პრეზიდენტის ინაუგურაცია და ოპოზიციის აქცია კვირის მთავარ გამოშვებებში
17.12.2018
16 დეკემბერს, კახეთში, ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცის პარალელურად, სოფელ ველისციხესთან ოპოზიციასა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც თელავისკენ მიმავალ ოპოზიციის კოლონას გზა გადაკეტილი დახვდა. მწვავე დაპირისპირება რამდენიმე საათს გაგრძელდა. ინციდენტის დროს დაშავდა რამდენიმე მოქალაქე და სამართალდამცველი, დაზიანდა მოქალაქეებისა და პოლიციის მანქანები.

ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია და პარალელურად მიმდინარე საპროტესტო აქცია რუსთავი 2-ის, იმედისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის კვირის გადაცემების მთავარი თემა იყო. მაუწყებლებმა ამ თემებს არაერთი სიუჟეტი მიუძღვნეს, თუმცა, განსხვავებული აქცენტებით. პირველი არხის მასალებს გამოკვეთილი ხაზი არ გასდევდა, მაყურებელს უამბეს ინაუგურაციის დეტალებზე და ასევე, უთხრეს ისიც, რა ხდებოდა ოპოზიციის აქციაზე. თუმცა, ამ სიუჟეტში ხაზგასმით თქვეს, რომ დაპირისპირების მიზეზი შსს-ს მითითებისადმი დაუმორჩილებლობა გახდა. “იმედის” სიუჟეტებს ოპოზიციის შესახებ ერთი მთავარი ხაზი და გზავნილი ჰქონდა - არშემდგარი პროვოკაცია. “რუსთავი 2” კი ყველა მასალაში აქცენტს იმაზე აკეთებდა, რომ ამ დღეს ოპოზიციას თავისუფალი გადაადგილების უფლება შეელახა.

რუსთავი 2-ის გადაცემა “პოსტსკრიპტუმი” მთლიანად ინაუგურაციისა და ოპოზიციის პროტესტის თემას დაეთმო. საზოგადოებრივი მაუწყებლისა და იმედის კვირის მთავარ გადაცემებში კი ამ თემებზე სამ-სამი სიუჟეტი გავიდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამი მასალიდან ორი ინაუგურაციას, ერთი კი ოპოზიციის პროტესტს შეეხებოდა; “იმედმა” ორი სიუჟეტი ოპოზიციის ქმედებებზე მოამზადა, ინაუგურაციას კი ერთი სიუჟეტი მიუძღვნა.

რაოდენობების მსგავსად, იმედსა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე მსგავსი იყო სიუჟეტების რიგითობაც. ორივე არხმა კვირის მთავარი გადაცემები ინაუგურაციის თემით გახსნა, მეორე სიუჟეტი ოპოზიციას დაუთმო, მესამე სიუჟეტად იმედმა ისევ ოპოზიციის ქმედება (მათი ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლა) გაუშვა, პირველმა არხმა კი კვლავ ინაუგურაციის თემა (დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩატარებული ინაუგურაციები) აირჩია.

რუსთავი 2-ის მთავარ გადაცემაში პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერმონიალი ბოლოდან მეორე სიუჟეტად გავიდა. ამ მასალას გადაცემაში ჟურნალისტების ჩართვები (თბილისდან და თელავიდან) და სამი სიუჟეტი უსწრებდა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “ახალი კვირის” პირველი სიუჟეტი სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შესახებ დეტალებს დაეთმო. მასალა ძირითადად თელავში ჩატარებული ღონისძიების დეტალებსა და სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო სიტყვას შეეხებოდა. სიუჟეტის გასვლის შემდეგ წამყვანმა იმედა დარსალიამ აღნიშნა: „ვერაფერს ვიტყვით საკმაოდ კარგი საპრეზიდენტო სიტყვა ჰქონდა.“

სიუჟეტის მეორე ნაწილში რამდენიმე წინადადებით თქვეს, რომ „წინა ინაუგურაციის მსგავსად, პროცესს ოპოზიციის აქციის გარეშე არც ამჯერად ჩაუვლია. უცვლელი დარჩა პრეტენზიები არჩევნების შედეგების აღიარებასთან დაკავშირებით, სამაგიეროდ შეიცვალა მოქმედი გმირები. თუ გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობას ლეიბორისტები აპროტესტებდნენ, სალომე ზურაბიშვილის არჩევას ამჯერად ნაციონალური მოძრაობის წევრები ეწინააღმდეგებიან.“

მეორე ამბავი დაეთმო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებისა და მხარდამჭერების პროტესტს, მათსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებასა და ოპოზიციის ქმედებებს მთელი დღის განმავლობაში. ამბავი გაშუქდა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან ჩართვითა და სხვადასხვა სინქრონით.

