12.07.2018
ტელეკომპანიას მსგავს თემაზე მასალა ადრეც აქვს მომზადებული და წინა სიუჟეტის მსგავსად, ამჯერადაც, ჟურნალისტურ პროდუქტში არ იყო გათვალისწინებული ბავშვის საუკეთესო ინტერესები. მასალის მთავარი აქცენტი, ამჯერადაც, არა არასრულწლოვანთა დანაშაულის აცილებისთვის საჭირო პრევენციის არარსებობა, არამედ კანონით მათი დასჯის შეუძლებლობა იყო. ჟურნალისტი და წამყვანი საუბრობდნენ "კანონში არსებულ ხარვეზებზე" , რაც პოლიციას არასრულწლოვანი თავდამსხმელების დაკავების უფლებას ართმევს. საუბარია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე, რომელშიც ნათქვამია, რომ "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში, უპირველეს ყოვლისა, გაითვალისწინება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები".
“არასრულწლოვნების მიერ გახშირებული ქურდობები ქვეყნისთვის უკვე სერიოზულ პრობლემად იქცა. იქ, სადაც კანონი უძლურია, საკუთარი თავის დაცვაზე ბიზნესსექტორმა თავად დაიწყო ზრუნვა და მაღაზიები რკინის გისოსებით შემოღობა. ბიზნესი მთავრობას იმ კანონის გადახედვას სთხოვს, რომელის მიხედვითაც, მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად 12 წლამდე პირები სასჯელის მიღმა რჩებიან”, - ამ სიტყვებით წარადგინა გამოშვების წამყვანმა სიუჟეტი.
სიუჟეტის დაწყებიდან მალევე ჟურნალისტი გაძარცვული კომპანიის წარმომადგენელის კომენტარს გვთავაზობს. ეს ერთადერთი რესპონდენტია, რომელიც კანონის ხარვეზზე მიუთითებს. მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტში ყველა სხვა პირი პრევენციის აუცილებლობაზე საუბრობს, ჟურნალისტის ტექსტების მთავარი მესიჯი მაინც კანონის გამკაცრებაა. ერთ შემთხვევაში, ავტორი ცვლის კიდეც რესპონდენტის ნათქვამის აქცენტს - ჟურნალისტი ამბობს, რომ ბიზნესომბუდსმენის ირაკლი ლექვინაძის აზრით, პრობლემა ლიბერალური პოლიტიკაა. შემდეგ ვისმენთ რესპონდენტის მოსაზრებას, რომელიც პირიქით, ამბობს, რომ ჰუმანური კანონმდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ “მნიშვნელოვანია რომ გაძლიერდეს პრევენციული ღონისძიებები, რომ რაც შეიძლება მსგავსი ტიპის შემთხვევებს ნაკლებად ჰქონდეს ადგილი”.
როდის და რატომ შეიცვალა
კანონმდებლობა
აღნიშნული კომიტეტი მონაწილე ქვეყნებს ურჩევს, არ დაიყვანონ მინიმალური ასაკი თორმეტ წლამდე, რადგან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაბალი ასაკობრივი ზღვარი არ შედის ბავშვის საუკეთესო ინტერესში. აქვე განმარტებულია, რომ პასუხისმგებლობის მაღალი ასაკი, როგორიცაა 14-16 წელი, ხელს უწყობს სასამართლო პროცედურების გარეშე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულებას და ბავშვის უფლებებისა და სამართლებრივი გარანტიების დაცვას.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროს ზოგადი სტანდარტების მიხედვით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს ქვემოთ მყოფი ბავშვები პრევენციის სფეროს ნაწილია და არა დასჯის. ამ სტანდარტების მიხედვით, სახელმწიფოს ევალება შექმნას პრევენციის ეფექტიანი მექანიზმი. ამ პროცესში წამყვანი როლი ეკისრება სოციალურ და განათლების სფეროებს, სამართალდამცველი ორგანოების ფუნქცია არა არასრულწლოვნის დასჯა, არამედ პრობლემის იდენტიფიცირება და მისი შესაბამის სექტორში გადამისამართება უნდა იყოს. გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარებში ვკითხულობთ, რომ არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციის ზომების არარსებობა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პოლიტიკის სერიოზული ხარვეზია.
მედიის პასუხისმგებლობა
“უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭეთ ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოთ ისეთი მასალა, რომელიც საზიანო იქნება მისთვის”, - ვკითხულობთ სახელმძღვანელო წესებში, რომელიც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერაა მომზადებული.