღაც ისეთი გაგეძვრინა, რაც ჩვეულებრივ სიტუაციაში ცენზურას ვერ გაუძლებდა. ძალიან გამიმართლა, რომ „პიკის საათის“ გუნდში მოვხვდი.

ამის შემდეგ, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი პერიოდი აფხაზეთის ომი იყო. ჩვენი გუნდის [„პიკის საათის“] ერთი ნაწილი წასული იყო და ინფორმაციას იქიდან გვაწვდიდა, მე და ქეთი სადღობელაშვილი კი აქ ვმუშაობდით. ვხვდებოდით თვითმფრინავებს, რომლებითაც ქართველი ჯარისკაცები ჩამოდიოდნენ, ზოგი დაჭრილი იყო, ზოგი - ისეთ მდგომარეობაში, რომ ბრძოლას ვეღარ აგრძელებდა… ამ ბიჭების სახეები არასდროს დამავიწყდება და სწორედ მათ სახეებში იკითხებოდა, რომ ამ ომს ვაგებდით. შემიძლია ვთქვა, რომ მაშინ მივხვდი, რას ნიშნავს პროფესია ჟურნალისტი. 

სად გააგრძელეთ მუშაობა „პიკის საათის“ შემდეგ? 

- ამის შემდეგ ლერი სახაროვმა გააკეთა გადაცემა - „ტელე-სინე-ვიდეო“ და წამყვანობა შემომთავაზა. მაშინ დაუწერელი წესივით იყო, რომ სატელევიზიო გადაცემის წამყვანი უნდა ყოფილიყო: ლამაზი, კოხტა, კარგი ვარცხნილობით და ა.შ. მაგრამ მე აღმოვჩნდი ეკრანზე კიკინით, ჩვეულებრივად ჩაცმული, თითქმის უმაკიაჟოდ და რაც მთავარია, ვლაპარაკობდი ჩვეულებრივად. ერთხელ გადაცემაში ვთქვი: „ვისკონტი გაგიჟდა“ და მახსოვს გაოგნებული ხალხი ტელევიზიის შიგნითაც და გარეთაც, როგორ მკიცხავდნენ და მაკრიტიკებდნენ ამ სიტყვების გამო - როგორ შეიძლება ტელევიზორიდან ადამიანი ასე ლაპარაკობდესო?! 


„ტელე-სინე-ვიდეოში“ შედგა ჩემი სატელევიზიო დებიუტი, 1986 წელს, რასაც მოჰყვა დილის გადაცემა - „ალიონი“, რომელიც გაცილებით უფრო მრავალფეროვანი იყო. წამყვანობასთან ერთად, სიუჟეტებსაც ვამზადებდი, ამიტომ „ალიონში“ უკვე „პიკის საათის“ გამოცდილებაც გამოვიყენე და ახალიც შევიძინე, რომელიც დღემდე მეხმარება. უნდა ვაღიარო, რომ „რეალურ სივრცემდე“ ჩემს სამუშაო ბიოგრაფიაში ძირითადად შემეცნებით-გასართობი გადაცემები იყო.

თუმცა, მანამდე მუშაობდით ტელეკომპანია „იმედშიც“, ხომ?

- დიახ, „იმედში“, 2002 წლიდან შემეცნებით-გასართობი მიმართულების მთავარი პროდიუსერი ვიყავი, ჩემი გადაცემა არ მქონდა. ბიძინა ბარათაშვილთან, ოთარ ბაქრაძესთან და კიდევ ბევრ ძალიან კარგ ადამიანთან ერთად მიწევდა მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ ნაწილთან შეხება არ მქონდა, ცხადია, ვიცოდი, რომ ტელევიზია, რომელიც ერთ ადამიანს ეკუთვნოდა, ბოლომდე თავისუფალი არ იქნებოდა.  

ამ პერიოდში „იმედზე“ დახურეს გოგი გვახარიას თავისუფლების თეორემა“. რა იყო მაშინ ამ გადაცემის დახურვის მიზეზი? 

- მაშინ მეუბნებოდნენ, რომ ერთადერთი მიზეზი გადაცემის ურეიტინგობა იყო. მე სულ ამას ვამბობდი, რომ გვახარია უნდა გყავდეს ტელევიზიაში და ამ შემთხვევაში დაბალი რეიტინგი არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი. მიუხედავად ამისა, მაინც დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს და რა თქმა უნდა, დაბალი რეიტინგი არ იქნებოდა ამის ერთადერთი და მთავარი მიზეზი. 

