სქრინი - TV
პირველი
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო აფგან სადიგოვის ექსტრადიციის
დასაშვებობაზე იმსჯელებს. თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი
ჟურნალისტის საექსტრადიციო საქმის განხილვა 28 ნოემბერს, 15:00
საათზეა ჩანიშნული. საქართველოს გენერალური პროკურატურა
სასამართლოსგან სადიგოვის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადიციის
დასაშვებად ცნობას ითხოვს.
აფგან სადიგოვი და მისი დამცველები გენერალური პროკურატურის შუამდგომლობას არ ეთანხმებიან და სასამართლოს წინაშე ასაბუთებენ, რომ მისი აზერბაიჯანში ექსტრადიცია პოლიტიკურ და თვითნებურ დევნას ისახავს მიზნად, რაც მის ჟურნალისტურ საქმიანობასა და წლების განმავლობაში ხელისუფლების დანაშაულებისა და კორუფციული საქმიანობის კრიტიკას უკავშირდება.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, დაცვის მხარე სასამართლოს წარუდგენს მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებს, რომ აზერბაიჯანში ექსტრადიციის შემთხვევაში სადიგოვი დევნას, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარება.
„აზერბაიჯანში აქტივისტების, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების დევნის რეპრესიული პრაქტიკის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ სადიგოვი აზერბაიჯანისთვის გადაცემის შემთხვევაში თვითნებური დევნისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მსხვერპლი გახდება.
მნიშვნელოვანია, რომ სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის დაუშვებლობის შესახებ საქართველოს სახელმწიფოს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები მოუწოდებენ, მათ შორის Amnesty International და ეუთო. ისინი მიუთითებენ, რომ სადიგოვის ექსტრადიციის შემთხვევაში საქართველო დაარღვევს საერთაშორისო დონეზე აღებულ ვალდებულებებს.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სადიგოვის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის დევნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. ამას ადასტურებს თავად აზერბაიჯანის მიერ საქართველოსთვის გაზიარებული საქმის მასალები, რომელიც სრულიად არალოგიკურ და წინააღმდეგობრივ ინფორმაციასა და მტკიცებებს ეფუძნება“.
თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ინტერესებს სწორედ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავს.
აფგან სადიგოვს შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი 16 სექტემბერს უთხრა. 21 სექტემბრიდან კი, ჟურნალისტმა შიმშილობა დაიწყო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორც მეუღლე, სევინჩ სადიგოვა ამბობს, ძალიან მძიმეა.
სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა კიდევ 3 თვით თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 ნოემბერს გაუხანგრძლივა. ის შემდგომი ექსტრადირების მიზნით 3 აგვისტოს დააკავეს.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბრიდან იმყოფება და მას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობა აქვს. აფგან სადიგოვი ონლაინ მედია Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია.
ონლაინ გამოცემა „ტაბულა“ ახალი ამბების ჟურნალისტის პოზიციაზე (სრული
განაკვეთი) ვაკანსიას აცხადებს.
ჟურნალისტის ძირითადი მოვალეობა:
ახალი ამბებისა და თემატური მასალების მოძიება და მომზადება;
მოთხოვნა:
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე, სამოტივაციო წერილი და მის მიერ დაწერილი/გამოქვეყნებული მასალები 20 ნოემბრამდე უნდა გააგზავნონ შემდეგ მისამართზე: info@tabula.ge
როგორც „ტაბულა“ წერს, ანაზღაურება კანდიდატის სამუშაო გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების შესაბამისად განისაზღვრება (დამატებით ინფორმაციას ანაზღაურების შესახებ შერჩეული კანდიდატები გასაუბრების დროს მიიღებენ);
„მოამბის“ წამყვანი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი „მედიაჩეკერთან“
ინტერვიუში არხის მენეჯმენტთან გამართულ შეხვედრასა და ტელევიზიაში
მიმდინარე პროცესებზე საუბრობს.
„სოლიდარობა მზია ამაღლობელს“
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წამყვანი მეორე კვირაა „მოამბეს“ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორისთვის სოლიდარობის გამოცხადებით იწყებს.
