„ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ძალადობის დამკვიდრების შემაშფოთებელ ტენდენციას“ - მედიის კოალიცია ელისო ჯანაშიაზე თავდასხმას გმობს
24.12.2024


„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ აქტივისტ და ჟურნალისტ ელისო ჯანაშიაზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმას გმობს და მას და ყველა იმ ჟურნალისტს, რომლებსაც პროფესიული მოვალეობის შესრულება სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში უწევთ, სრულ სოლიდარობას უცხადებს.

„ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ძალადობის დამკვიდრების შემაშფოთებელ ტენდენციას კრიტიკული აზრის მქონე, დამოუკიდებელი და თავისუფალი სიტყვის დამცველი მოქალაქეების მიმართ.

ელისო ჯანაშიას განცხადებით, თავდასხმა პირდაპირ უკავშირდება მის კრიტიკულ პოზიციას "ქართული ოცნების" მიმართ. გავრცელებული ვიდეომასალა აჩვენებს, თუ როგორ ხორციელდებოდა ძალადობა.

აღნიშნული შემთხვევა არ არის იზოლირებული ფაქტი. ის წარმოადგენს “ქართული ოცნების” მხრიდან დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების წინააღმდეგ დაწყებული ტერორისა და რეპრესიული პოლიტიკის ნაწილს. დამნაშავეთა დაუსჯელობა ნოყიერ ნიადაგს ქმნის ახალი ძალადობრივი აქტებისთვის“.

კოალიციის განცხადებით, თავისუფალი მედია დემოკრატიის ფუნდამენტური საფუძველია და დამოუკიდებელი ხმების ძალადობრივი მეთოდებით ჩახშობის მცდელობები დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. 

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ ადამიანის უფლებების დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს. 

ელისო ჯანაშიას ფოთში თავს გუშინ დაესხნენ. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას მას ერთ-ერთი თავდამსხმელი ქალი.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