2009 წელს უკვე მეც წამოვედი „იმედიდან“. მალევე შემომთავაზეს კასტინგის გავლა გადაცემისთვის - „სამოთხის ვაშლები“, რომელიც მაშინ მზადდებოდა. „პირველ არხზე“ ამ გადაცემით დავბრუნდი. თავიდან „სამოთხის ვაშლებს“ უფრო მეტად გასართობი ხასიათი ჰქონდა, ეს უნდა ყოფილიყო გადაცემა THE VIEW-ს ანალოგი, რომელიც სინამდვილეში, უფრო სოციალური ტოქშოუა. ამიტომაც, რაღაც პერიოდში, ჩვენთანაც შემოვიდა სოციალური თემები. ქვეყანაში უკვე ისეთი სიტუაცია იყო, არ გამოდიოდა მათთვის თავის არიდება. თუმცა, რაღაც არ გამოვიდა და საბოლოოდ, გადაცემა დაიხურა.

როდის დაიწყო „რეალური სივრცე“?

  • „სამოთხის ვაშლების“ პარალელურად, გიორგი ბარათაშვილმა შემომთავაზა სოციალური გადაცემის გაკეთება და წაყვანა. მივედი ჩემს პროდიუსერთან, ქეთი კაპანაძესთან და ერთად შევკარით სრულიად შესანიშნავი გუნდი, რომელიც ნებისმიერი ქვეყნის საუკეთესო ტელევიზიაში გააკეთებდა უმაღლესი დონის გადაცემას. ასე იწყება უკვე „რეალური სივრცის“ პერიოდი, რომელიც კიდევ ერთ ძალიან დიდ გარდატეხას ახდენს ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში. 
  •  



შემოქმედებითი ჯგუფის ძირითადი ნაწილი იყვნენ ახალგაზრდები, რომლებმაც მასწავლეს ჟურნალისტიკის რეალური არსი. ის, რომ ამ გადაცემას აქვს თავისი სახელი, ჰყავს თავისი მაყურებელი, ეს ყველაფერი არის ქეთი კაპანაძისა და ამ ახალგაზრდების დამსახურება. მე ამ გადაცემის შექმნაში ყველაზე უმნიშვნელო როლი მქონდა. ის, რასაც „პიკის საათში“ თუ „ალიონში“ ვაკეთებდი სულ სხვა დრო და სხვა ჟურნალისტიკა იყო, „რეალური სივრცე“ კი იყო ზღვა, რომელშიც ისე ჩავხტი, რომ ცურვა არ ვიცოდი. პრაქტიკულად, ყველაფრის თავიდან სწავლა მომიხდა იმ ახალგაზრდებისგან, რომლებიც გადაცემაზე მუშაობდნენ. ყველა თემას ვამუშავებდით ერთად, მე დავიწყე კანონების კითხვა, გაგება და დღეს შემიძლია კვალიფიციური კითხვების დასმა, თითქმის, ყველა მიმართულებით, ვინაიდან ყველა გადაცემის წინ თემას ვსწავლობდი საფუძვლიანად, რაც გაცილებით დიდ შრომასა და ენერგიას მოითხოვს.

12 წლის განმავლობაში დავდიოდი სოფლებში, ვუსმენდი ადამიანებს, მათ პრობლემებს, მომქონდა ეს თემები, ვამუშავებდით და ვამზადებდით გადაცემებს. გადაცემამდე ვაკეთებდით პრეინტერვიუებს, ამას ბევრი არ აკეთებს საქართველოში.

იქონია გავლენა „რეალურმა სივრცემ“ თქვენს პოლიტიკურ იდეოლოგიაზე? 

- დიახ. მე ვიყავი ჩამოყალიბებული მემარჯვენე და შიგნით ჯგუფში უმწვავესი კამათი გვქონდა ხოლმე. ძალიან სასაცილო იყო, თავიდან უკმაყოფილება სახეზეც კი მეტყობოდა. ყურში ქეთი[კაპანაძე] მყავდა და ჩამძახებდა: „ნინო, გაასწორე სახე, გეტყობა, რომ ეთანხმები“. ხშირად ვიზიარებდი იმ სტუმრების მოსაზრებებს, რომლებიც უფრო მემარჯვენე მოსაზრებებს გამოთქვამდნენ. მე მახასიათებს, როცა ადამიანის მოსაზრებას ვეთანხმები, სახეზე მეტყობა, ხოდა ამ დროს ჩამძახებდა ხოლმე ქეთი. მერე აშკარად და ძალიან ახლოდან დავინახე უთანასწორობის რეალური პრობლემები, ვნახე, როგორ უჭირთ ადამიანებს საქართველოში… ბევრი ვიარე და განსაკუთრებით რეგიონებში ისეთ პრობლემებს წავაწყდი, რომ ბუნებრივად გადმოვიხარე მარცხნივ. 

შეგიძლიათ თქვათ, რომ „რეალური სივრცე“ ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხურია თქვენს პროფესიულ ცხოვრებაში? 

