ოქტომბრის პირველ ნახევარში, ორი კვირის განმავლობაში, ტელეკომპანია იმედმა კვირის მთავარ გადაცემებში ეკონომიკის მინისტრს, გიორგი ქობულიას ორი ვრცელი მასალა მიუძღვნა. 8 ოქტომბერს "იმედის კვირამ" მინისტრზე რეპორტაჟი მოამზადა, 16 ოქტომბერს კი გიორგი ქობულია სტუმრობდა გადაცემას "პირისპირ" და ნახევარი საათის განმავლობაში პასუხობდა მისი წამყვანის, ირაკლი ჩიხლაძის კითხვებს.
ორივე მასალაში მინისტრი პოზიტიური კუთხით იყო წარმოჩენილი. იმ
ფონზე, როდესაც ქვეყნის ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია და ამას
არაერთი მონაცემი და კვლევა ადასტურებს, ავტორებს თითქმის არ დაუსვამთ
რესპონდენტისთვის კრიტიკული კითხვები; მასალები გარკვეულწილად
ერთმანეთის გამეორება და გაგრძელება იყო; მინისტრი ძირითადად
სამომავლო გეგმებზე საუბრობდა.
8 ოქტომბერს გასული, თითქმის 10-წუთიანი რეპორტაჟის მთავარი აქცენტი
მინისტრ ქობულიას საერთაშორისო გამოცდილება იყო. მასალის დიდი ნაწილიც
მის განვლილ გზასა და მიღწეულ წარმატებებზე საუბარს დაეთმო. ქვეყნის
ეკონომიკის გაჯანსაღებაზე საუბრისას ამ რეპორტაჟში მინისტრმა მოკლედ
ახსენა ის სამი მიმართულება, რაზეც უნდა იმუშაონ: მათ შორის,
ადგილობრივი კადრების გადამზადება ინვესტიციების მოზიდვამდე.
ის რისი გაშლაც რეპორტაჟში ვერ მოასწრო, გიორგი ქობულიამ ერთი
კვირის მერე, იმავე არხზე, მეორე მთავარ გადაცემაში გააგრძელა.
ნახევარსაათიანი ინტერვიუ მინისტრთან ირაკლი ჩიხლაძემ სწორედ ზემოთ
აღნიშნულ ადამიანურ რესურსებზე საუბრით დაიწყო. ამ კითხვის პასუხის
მთავარი აქცენტი ის იყო, რომ ქვეყნის ეკონომიკის მთავარი პრობლემა
კადრების კვალიფიკაციაა და ეკონომიკის სამინისტრომ განათლების
სამინისტროსთან ერთად პირველ რიგში პერსონალი უნდა გადაამზადოს.
პირველი კითხვის მსგავსად, რას გეგმავთ? როგორ აისახება? როგორ
განვითარდება? - ამ ტიპის იყო მინისტრთან დასმული სხვა კითხვებიც.
ამგვარი კითხვები კი მინისტრს უხსნიდა ასპარეზს ვრცლად ესაუბრა იმაზე,
როგორ "განვითარდება, შეიცვლება, დასტაბილურდება და გაუმჯობესდება
ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკაში".
თითქმის არცერთი კითხვა წამყვანს რაიმე მონაცემით ან კონტრარგუმენტით
არ შეუბრუნებია. კრიტიკულის შთაბეჭდილებას მინისტრი უფრო ტოვებდა,
რადგან ის მეტად საუბრობდა სფეროს პრობლემებზე, ვიდრე წამყვანი.
მაგალითად, არაფერს ჩაკითხვია სტუმარს, როცა მან განაცხადა, რომ უცხო
ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის მიყიდვის აკრძალვა სინამდვილეში სულაც არ
უქმნის პრობლემებს ინვესტორებს, მაშინ, როცა საწინააღმდეგოს
ამტკიცებენ ეკონომისტები და ამბობენ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში
ეს უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე (დაიწევს მიწის ფასი,
შემოვა ნაკლები ინვესტორი, მიწები მიმზიდველი აღარ იქნება
ბანკებისთვის სესხის გაცემის დროს და ა.შ.)