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის თქმით, პროტესტის ეს ფორმა ბუნებრივად დაიბადა, რადგან ფიქრობდა, რომ მზია ამაღლობელისთვის სოლიდარობის ერთხელ დაფიქსირებით სიმკვეთრეს ვერ გადმოსცემდა:
„პირველი, რაზეც ვფიქრობ, არის ის, რომ ჩემს განცხადებებს და მოქმედებებს დადებითი შედეგი მოყვება. ერთი კუთხით, ის რომ საზოგადოება დაინტერესდება მაგალითად, ჩემი განცხადებით, რატომ შეიძლება არ პასუხობდეს ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის სარედაქციო პოლიტიკა საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებს. მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობაზე ვფიქრობ მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ მაქსიმალური ყურადღება იქნება მიპყრობილი ამ საქმისადმი და ყველა ეცდება გაერკვეს, რასთან გვაქვს საქმე. იმ უსამართლობას, რომელსაც, ჩემი აზრით, ადგილი აქვს მზია ამაღლობელის მიმართ, შესაბამისი პასუხი გაეცემა და სამართალი იზეიმებს“.
როგორც ივანოვ-ჩიქოვანმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში, „პირველი არხის“ გენერალური დირექტორი მაუწყებლის თანამშრომლებს კატეგორიების მიხედვით ხვდება, მასთან მსგავსი შეხვედრა კი ინდივიდუალურად გაიმართა.
„გასული კვირის პარასკევს, უკვე ეთერი როცა დამთავრდა, ჩვენმა HR-მა დამირეკა და მითხრა, რომ გენერალურ დირექტორს უნდოდა ჩემთან შეხვედრა. შედგა ასეთი შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა არხის იურისტი, ასევე ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი (HR), საინფორმაციოს უფროსი და გენერალური დირექტორი. მანდ იყო საუბარი, თუმცა კონკრეტულად ამ სოლიდარობაზე არაფერი არ ყოფილა“.
„სამუშაო პროცესი საზოგადოებრივ მაუწყებელში“
როგორც „მოამბის“ წამყვანი ამბობს, ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკში დილის დაგეგმვა და სამუშაო თათბირები არ იმართება.
„ნიუსრუმში დილის დაგეგმვა არ იმართება. არ იმართება შემდეგ განხილვა, რას ვაკეთებთ კარგად, რას ვაკეთებთ ცუდად. არ იმართება სამუშაო თათბირები, შესაბამისად, ის რომ მე რაღაც, ოფიციალური შესაძლებლობა მქონდეს, დავაფიქსირო ჩემი პოზიცია ან მოსაზრებები, არ მაქვს…როდესაც არ არის სამუშაო პროცესი, ბევრი ადამიანისთვის რთულია, მოიქცეს ესე რომ იპოვოს ადამიანი, მაგალითად, უფროსი და მასთან ილაპარაკოს იმის შესახებ, რომ მოთხოვოს რაღაც“.
ცენზურა
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის თქმით, არხზე შექმნილია ვერტიკალი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, რა უნდა გაკეთდეს და რა არ უნდა გაკეთდეს, რაც საინფორმაციო ველის შეზღუდვას იწვევს.
„როდესაც არ არის ასეთი დემოკრატიული განხილვის მექანიზმი და ყალიბდება კონკრეტული ვერტიკალი, აქ უკვე ინფორმაცია იზღუდება. შესაბამისად, ეს შეიძლება ჩაითვალოს ცენზურად, რომ ჩვენ ვერ ავსახავთ კონკრეტულად საზოგადოების დღის წესრიგს“.
ვალის მაღლაფერიძე - სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე
ივანოვ-ჩიქოვანის შეფასებით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, ვასილ მაღლაფერიძეს ეკისრება.
„ვასილ მაღლაფერიძე იყო ადამიანი, რომელიც თავის დროზე, ტელევიზიაში გენერალურ დირექტორად დაინიშნა. შემდეგ უკვე გენერალური დირექტორობიდან წავიდა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილედ. ეს თანამდებობა მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების არგუმენტით დატოვა და შემდეგ იგი პარლამენტმა სამეურვეო საბჭოს წევრად აირჩია. ხოლო, საბჭომ - თავმჯდომარედ…უპირველესი პასუხისმგებლობა, რა საკვირველია, ვასილ მაღლაფერიძეს ეკისრება, იმიტომ რომ სამეურვეო საბჭო ვალდებულია, თუ რაიმე არ მიდის ისე მაუწყებელში, სათანადო შეფასება მისცეს.
არაჯანსაღი მდგომარეობა ტელევიზიაში
„მოამბის“ წამყვანი ტელევიზიის თანამშრომლებს შორის არსებულ არაჯანსაღ მდგომარეობაზეც საუბრობს.
„გიდასტურებთ იმას, რასაც სხვა თანამშრომლები ამბობენ, რომ კი, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ესეთი დამოკიდებულება, პირადი დამოკიდებულება თანამშრომლების მიმართ მეც დამინახავს, რაღაც შემთხვევაში ჩავრეულვარ კიდევაც. ეს არ არის ჯანსაღი პროცესი, რომელიც უნდა იყოს სამსახურში“.