- კი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ერთი გადაცემით მე გაცილებით მეტის გაკეთება შევძელი სხვა ადამიანებისთვის, ვიდრე ერთად ყველა იმ გადაცემით, რომელშიც მანამდე მიმუშავია. ძალიან ახლოს მივედი ადამიანებთან და გაცილებით მეტი გავიგე მათ შესახებ. „ის წითელთმიანი ქალი“ - ასე მიცნობდნენ და მათ ვეგულებოდი, როგორც მათი პრობლემების გამხმოვანებელი

2018 წელს, ერთხელ უკვე სცადეს „რეალური სივრცის“ დახურვა. რა იყო მაშინ ამის მიზეზი? 

- 2017 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის არჩევნები იყო, რომელშიც ვასილ მაღლაფერიძემ გაიმარჯვა. მეორე დილით დამირეკა და მითხრა, რომ უნდა კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს „რეალური სივრცე“, დეკორაციაც გააუმჯობესოს, ჯგუფიც თუ საჭიროა გაზარდოს და ა.შ. ჩვენც დავიწყეთ ფიქრი, კიდევ რა შეიძლებოდა, რომ გაგვეკეთებინა, ცხადია, ვიფიქრეთ რეგიონებზე, იქ როგორ გაგვეძლიერებინა ჩვენი წარმომადგენლობა კიდევ უფრო მეტად. მაშინ ეთერში ყოველდღიურ რეჟიმში ვიყავით და რეგიონებთან - მუდმივ კომუნიკაციაში. მახსოვს ერთხელ, მაგალითად, დაგვირეკეს გრიგოლეთიდან, უნდოდათ ეჩვენებინათ, რა დღეში იყო ზღვის სანაპირო და ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში გავუშვით. მეორე დღეს ისევ პირდაპირ ეთერში გადავამოწმეთ და სანაპირო გასუფთავებული იყო. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია და ასეთი უამრავი იყო. ერთი სიტყვით, ეს გადაცემა თავის მისიას ასრულებდა.

ცოტა ხნის შემდეგ, ნაცვლად გაძლიერებისა, ვასილ მაღლაფერიძემ ეს ყოველდღიური ეთერი დახურა. რაღაც დროის შემდეგ კი გვითხრა, რომ გადაცემაც უნდა დაიხუროს და თქვენ ყველანი „მოამბეში“ უნდა გადახვიდეთო. მახსოვს, გიორგი გვიმრაძემ მითხრა, სოციალურ თემებს ჩვენ დავფარავთო. არ ვიცი, ისინი რას გულისხმობდნენ, მაგრამ დაფარვა ის არის, რომ პრობლემას მისი აღმოჩენიდან აღმოფხვრამდე მიჰყვე. 

შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები? 

- მერე გვითხრეს, რომ კარგით, კონკურსს ჩავატარებთ და თქვენც მიიღეთ მონაწილეობაო. ეს გამოსავალი მოძებნეს და ამ კონკურსში, რომელშიც სამი თუ ოთხი ჯგუფი მონაწილეობდა, ჩვენ გავიმარჯვეთ. 

თქვენ მაშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე გახდით. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება? 

თანამშრომლების დაცვის საჭიროება სულ იყო, ყოველი ახალდანიშნული ან არჩეული თავმჯდომარე, როგორც წესი, რეორგანიზაციით იწყებდა. მაგრამ 2017-2018 წლებში ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დადგა. ძალიან ბევრი უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომელი იყო. მათ სწორედ პროფკავშირის მეშვეობით მოახერხეს გასაჩივრება და სასამართლო პროცესებიც მოიგეს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა იყო და არის ის, რომ მაუწყებელს არ ჰქონდა და დღემდე არ აქვს საშტატო განრიგი. 


როგორ გააგრძელა „რეალურმა სივრცემ“ მუშაობა ამის შემდეგ?

- ვაგრძელებდით მუშაობას და ნელ-ნელა გვაცლიდნენ ძალებს. ხან ჯგუფის შემცირებაზე იყო ლაპარაკი, მუდმივად იცვლებოდა საეთერო დრო, ხან სტუდია დაგვიპატარავეს… მიუხედავად ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი თემები გამოგვქონდა და ვაშუქებდით. მაგალითად, „ოფშორების კანონი“ მიღებული არ იყო, რომ ჩვენ გადაცემაში უკვე გვქონდა, იმისთვის რომ საზოგადოებას სცოდნოდა, რას ემსახურება ეს კანონი. ბევრი გადაცემა გვაქვს მიძღვნილი ე.წ. აგენტების კანონისთვისაც. ერთი სიტყვით, მიუხედავად პრობლემებისა მაინც ვმუშაობდით, მაგრამ ამის შემდეგ ჯერ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი იყო და გაგვაჩერეს, შემდეგ ახალ შენობაში გადასვლის პროცესი დაიწყეს და რადიოში გადაგვიყვანეს. არჩევნების წელს ჩვენ ეთერში არ ვიყავით. 