წამყვანმა არგუმენტაციის მოშველიება მაშინაც ვერ (ან არ) მოახერხა,
როდესაც მინისტრი ირწმუნებოდა, რომ ის რეგულაციები, რომლებიც სესხების
გაცემის შესახებ პირველი ნოემბრიდან უნდა ამოქმედდეს, პირველ რიგში
მოსახლეობის ღარიბი, სესხებზე დამოკიდებული ფენის კეთილდღეობისთვის
არის საჭირო. მინისტრი იწმუნებოდა, რომ ამ შეზღუდვების შემდეგ,
სესხებს ვეღარ აიღებს ის ფენა, რომელიც შესაძლოა შემდეგ ამ ფულით
მობილურ ტელეფონს ყიდულობდა, ვეღარ იხდიდა, შავ სიაში ხვდებოდა და
მუშაობის მოტივაციას კარგავდა. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ ისევ
ეკონომიკურ მდგომარეობას გააჯანსაღებს.
არც რეპორტაჟის და არც ინტერვიუს
ავტორებს არ გაუმახვილებიათ ყურადღება ახალდანიშნული მინისტრის
გრძელვადიან შვებულებებზე. ინტერვიუსგან განსხვავებით, სადაც ეს თემა
საერთოდ არ უხსენებიათ, რეპორტაჟიდან გავიგეთ, რომ ეს შვებულება
მინისტრს იმისთვის დასჭირდა, რომ მსოფლიო ბიზნეს კონსალტინგის
უმაღლესი ლიგაში დაესრულებინა საქმეები. რამდენად ჰქონდა მას ამის
უფლება, როდის და რა ხანგრძლივობით ისარგებლა, ამაზე აქცენტი
რეპორტაჟში არ გაკეთებულა.
არცერთ მასალაში არ უხსენებიათ UNICEF-ის კვლევა, რომელშიც საუბარია,
რომ ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი გაიზარდა; არც გერმანიის
კანცლერის ვიზიტის მინისტრის გარეშე ჩავლის შესახებ უთქვამთ რამე.
სამაგიეროდ ინტერვიუში წამყვანს ჰქონდა დრო სტუმრისთვის ეკითხა:
- თქვენს სამინისტროში შემავალი ტურიზმის ადმინისტრაციის
ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ყველა ვთანხმდებით და საზოგადოებამაც
იცის, რომ საკმაოდ წარმატებული ხელმძღვანელია და ის დაკავებულია 24
საათის განმავლობაში თუ როგორ გაიზარდოს ქვეყანაში ტურიზმის როლი. რა
შედეგებს მოუტანს მერე ეს ეკონომიკას, ბუნებრივია , ყველამ ვიცით,
მაგრამ, როდესაც და ციფრებიც მეტყველებს და ამის შესახებ თქვენც
გექნებათ ინფორმაცია, რომ წლიდან წლამდე, თვიდან თვემდე იზრდება
ტურისტის რაოდენობა ქვეყანაში, ეს კიდევ იწვევს იმას, რომ ის ტურისტი
ხარჯავს და ეს თანხა კონკრეტულ საქმეებს ხმარდება, ანუ ბიუჯეტშიც
შედის ხო. ინფრასტრუქტურა ტურიზმის ინფრასტრუქტურა არის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის მოწესრიგება და მოწყობა არის
აუცილებელი, რომ კიდევ უფრო განვითარდეს ტურიზმი, თუმცა, ეს
ინფრასტრუქტურული ნაწილი არ შედის თქვენს უწყებაში. გაქვთ თუ არა უკვე
რაიმე სტრატეგია ან გეგმა, როგორ აპირებთ თანამშრომლობას და როგორ
უნდა განვითარდეს ტურიზმის მიმართულებით ინფრასტრუქტურა
[სტილი დაცულია].
მინისტრთან ინტერვიუ იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ლარის კურსმა
განსაკუთრებული ვარდნა დაიწყო (16 ოქტომბერს ლარის კურსმა 2.69-ს
მიაღწია). თუმცა, ეს თემა დღის წესრიგში მხოლოდ ინტერვიუს ბოლოს დადგა
(ტურიზმზე, საპირფარეშოებზე, კადრებზე და მსგავს თემებზე საუბრის
შემდეგ). სხვა პასუხების მსგავსად, მინისტრის პასუხიც, რომ "ლარის
კურსის ცვლილება, არ არის ფუნდამენტური ცვლილება და ეს ბიზნესმენების
ემოციური მდგომარეობის ბრალია", წამყვანმა დამატებითი კითხვის გარეშე
მიიღო და გადაცემა ასე დაასრულა: "ჩვენ ველოდებით ლარის გამყარებას,
ველოდებით სიღარიბის დაძლევას და სოფლის მეურნეობის განვითარებას, რაც
ეკონომიკის განვითარებას და აღმავლობას შეუწყობს ხელს"