მუქარის შემცველი ვიდეოს შესახებ ინფორმაცია მედიასაშუალებებმა გადამოწმების გარეშე გაავრცელეს
06.08.2018
6 აგვისტოს “პალიტრანიუსმა” გაავრცელა მასალა, რომლის მიხედვითაც “ ISIS-ის ქართული დაჯგუფება საქართველოს ხელისუფლებას ემუქრება”. ამის დასტურად კი გამოაქვეყნა ვიდეო მიმართვა, რომელშიც მძიმე კადრებს თან ახლავს მუქარის შემცველი ტექსტი ქართულ ენაზე. “პალიტრანიუსი” აცხადებს, რომ მასალა ექსკლუზიურად მოიპოვა. ტელეკომპანია “პირველთან” საუბარში კი ჟურნალისტმა დააკონკრეტა, რომ ვიდეო ორი კვირის წინ სოციალური ქსელის დახურულ ჯგუფში აიტვირთა და ეჭვი არ ეპარება მის ავთენტურობაში. მასალაში “პალიტრანიუსი” ამატებს, რომ ერთ-ერთი ვერსიით (უცნობია ვისი ვერსიით), ტერორიზმის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში “იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით, სუს-ის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე მალხაზ ტ., რომლის აყვანის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა, ზემოხსენებულ დაჯგუფებასთანაა კავშირში”. არც პალიტრანიუსს და არც “პალიტრის” ჰოლდინგში შემავალ სხვა გამოცემებს (ინტერპრესნიუსი, კვირის პალიტრა, ambebi.ge), რომლებმაც უცველელად განათავსეს პალიტრანიუსის მასალა, არ დაუკონკრეტებიათ რის საფუძველზე განაცხადეს, რომ ვიდეო ნამდვილად “ISIS-ის ქართულმა დაჯგუფებამ” გაავრცელა, არ განუმარტავთ რა დაჯგუფებაა ეს და ვინ არიან მისი წევრები, რა კავშირი აქვთ ტერორისტულ ისლამურ სახელმწიფოსთან (ISIS).

ვიდეო უცვლელად იყო გამოქვეყნებული, რითიც მედიასაშუალებამ ხელი შეუწყო მის ტირაჟირებას. ტერორიზმთან დაკავშირებული თემების გაშუქების სახელმძღვანელო წესებში, რომელიც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ შექმნა, აღნიშნულია, რომ “საზოგადოებას აქვს უფლება მიიღოს ინფორმაცია ტერორიზმთან და მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით, თუმცა მედიას აკისრია პასუხისმგებლობა უნებურად არ გახდეს ხელშემწყობი ტერორისტული შინაარსის მიმართვების თუ მოწოდებების ტირაჟირებისა.”

სწორედ ამგვარ ტირაჟირებას შეუწყეს ხელი სხვა მედიასაშუალებებმაც, რომლებმაც “პალიტრანიუსზე” დაყრდნობით უცვლელად გამოაქვეყნეს ზემოთ აღნიშნული მუქარის შემცველი ვიდეო. მათ შორის იყვნენ imedinews.ge, fortuna.ge, რეზონანსი, kvira.ge, allnews.ge. "პალიტრანიუსის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია საკუთარი ინტერპრეტაციით გაავრცელეს ტელეკომპანია იბერიამ, alia.ge-მ, kvira.ge, exclusivenews.ge-მ -მათი თქმით ვიდეო ISIS-მა გაავრცელა და არა მისმა ქართულმა დაჯგუფებამ, როგორც ამას “პალიტრანიუსი” აცხადებდა. ვიდეო სრულად არ გაუვრცელებიათ, თუმცა, მის ავტორად ISIS-ის ქართული დაჯგუფება მტკიცებით ფორმაში დაასახელეს შემდეგმა მედიასაშუალებებმა - მაესტრო, commersant.ge, primetime.ge, intermedia.ge
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