თქვენმა ჯგუფმა, რომლებმაც საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიტიკა ღიად დაიწყეთ, შექმენით საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები. სამეურვეო საბჭოს თავმჯომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ ტელევიზიის იურისტს თანამშრომლებზე „მოკვლევა“ ჩაატარებინა. ამის შემდეგ კი, „პირველმა არხმა“ განაცხადა, რომ თქვენი მხრიდან საჯაროდ გავრცელებული განცხადებები რეაგირების გარეშე ვერ დარჩება. როგორ აფასებთ ამ პროცესს?

- ჩაატარეს ე.წ. მოკვლევა. არავინ იცის, რას იკვლევდნენ, მაგრამ დაადგინეს, რომ ჩვენ დამნაშავეები ვართ და ჩვენი საქმე პროკურატურამ უნდა შეისწავლოს. ძალიან კარგი იყო, რომ ის სხდომა, რომელიც 5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და საბჭოს 8 წევრი ესწრებოდა, ყველამ ნახა. ცხადია, ყველამ დაინახა, ვინ მართავს სინამდვილეში ბორდსაც და ტელევიზიასაც, რომ ეს არის ვასილ მაღლაფერიძე. ამ ადამიანებმა ჩვენთან მიმართებაში არაერთგზის დაარღვიეს კანონი და ცხადია, ჩვენ ამას ვასაჩივრებთ როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში, ისე სასამართლოში. ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ, რომელმაც ჩვენი პერსონალური შემოსავლები დაამახინჯა და ისე გაასაჯაროვა, ცხადია, ცალკე საჩივარს ვამზადებთ. ამ საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, თუნდაც იმისთვის, რომ აღარასდროს განმეორდეს მსგავსი რამ. 

ცალკე აგებს პასუხს სამეურვეო საბჭოს წევრი თამილა დოლიძე, რომელმაც იმ გრანტის 4 წლის ხელფასი შეკრიბა და გამოაცხადა, რისი გასაჯაროვების უფლებაც პირდაპირ ეთერში არ ჰქონდა. ამ ხელშეკრულებას ხელს ვასილ მაღლაფერიძე და თინა ბერძენიშვილი აწერს. ამას ერთადერთი მიზანი ჰქონდა - ჩემი დისკრედიტაცია: ნახეთ, რამდენ ფულს ატრიალებს ნინო ზაუტაშვილი, რომელიც ვითომ სოციალურ თემებზე მუშაობს. ამ ქალს რომ ვკითხე, საიდან აიღეთ ეს ინფორმაცია-მეთქი, ინტერნეტში ვიპოვეო. თავად უცოდინარი, სხვაც ეგეთი ჰგონია და ფიქრობს, არავინ იცის, რომ ინტერნეტში მსგავსი ინფორმაცია არ მოიპოვება. ასევე, ვიდრე გია მურღულია, რომელმაც სამშობლოს ღალატში დამადანაშაულა, არ ამიხსნის რაში მდგომარეობს ჩემი მხრიდან სამშობლოს ღალატი, მანამდე არ დავანებებ თავს. ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად მივედით ჩვენ სამეურვეო საბჭოს ბოლო სხდომაზე, მაგრამ მაღლაფერიძემ ის მოულოდნელად დახურა და ვირთხებივით გაიპარნენ. ასე არ გამოვა, ადამიანს სამშობლოს ღალატს აბრალებდე და პასუხის გაცემაც არ გინდოდეს. 

თითქმის 1 წელია „რეალური სივრცე“ სატელევიზიო ეთერში არ გადის. რისი მოლოდინი გაქვთ? 

- ამბობენ, რომ აპრილის ბოლომდე რადიოც მთლიანად უნდა გადავიდეს ტელევიზიის ახალ შენობაში. არაფერი კარგის მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე საზოგადოების ხმა ისმოდეს. 

ბოლოს, თქვენს მსახიობობას რომ დავუბრუნდეთ და გავიხსენოთ ნელი მჟავიას პერსონაჟი სერიალიდან - „ხელოვნური სუნთქვა“. როგორია თქვენი სამსახიობო გამოცდილება?