აქციიდან პირდაპირ ეთერში მყოფი რეპორტიორის პარალელურად მუდმივად გადიოდა დრონით გადაღებული კადრები, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიებს ასახავდა. ჟურნალისტი ძირითადად დღის მანძილზე მომხდარ ფაქტებს ყვებოდა. მათ შორის საუბრობდა ველისციხესთან სამართალდამცავებსა და ენმ-ის მხარდამჭერებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე. რამდენჯერმე იყო ხაზგასმული, რომ ეს დაპირისპირება დაიწყო მას შემდეგ, რაც შეკრებილი ადამიანები არ დაემორჩილნენ პოლიციის მიერ მათთვის თელავამდე ჩასასვლელი ალტერნატიული გზით გადაადგილებისკენ მოწოდებას, რომ მათ დააზიანეს შსს-ის ქონება, მათ შორის მანქანები, ისინი ცდლობდნენ ავტობუსების გადაყირავებას და რამდენიმე ადამიანი, მათ შორის სამართალდამცავი მოხვდა საავადმყოფოში.

გადაცემის მესამე სიუჟეტი კი უფრო ისტორიულ-შემეცნებითი ხასიათის იყო და შეეხებოდა 27 წლის განმავლობაში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩატარებული ინაუგურაციების დეტალების მიმოხილვას, ზვიად გამსახურდიადან მოყოლებული გიორგი მარგველაშვილის ჩათვლით.

იმედი

იმედის გადაცემა “იმედის კვირა” სალომე ზურაბიშვილის ფიცის დადების ტექსტით დაიწყო, წამყვანი მხოლოდ ამის შემდეგ შევიდა ეთერში, მან ამ დღეს ისტორიული 16 დეკემბერი უწოდა.

“ნაციონალურ მოძრაობას პროვოკაცია არ გამოუვიდა, რევანშისტული ძალის დღევანდელ სანახაობაზე ელენე ცინცაძე ისაუბრებს. დაშავებულია ათამდე პოლიციელი, დაზიანებულია ძალოვანი უწყების რამდენიმე ავტომობილი..ვარლამ წიკლაური ველისციხეში იმყოფება, სადაც ნაციონალური მოძრაობის წევრები იმედის მიმართ აგრესიულები იყვნენ”, - ეს არის ამონარიდი წამყვანის ვრცელი შესავლიდან.

იმედის პირველი სიუჟეტი სალომე ზურაბიშვილის ინუგურაციის ცერემონიალს შეეხებოდა. ყურადღება გამახვილდა პრეზიდენტობის გადაბარების ცივილურ წესსა და სალომე ზურაბიშვილის სიტყვის აქცენტებზე.

მეორე სიუჟეტის შესავალში წამყვანმა თქვა, რომ “ინაუგურაციის პარალელურად, საზოგადოება მთელი დღის განმავლობაში იმასაც ადევნებდა თვალს, როგორ ცდილობდა ოპოზიციური გაერთიანება, “ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელობით ინაუგურაციის ჩაშლას და პროვოკაციის მოწყობას”. წარადგინა გრაფიკაც, რომელზეც ნაჩვენები იყო, რომ თბილისიდან გომბორისკენ მიმავალ გზაზე ინაუგურაციაზე მიმავალი სტუმრების მანქანები მოძრაობდნენ სპეციალური საშვებით, ხოლო სხვა მოქალაქეები შეუფერხებლად გადაადგილდებოდნენ თბილისი-გურჯაანი-ყვარელი-თელავის მიმართულებით. “საპროტესტო აქციის მონაწილეებისთვის უზრუნველყოფილი იყო სპეციალური ტრანსპორტი თელავში მშვიდობის ქუჩის გავლით, აქციისთვის გამოყოფილ ადგილზე მისასვლელად” - თქვა წამყვანმა.

შემდეგ იყო ჟურნალისტის ჩართვა, რომელიც ყვებოდა რა ხდებოდა დღის განმავლობაში და სიუჟეტი, რომელიც ძირითადად აწყობილი იყო იმაზე, რომ მთელი დღის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობა ცდილობდა პროვოკაციის მოწყობას.