საგანგებო ეთერი
........................................................................................................................................
28 ნოემბერს
ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების
პროცესს აჩერებს, რასაც ყოველდღიური ფართომასშტაბიანი პროტესტი
მოჰყვა. 30 ნოემბრიდან საპროტესტო აქციების გამართვა ღია ეთერის
დათმობისა და მენეჯმენტის გადადგომის მოთხოვნით დაიწყო
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ძველ შენობასთანაც. 2025 წლამდე
ტელევიზია „საგანგებო ეთერის“ ფორმატში პროევროპული აქციის
მონაწილეებსა და მომხრეებს გარკვეულ დროს უთმობდა, თუმცა მაუწყებელმა
ეს ფორმატი ახალი წლიდან
შეწყვიტა.
........................................................................................................................................
„ეს ეთერი, როგორც გენერალურმა დირექტორმა მე მითხრა, იყო კეთილი ნება. ამ საზოგადოებას იგი არ მოუპოვებია, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ეს ეთერი და ეს ფორმატი არ იყო გამზადებული, ბადეში რომ ჩაშვებულიყო. ეს ფორმატი ჩაეშვა ბადეში მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ აქცია გაიმართა“.
როგორც „მოამბის“ წამყვანი აღნიშნავს, „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ კანონით ბევრი რამ ევალება, რისი შესრულებაც ახალ შებობაში გადასვლის მოტივით ვერ ხერხდება.
ამ ვითარებიდან მაუწყებელი უფრო ძლიერი გამოვა
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის თქმით, არხზე მომუშავე კეთილსინდისიერი ადამიანების წყალობით, ამ ვითარებიდან, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ უფრო ძლიერი გამოვა.
„ვიცი, რომ კომუნისტების დროს ხერხდებოდა ეს. ვიცი, რომ ყველა შემდეგი ხელისუფლების დროს ხერხდებოდა, მიუხედავად წნეხისა, ზეწოლისა, ცენზურის მცდელობების, „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ მაინც შეძლო შეენარჩუნებინა ეს იდეა. ყოველთვის ეს კეთილსინდისიერი ადამიანები ახერხებდნენ, რომ ცენზურის პირობებშიც კი, რაღაც სინათლის სხივი გაეშვათ მაყურებლის მიმართულებით და მგონია, რომ ეს უფრო და უფრო მეტად გაძლიერდება. ამ ვითარებიდან მგონია, რომ მაუწყებელი უფრო ძლიერი გამოვა“.
გადაცემა „ბუნების კანონის“ ავტორი ირაკლი მსხილაძე ორი კვირაა
საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიის“ თანამშრომელი აღარ
არის. მსხილაძე „აჭარის ტელევიზიაში“ 2008 წლიდან მუშაობდა, „ბუნების
კანონი“ კი ტელევიზიის ეთერში 10 წელი გადიოდა.
„გადაცემა გაჩერდება, თუ ფორმატი არ
შეიცვლება“, - ირაკლი მსხილაძეს „აჭარის ტელევიზიის“ მენეჯმეტმა
„ბუნების კანონის“ ფორმატის შეცვლა ნოემბერსა და დეკემბერში
ორჯერ სთხოვა. მსხილაძის თქმით, გადაცემის „უვარგისობაზე“ საუბარი
ბალდის კანიონის შესახებ მომზადებული ეპიზოდის - „როლერის ატრაქცია“
ტელევიზიის ვებგვერდიდან და იუთუბ არხიდან წაშლის შემდეგ დაიწყო.
„როლერის ატრაქციის“ ეთერში გასვლიდან, თითქმის 1 წლის შემდეგ კი
გადაცემა დაიხურა.
როგორ ვითარდებოდა მოვლენები და რა გახდა „აჭარის ტელევიზიის“
დატოვების მიზეზი წაიკითხეთ ირაკლი მსხილაძესთან „მედიაჩეკერის“
ინტერვიუში.
ირაკლი, რატომ შემოგთავაზა საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის
ტელევიზიის“ მენეჯმენტმა გადაცემის ფორმატის
შეცვლა?
- ფორმატის ცვლილება იყო საბაბი, მთავარი პრობლემა სხვა რამაა. ტელევიზიის მესვეურების მხრიდან გადაცემის უვარგისობაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის 27 თებერვალს, რამდენიმე დღით ადრე ეთერში გასული გადაცემა იუთუბიდან და ტელევიზიის ვებგვერდიდან წაიშალა. ეპიზოდი - „როლერის ატრაქცია“ ბალდის კანიონის გასხვისებას ეხებოდა. ტელევიზიის შიდა მოკვლევას კი უნდა დაედგინა, რა გახდა ვებგვერდიდან ეპიზოდის წაშლის მიზეზი, თუმცა მოკვლევის შედეგი ჩემთვის დღემდე უცნობია.