- იყო BBC-ის ასეთი პროექტი - მაესტრო“, რომელშიც 8 სხვადასხვა პროფესიის ადამიანი შეარჩიეს და ორკესტრისთვის მათ უნდა ედირიჟორათ. ამ პროექტში გავიმარჯვე და ამან ძალიან დიდი ბედნიერების განცდა მომგვარა. პროცესიც არანორმალურად სასიამოვნო იყო. მაგრამ აქ გამარჯვების განმსაზღვრელი, ალბათ, პირველ რიგში, ჩემი სამსახიობო გამოცდილება იყო და აგრეთვე, კლასიკური მუსიკის სიყვარული. 




ამის შემდეგ იყო თეატრის სცენა. 13 წლის უკან ჩემთან მოვიდა ციცინო კობიაშვილი და მითხრა, რომ მარჯანიშვილის თეატრში დგამს ამერიკელი დრამატურგის, ნილ საიმონის პიესას - ქალები“, სადაც ერთ-ერთი მთავარი როლი არის ჟურნალისტი ქალის და ძალიან უნდა, რომ მე ვითამაშო. ცხადია, ჯერ შევიცხადე, მაგრამ მერე მე თვითონაც ამეკვიატა ეს პიესაც და როლიც. საბოლოოდ, დავთანხმდი და ეს სპექტაკლი დღემდე გადის. აი, დღესაც [ინტერვიუს ჩაწერის დღე] არის და მივდივარ, რომ ვითამაშო. 

ბოლოს იყო ხელოვნური სუნთქვა და ნელი მჟავიას როლი. ჩემი მეგობარია ეკა მჟავანაძე, სრულიად გენიალური მსახიობი და კასტინგის რეჟისორიც, რომელმაც დამირეკა და მითხრა, რომ „ხელოვნურ სუნთქვაში“ არის ერთი ახალი პერსონაჟი, რომელიც მე ვარ და კასტინგზე უნდა მივიდე. აქაც ჯერ შევიცხადე, მაგრამ საბოლოოდ, ვიფიქრე რატომაც არა, კასტინგზეც მივედი და დამამტკიცეს. ეს პერსონაჟი ძალიან პოპულარული გახდა და ამის შემდეგ სადმე რომ ჩავდიოდი, უკვე ნელი მჟავიათი მიცნობდნენ. ვხუმრობდი კიდეც, რომ ამდენწლიანი ჟურნალისტის კარიერა, ასე უცებ გადაყლაპა პოპულარული სერიალის გმირმა. ძალიან მეძვირფასება ეს ნამუშევარი, მთელი გულით ვმუშაობდი, როგორც კი როლის ტექსტს მივიღებდი, მივდიოდი ეკას მჟავანაძესთან და რჩევებს ვეკითხებოდი. ასევე, ყოველი სერიის შემდეგ მე და ეკა დეტალებში ვარჩევდით, რა გავაკეთე კარგად, რა შემეშალა, რა შეიძლებოდა უკეთესად და ა.შ. როდესაც ამდენ ენერგიასა და შრომას დებ საქმეში, ძალიან მნიშვნელოვანი ხდება და გიყვარდება.


შენიშვნა: ინტერვიუ ნინო ზაუტაშვილთან ჩაწერილია საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მის გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე. 


„რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში“ - სარედაქციო დამოუკიდებლობის მონიტორინგის შედეგები


„მედიის ადვოკატირების კოალიციამ“, რომელიც ადამიანის უფლებების დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა

კვლევა 2017 წლიდან 2025 წლის აპრილამდე პერიოდს მოიცავს და მისი მიზანია საზოგადოებას დაანახოს, „თუ როგორ ირღვევა საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონი, როგორ გამოიყენება საჯარო თანხები და რა მდგომარეობაა ამჟამად მაუწყებელში საკუთარი ფუნქციის აღსრულებისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვის კუთხით“.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მიკერძოების გამო საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ კითხვის ნიშნები მრავალი წლის განმავლობაში არსებობდა, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა მისი როლი მკვეთრად „ქართული ოცნების“ მიმართ კეთილგანწყობილი პოლიტიკის გატარების კუთხით. 

მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკასა და მენეჯმენტის გადაწყვეტილებებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ რომ „ქართული ოცნება“ საზოგადოებრივ მაუწყებელსაც პროპაგანდისტულ იარაღად, მათ შორის დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური ნარატივის გასავრცელებლად იყენებს:

„არხის მენეჯმენტი ღიად დევნის იმ თანამშრომლებს, რომლებიც მაუწყებლის  სარედაქციო პოლიტიკის გამო პროტესტს ღიად გამოხატავენ. სწორედ აღნიშნულის გამო მოხვდა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე და დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი ევროპარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებულ რეზოლუციაში იმ პირების გვერდით, რომელთა დასანქცირებაც ევროპარლამენტმა აუცილებლად მიიჩნიეს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის რეპრესიული პოლიტიკის და პროპაგანდის ხელშეწყობის გამო“. 