“ნაციონალური მოძრაობის” ქმედებებს ეძღვნებოდა “იმედის” მესამე სიუჟეტიც. მასალაში იმედის ჟურნალისტები ყვებოდნენ როგორ უშლიდნენ ხელს მუშაობაში ოპოზიციის მხარდამჭერები.. “დიახ არ მოვერიდები და პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს ძალა რომ იყოს ხელისუფლებაში, სიამოვნებით დაარბევდა ტელეკომპანია იმედს, თუმცა, ეს რა თქმა უნდა ვერ მოხდება”, - ასე დაასრულა სიუჟეტის შემდეგ თემაზე საუბარი წამყვანმა.

რუსთავი 2

რუსთავი 2-ის გადაცემა “პოსტსკრიპტუმი” თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე ამბებით დაიწყო.

“დედაქალაქი, რუსთაველის გამზირი, პოლიტიკურმა ეპიცენტრმა თელავიდან ისევ თბილისში გადმოინაცვლა. ამ წუთებში პარლამენტის შენობის წინ გაერთიანებული ოპოზიციის წევრებისა და მათი მომხრეების რაოდენობა სულ უფრო იზრდება. აქციის მონაწილეები, რომლებსაც თელავამდე ჩასვლის საშუალება არ მისცეს, დედაქალაქში იკრიბებიან პროტესტის გასაგრძელებლად. პრეზიდენტის ინაუგურაცია პროტესტის, დაპირისპირების, ჩხუბის და მძიმე ბრალდებების თანხლებით” - ასეთი შესავლით გაიხსნა გადაცემა.

ვიდრე სიუჟეტები დაიწყებოდა, P.S.-მა მაყურებელს შესთავაზა ჟურნალისტების ჩართვები თბილისში მიმდინარე აქციიდან. ამის შემდეგ კი “იმედის” მსგავსად “რუსთავი 2-ის” წამყვანმაც სცადა მაყურებლისთვის გრაფიკის დახმარებით აეხსნა რა გზებით იყო შესაძლებელი თელავში მისვლა და სად და როგორ იყო გზა ჩახერგილი. იგივე თემას შეეხებოდა გადაცემის პირველი სიუჟეტი - მასალაში საუბარი იყო იმაზე, რა ხდებოდა მთელი დღის განმავლობაში თბილისი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე.

მეორე სიუჟეტით გადაცემამ მაყურებელს აჩვენა რა დრო დასჭირდა გიორგი ბარამიძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეთავაზებული გზით თელავში ჩასასვლელად. ამის შემდეგ სტუდიაში თელავიდან თეა ადეიშვილი ჩაერთო, რომელმაც მოყვა, როგორ ჩააღწია არასამანქანო, შემოვლითი გზით თელავამდე, თუმცა დაგვიანებით და რა დახვდა იქ.

გადაცემის მესამე სიუჟეტი ეხებოდა იმ თემას, რა ხდებოდა თელავში ინაუგურაციის მიღმა. ამ მასალაში ნაჩვენები იყო როგორ ჩააღწია თელავში ყოფილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ და როგორ დახვდნენ მას ადგილობრივები. ასევე, როგორ დაიძაბა ვითარება მას შემდეგ, არც ინაუგურაცია დასრულდა და სტუმრები დედაქალაქში დაბრუნებას აპირებდნენ.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის თემას მეოთხე სიუჟეტი დაეთმო. მასალაში, სახელწოდებით - “ახდენილი ოცნება უივანიშვილოდ”, აქცენტი იმაზე გაკეთდა, რომ ცერემონია ვიწრო წრეში მოეწყო, რომ ვერც ადგილობრივები დაესწრნენ და არც მედია შეუშვეს ახლოს.

“საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია გაგრძელდა იმავე ტრადიციით, რომელიც ჯერ კიდევ მეორე ტურამდე დამკვიდრდა - "ქართულ ოცნებას" პრეზიდენტი მაქსიმალურ იზოლაციაში ჰყავს. ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩეული უკანასკნელი პრეზიდენტის ფიცის დადება ყველაფერი იყო სახალხო დღესასწაულის გარდა”, - ამგვარი შესავლით წარადგინა სიუჟეტი გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ.

წინა სიუჟეტის მსგავსად, ინაუგურაციის თემას შეეხებოდა ბოლო, მეხუთე სიუჟეტიც. ამ მასალაში ნაჩვენები იყო რა ხდებოდა ბატონისციხის გალავანში, იქ სადაც ინაუგურაცია მიმდინარეობდა და რა ხდებოდა გალავნის გარეთ, ვინ დაესწრო ინაუგურაციის ცერემონიალს და ვინ ვერ შეძლო დასწრება იმის გამო, რომ არ მიიწვიეს.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