(სქრინი გადაცემის არქივიდან, სადაც ჩანს, რომ 22 თებერვლის გადაცემა - „როლერის ატრაქცია“ ტელევიზიის ვებგვერდზე არ დევს)
არჩევნებამდე ჩემი გადაცემის შესახებ პრობლემური არაფერი მსმენია. შეიძლება რაღაც შენიშვნები იყო, მაგრამ ის რომ დასახურია, ასეთი ფორმულირებით არაფერი მსმენია. ნოემბრის პირველ რიცხვებში, როცა მმართველი საბჭოს სხდომა გაიმართა, დირექტორმა [ვლადიმერ ტატიშვილი] სწორედ იქ ახსენა, რომ ეს გადაცემა დასახურია. მე ამის შესახებ მმართველი საბჭოს წევრებმა მაცნობეს.
შემდეგ, 20 ნოემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, პირადად
შევხვდი დირექტორს. მან დამიდასტურა, რომ გადაცემის დახურვას აპირებდა
და უნდა გადამეღო საცდელი ვერსია განახლებული ფორმატით.
რა იგულისხმებოდა განახლებულ ფორმატში?
- საუბრის დროს ასეთ დეტალებში არ შევსულვართ. მე ჩავთვალე, რომ თავად უნდა განმესაზღვრა, რა იქნებოდა განახლებული ფორმატი. შემდეგ, დეკემბრის შუა რიცხვებში, გავიგე, რომ თურმე დედლაინი 31 დეკემბრამდე მქონდა.
გადაცემა განახლებული ფორმატით - „გამბუზია და ქოლგა სახეობები“, ისე როგორც მე მესახებოდა, ეთერში 26 დეკემბერს გავიდა. დირექტორმა, რომელსაც გადაცემა მმართველი საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა აჩვენა, თქვა, რომ განახლებულ ფორმატში ის წამყვანს გულისხმობდა. [გადაცემას მანამდე წამყვანი არ ჰყავდა]
15 იანვარს კი ჩემმა ხელმძღვანელმა მაცნობა, რომ თუ პილოტს [საცდელი ვერსია] წამყვანის მონაწილეობით დროულად არ მოვამზადებდი, გადაცემა შეჩერდებოდა.
მე ამაზე დავყევი. დავიწყე წამყვანის მოძიება, რომელსაც, როგორც მითხრეს, ხელფასს (ხელზე ასაღები) 1000 ლარს დაუნიშნავდნენ. ოთხი კანდიდატურა შევარჩიე. მათგან ერთმა მზია ამაღლობელის საქმის გამო „აჭარის ტელევიზიასთან“ თანამშრომლობისგან თავი შეიკავა. ერთმა შეთავაზებული თანხის გამო თქვა უარი. ბოლოს, მაინც მოვახერხე ერთი ძველი და ერთი ახალი კადრის დახმარებით, წამყვანის მონაწილეობით გადაცემისთვის ორი რუბრიკა ჩამეწერა. ეს ეთერში არ გასულა, საცდელი გადაცემა იყო, რომელიც დირექტორს მისი მოადგილის შუამდგომლობით გავუგზავნე და მან ეს 30 იანვარს ნახა.
ამ შემთხვევაში მე შემიძლია, ვარაუდი გამოვთქვა (განხილვის პროცესში მონაწილეობა არ მიმიღია, ამ შეხვედრას არ ვესწრებოდი), რომ დირექტორმა მმართველი საბჭოს წევრებს მიანიშნა, უკარნახა ფრაზა, მე როგორც გადმომცეს, „ეგ რა არისო“. ანუ ჩემი ეს საპილოტე ვერსია დაიწუნა.
არ ვიცი, რა არ მოეწონა, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ეს
ფორმატის ცვლილება არის საბაბი და პრობლემა ვარ მე. უფრო სწორად
პრობლემაა გადაცემის შინაარსი.
ამის შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები?
- ის რომ დირექტორს საპილოტე ვერსია არ მოეწონა, 3 თებერვალს გავიგე. მეორე დღეს მივლინება მქონდა დაგეგმილი ლენტეხში და სამივლინებო ფურცელი უნდა დამეწერა. პროდიუსერმა მაცნობა, რომ დირექტორთან იყო გასარკვევი, მივლინება შედგებოდა თუ არა. ანუ მივლინებაში არ მიშვებდნენ. თუ მივლინებაში ვერ წავიდოდი, გადაცემაც ჩავარდებოდა. შემდეგ, მმართველი საბჭოს ერთ-ერთი წევრის ჩარევის შედეგად, როგორც იქნა ჩემი მივლინების ფურცლის შევსება მოხერხდა. სწორედ იმ დღეს გავიგე, რომ თურმე ეს საპილოტე ვერსია არ მოეწონა.