„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მისია

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ ხაზს უსვამს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქცია და მიზანი პოლიტიკურად ნეიტრალური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივ ინტერესებზე მორგებული მრავალფეროვანი პროგრამების მომზადება და მიწოდება უნდა იყოს, თუმცა უკვე წლებია, რაც მაუწყებელი მასზე კანონით დაკისრებულ ვალდებულებებსა და საერთაშორისო სტანდარტებს უხეშად არღვევს, რის გამოც, მისი მმართველი ძალის მიმართ მიკერძოებულობასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში არაერთი კითხვის ნიშანი არსებობს:

„„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ მიერ 2024 წელს ჩატარებულმა ორთვიანმა წინასაარჩევნო მონიტორინგმა აჩვენა, რომ წინასააჩევნო პერიოდში, საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ მიმდინარე საზოგადოებრივ- პოლიტიკური ამბების გაშუქებისას, „ქართული ოცნების“ მიმართ მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებდა. „ხოლო, ახალი ამბების გაშუქებისას, „მოამბეში“ გარდა მიკერძოებისა, ასევე იგრძნობოდა ანტიდასავლური განწყობებიც, რაც „ქართული ოცნების“ განცხადებებს ეხმიანებოდა“. უშუალოდ „პირველი არხის“ მიერ ჩატარებული შიდა წინასაარჩევნო მონიტორინგითაც, წინასაარჩევნოდ ყველაზე მეტი დრო „ქართულ ოცნებას“ დაეთმო. იგივე აჩვენა ოდირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგმაც“.


მაუწყებლის მმართველი რგოლის „ქართული ოცნებასთან“ კავშირები

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭო, რომელიც 11 წევრისგან შედგება იმგვარად არის დაკომპლექტებული, რომ მის უმრავლესობაში მუდმივად ხელისუფლებისადმი ლოიალური და მისი კვოტით წარდგენილი კანდიდატები დომინირებენ, რომლებიც მაუწყებელში პროსამთავრობო ინტერესების გატარებას ემსახურებიან, რაც საბოლოო ჯამში, არხის სარედაქციო პოლიციკაზეც მკაფიოდ აისახება. 

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია მენეჯმენტსა და სამეურვეო საბჭოს იმ წევრებზე, რომლებიც „ქართული ოცნებისადმი“ ლოიალურობით გამოირჩევიან.

„გარდა ამისა, „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ სარედაქციო პოლიტიკას ქმნიან და სხვადასხვა წამყვან პოზიციებზე მუშაობენ ბიძინა ივანიშვილის შვილის - ბერა ივანიშვილის ტელევიზია GDS-ის (Georgian Dream Studio) ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც ვასილ მაღლაფერიძემ არხზე ღია კონკურსის გარეშე დაასაქმა. მაგალითად,პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი და ახალი და მიმდინარე ამბების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია ეკა შონია, რომელიც GDS-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო. არხის ვებგვერდის მთავარი რედაქტორია GDS-ის საინფორმაციო სააგენტო 2030.news-ის ყოფილი რედაქტორი - ირინა დეკანოიძე. ასევე, GDS-ის ყოფილი თანამშრომლები არიან: ახალი ამბების დღის საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერები - თამუნა კენკიშვილი და მაია ჭუჭულაშვილი; ტოკშოუს წამყვანი მაკა ცინცაძე და ფინანსური დირექტორი ნოდარ ჭიჭინაძე“. 


სარედაქციო პოლიტიკა და ცენზურა 

მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ქვეყანაში მიმდინარე ბოლოდროინდელმა პროცესებმა გამოავლინა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ჟურნალისტებსა და პროდიუსერებს „ქართული ოცნების“ არასასურველი საკითხების გაშუქებისას ზღუდავს და კრიტიკულ ხმას სათანადო დროს არ უთმობს, ხოლო ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს ცალმხრივად, „ქართული ოცნების“ ინტერესების შესაბამისად წარმოაჩენს.

„მაუწყებლის ამგვარი პოზიციონირებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება აქტივისტებმა მაუწყებლის შენობასთან პროტესტით გამოხატეს და მენეჯმენტს მაუწყებლის რეალური მისია ამ ფორმით შეახსენეს. მათვე მოვლენების ადეკვატურად გაშუქება და ეთერის საზოგადოების საპროტესტო ხმის  დათმობა მოითხოვეს. მართალია, თავდაპირველად, მაუწყებლის მენეჯმენტმა დემონსტრანტების მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მათ ყოველდღიურ ეთერში დაახლოებით 40-წუთიანი დრო დაუთმო, თუმცა ეთერი დაახლოებით ერთ თვეში შეწყდა და აღარც განახლებულა“.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მავნე პრაქტიკას აგრძელებს და აქტიურად დევნის და ავიწროებს იმ თანამშრომლებს, რომლებიც არხის მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას ღიად უპირისპირდებიან. 

„სწორედ ამ მავნე პრაქტიკის გაგრძელებაა დღის საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის ჯერ ეთერიდან მოხსნა, შემდეგ კი - გათავისუფლება, ასევე ტოკ-შოუ „რეალური სივრცის“ წამყვანის, ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლებაც. წამყვანების გათავისუფლების პარალელურად, მაუწყებელმა დისციპლინური სანქციები დააკისრა კიდევ ოთხ თანამშრომელს, რომლებიც „მაუწყებლის მცველების“ რიგებში არიან. ორი მათგანის მიერ გასაჯაროებულ ბრძანებებში წერია, რომ თუკი ისინი „მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ“ კიდევ დააყენებენ, შესაძლოა სამსახურიდან გათავისუფლონ“. 


საკადრო პოლიტიკა/პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულები 

ანგარიშის მიხედვით, ბოლო წლების განმავლობაში, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საკადრო პოლიტიკა და თანამშრომლების გათავისუფლების საკითხი არაერთხელ გახდა ფართო განხილვის საგანი, რა დროსაც მაუწყებლიდან რეორგანიზაციის მოტივით ათობით თანამშრომელი გაათავისუფლეს. 

„მაუწყებელზე თანამშრომელთა მასობრივი გათავისუფლება 2017 წლიდან დაიწყო და 2021 წლის ჩათვლით პერიოდში, ჯამში 102 თანამშრომელი გაათავისუფლეს. გათავისუფლებულთა ნაწილმა სასამართლოში შრომითი დავები წამოიწყო, რომელთა უმეტესობა მომჩივნების სასარგებლოდ დასრულდა და მარტო 2017-2020 წლებში მაუწყებელს დაახლოებით 300 000 ლარი აქვს გადახდილი გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის კომპენსაციის სახით, რიგ შემთხვევებში კი მაუწყებელი იძულებული გახდა რამდენიმე თანამშრომლი სამსახურშიც აღედგინა. მაუწყებლიდან თანამშრომლების გათავისუფლება შემდგომშიც გაგრძელდა“.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოვლენების ამგვარმა განვითარებამ, მაუწყებლის რეპუტაციასა და მისდამი ნდობას უზარმაზარი ზიანი მიაყენა და საზოგადოების ობიექტური კრიტიკა და მწვავე პროტესტი  გამოიწვია. ასევე, გამოიკვეთა საჭიროება, რომ მაუწყებელმა გააუმჯობესოს საკადრო პოლიტიკა და უზრუნველყოს თანამშრომელთა უფლებების დაცვა. 


საზოგადოებისა და თანამშრომელთა ნაწილის პროტესტი მაუწყებელს

„მედიის ადვოკატირების კოალიციის“ შეფასებით, საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული გამოწვევები და პოლიტიკურ მიკერძოებულობასთან დაკავშირებული პრობელემები კიდევ უფრო თვალსაჩინო 2024 წლის ნოემბრის ბოლოდან, ქვეყნის მასშტაბით დაწყებული პროევროპული საპროტესტო აქციების ფონზე გახდა. 

„პროტესტის დაწყებიდან მალევე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ადეკვატურად გაშუქებისა და ხალხის ხმისთვის სატელევიზიო ეთერის დათმობის მოთხოვნით, ერთ-ერთ საპროტესტო კერად მაუწყბელის შენობაც იქცა. მართალია, დასაწყისში საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა დემონსტრანტების მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მათ ყოველდღიურ ეთერში მოქალაქეთა პოზიციის გახმოვანებისთვის დაახლოებით 40-წუთიანი დრო დაუთმო, თუმცა ეთერი დაახლოებით ერთ თვეში შეწყდა და აღარც განახლებულა. ამდენად, იმავე მოთხოვნით, მაუწყებელთან საპროტესტო აქციები ამ დრომდე, ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება“. 

კოალიცია მაუწყებლის მხრიდან დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნას, დაშინებასა და სხვადასხვა ფორმით შევიწროებას დაუშვებლად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ჟურნალისტებს ჰქონდეთ პროფესიული მოვალეობის სრულფასოვნად შესრულების შესაძლებლობა, რაც მაყურებლის წინაშე არსებული მათი უმთავრესი ვალდებულებაა. 