თებერვლის პირველ ხუთშაბათს [6 თებერვალს] ეთერში „ბუნების კანონის“ ბოლო გადაცემა გავიდა. მეორე დღეს, 7 თებერვალს მმართველი საბჭოს წევრსა და დირექტორის მოადგილეს შევხვდი, გაირკვა, რომ თანამშრომლის აყვანასა და ხელფასის გადახდას, ანუ პროექტის ამ მხრივ გაძლიერებას არ აპირებდნენ. ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო. თუ ამ ადამიანს არ აიყვანდნენ, რა მითითებაც მივიღე ის ვერ განხორციელდებოდა.
სხვა სახის შემოთავაზება ხომ არ ყოფილა?
- როცა მივლინების პრობლემა შემექმნა, პროდიუსერს განუმარტეს, ალბათ, დირექტორის დანაბარები, რომ ჩემი ტელევიზიაში დარჩენის სხვა ვარიანტი არსებობდა. „ბუნების კანონი“ დილის გადაცემის რუბრიკად უნდა გადამეკეთებინა. დამოუკიდებელი გადაცემის რუბრიკად გადაქცევაზე უარი ვთქვი. წლების განმავლობაში დილის გადაცემაში ვმუშაობდი, არაფერი სასირცხვილო ჩემთვის ეს არ იყო, მაგრამ ისინი მიიჩნევდნენ ამას დამცირებად. თან, ჩემი დამოკიდებულებაც შეიცვლებოდა. ყველაფერი ისე მიეწყო ერთმანეთს, რომ ვხვდებოდი, ჩემ მიმართ არამეგობრული დამოკიდებულება ყალიბდებოდა.
რას უკავშირებთ ნოემბრის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს და რა
გახდა თქვენი ტელევიზიიდან წამოსვლის მიზეზი?
- მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს არის ბალდის გადაცემის ინერცია. ბალდის გადაცემის შემდეგ გართულდა ურთიერთობები. არც მოკვლევის ფურცელი ჩამბარებია, სადაც ახსნილი იქნებოდა, თუ რის გამო წაიშალა და ვინ წაშალა 27 თებერვალს გადაცემა, რომელიც ბალდის კანიონს ეხებოდა. შემიძლია ვივარაუდო, რომ აღნიშნული გადაცემა, ეთერში რაც გავიდა, არც უნახავთ. ვებგვერდზე როცა დაიდო, შემდეგ წაშალეს. შეიძლება ტელევიზიის გარედან იყო მითითება. არც ერთი დირექტორის დროს „ბუნების კანონის“ არცერთი გადაცემა, ამ კონკრეტულ შემთხვევამდე, არავის წაუშლია. ამ მენეჯმენტთან შეუძლებელი აღმოჩნდა ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა და შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე 11 თებერვალს ტელევიზია დავტოვე.
„მედიაჩეკერი“ საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორსაც დაუკავშირდა.
ვლადიმერ ტატიშვილი გადაცემის დახურვას ადასტურებს, რადგან „წავიდა ავტორი“. თუმცა, მისი თქმით, მსგავსი თემატიკის გადაცემაზე მუშაობენ.
„მედიაჩეკერის“ კითხვის საპასუხოდ, თუ რატომ მიაჩნდა, რომ გადაცემა დასახური იყო, ტატიშვილი ამბობს: „ამ სახით არის გასაჩერებელი-მეთქი…არ შეიძლება, ერთმა ადამიანმა აკეთოს ყველაფერი. იყოს ოპერატორი, პროდიუსერი, რეჟისორი, ყველაფერი, არ შეიძლება. შევთავაზეთ ასე, ისე. ნუ, მოხდა ახლა, არ მინდა შიდა სამზარეულოზე საუბარი. ვერ შეეწყვნენ, თუ ვერ აეწყვნენ, როგორც არის, მე ვთქვი, რომ გადაცემას დავამსგავსოთ, იმიტომ რომ ეს არის რუბრიკა, ეს არ არის გადაცემა. ორი წელია უკვე ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ. სხვა გადაცემებმა ასე თუ ისე რაღაცები შეცვალეს. აქ ნუ არანაირი ძვრა არ იყო. ბოლოს პილოტი უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ ამასაც ვერ მოება თავი და ა.შ. და ა.შ.“