„ცალსახაა, რომ მაუწყებლის მოქმედი მენეჯმენტი და სამეურვეო საბჭო ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას და ის „ქართული ოცნების“ მხრიდან დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ რეპრესიული პოლიტიკის გატარების იარაღად არის გამოყენებული. ამდენად, კოალიცია კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს მოქმედი მენეჯმენტის ცვლილებას და მაუწყებლის გენერალური დირექტორის, თინა ბერძენიშვილისა და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას და სანაცვლოდ, პოლიტიკურად მიუკერძოებელი მენეჯმენტის ჩამოყალიბებას“.  

ვრცლად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის მონიტორინგის შედეგები იხილეთ აქ

 
სასამართლო აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის დასაშვებობაზე დღეს იმსჯელებს

სქრინი - TV პირველი


დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო აფგან სადიგოვის ექსტრადიციის დასაშვებობაზე იმსჯელებს. თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საექსტრადიციო საქმის განხილვა 28 ნოემბერს, 15:00 საათზეა ჩანიშნული. საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოსგან სადიგოვის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობას ითხოვს. 

აფგან სადიგოვი და მისი დამცველები გენერალური პროკურატურის შუამდგომლობას არ ეთანხმებიან და სასამართლოს წინაშე ასაბუთებენ, რომ მისი აზერბაიჯანში ექსტრადიცია პოლიტიკურ და თვითნებურ დევნას ისახავს მიზნად, რაც მის ჟურნალისტურ საქმიანობასა და წლების განმავლობაში ხელისუფლების დანაშაულებისა და კორუფციული საქმიანობის კრიტიკას უკავშირდება.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, დაცვის მხარე სასამართლოს წარუდგენს მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებს, რომ აზერბაიჯანში ექსტრადიციის შემთხვევაში სადიგოვი დევნას, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარება. 

„აზერბაიჯანში აქტივისტების, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების დევნის რეპრესიული პრაქტიკის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ სადიგოვი აზერბაიჯანისთვის გადაცემის შემთხვევაში თვითნებური დევნისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მსხვერპლი გახდება.

მნიშვნელოვანია, რომ სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის დაუშვებლობის შესახებ საქართველოს სახელმწიფოს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები მოუწოდებენ, მათ შორის Amnesty International და ეუთო. ისინი მიუთითებენ, რომ სადიგოვის ექსტრადიციის შემთხვევაში საქართველო დაარღვევს საერთაშორისო დონეზე აღებულ ვალდებულებებს.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სადიგოვის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის დევნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. ამას ადასტურებს თავად აზერბაიჯანის მიერ საქართველოსთვის გაზიარებული საქმის მასალები, რომელიც სრულიად არალოგიკურ და წინააღმდეგობრივ ინფორმაციასა და მტკიცებებს ეფუძნება“.

თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ინტერესებს სწორედ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავს.

აფგან სადიგოვს შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი 16 სექტემბერს უთხრა. 21 სექტემბრიდან კი, ჟურნალისტმა შიმშილობა დაიწყო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორც მეუღლე, სევინჩ სადიგოვა ამბობსძალიან  მძიმეა. 

სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა კიდევ 3 თვით თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 ნოემბერს გაუხანგრძლივა. ის შემდგომი ექსტრადირების მიზნით 3 აგვისტოს დააკავეს. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბრიდან იმყოფება და მას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობა აქვს. აფგან სადიგოვი ონლაინ მედია Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია. 

 
ჟურნალისტის ვაკანსია „ტაბულაში“



ონლაინ გამოცემა „ტაბულა“ ახალი ამბების ჟურნალისტის პოზიციაზე (სრული განაკვეთი) ვაკანსიას აცხადებს.

ჟურნალისტის ძირითადი მოვალეობა:

ახალი ამბებისა და თემატური მასალების მოძიება და მომზადება;

მოთხოვნა:

  • გამართულად წერისა და თხრობის უნარები;
  • გადაღებებზე სიარულის, აქციების და სხვადასხვა აქტივობის გაშუქების უნარები და გამოცდილება; 
  • ოპერატიულად მუშაობის უნარი, მათ შორის სტრესულ პირობებში;
  • იციან უცხო ენა (სავალდებულოა – ინგლისური ენა);
  • იცნობენ პროფესიულ სტანდარტებსა და მედიაეთიკას.
  • ამასთან ერთად, ეკონომიკური თემების მიმართ ინტერესი და მათზე წერის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე, სამოტივაციო წერილი და მის მიერ დაწერილი/გამოქვეყნებული მასალები 20 ნოემბრამდე უნდა გააგზავნონ შემდეგ მისამართზე: info@tabula.ge

როგორც „ტაბულა“ წერს, ანაზღაურება კანდიდატის სამუშაო გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების შესაბამისად განისაზღვრება (დამატებით ინფორმაციას ანაზღაურების შესახებ შერჩეული კანდიდატები გასაუბრების დროს მიიღებენ);