რას გვთავაზობს საბავშვო გადაცემები
28.02.2017
რას სთავაზობს ტელემედია ბავშვებსა და მოზარდებს, რა ტიპის საბავშვო გადაცემები გვხვდება საეთერო ბადეებში, რამდენად შეესაბამება ეს გადაცემები მედია სტანდარტებს - მედიაჩეკერი გთავაზობთ საბავშვო გადაცემების მიმოხილვას, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ბავშვთა საკითხების მედიაგაშუქების შესახებ მომზადებული კვლევის მიხედვით.

საქართველოში მაუწყებელთა უმრავლესობას საერთოდ არ აქვს მოზარდებისთვის განკუთვნილი პროგრამა. საბავშვო არხების სამაუწყებლო ბადეში განთავსებული გადაცემების დიდი ნაწილი კი კრიტიკას იმსახურებს, ვინაიდან არ სთავაზობს სხვადასხვა ასაკის ბავშვებს მრავალფეროვან, საინტერესო, სასარგებლო გადაცემებს, ამასთან, ამყარებს გენდერულ სტერეოტიპებს.

საქართველოში ორი საბავშვო არხი მაუწყებლობს, „ბასტი-ბუბუ“ და „ენკიბენკი“, ორივე მათგანის გადაცემები ბავშვების მონაწილეობითაა მომზადებული და სამიზნე აუდიტორიაც პატარები არიან. საბავშვო თემატიკის გადაცემები გადის საზოგადოებრივი მაუწყებლისა და რუსთავი 2 - ის ეთერშიც.

გენდერული სტერეოტიპები საბავშვო გადაცემებში

ორივე საბავშვო არხის, „ბასტი-ბუბუსა“ და „ენკიბენკის“ გადაცემების უმეტესობა სავსეა გენდერული სტერეოტიპებით და ხელს უწყობს ქალისა და კაცის გენდერული როლების დამახინჯებულ აღქმას. „ბასტი-ბუბუს“ საეთერო ბადის დაახლოებით 80% შევსებულია მუსიკალური კლიპებით, მათში გოგოები, როგორც წესი, ან ჭურჭელს რეცხავენ, ან სილამაზის სალონში არიან, ან კიდევ „ბავშვს“ უვლიან. „ცხობა ჩემი ჰობია“ - სწორედ ასეთი იყო ერთ-ერთი პატარა გოგოს სიმღერის ტექსტი, კლიპში კი ნაჩვენები იყო, როგორ ფუსფუსებდა წინსაფარწაკრული ბავშვი სამზარეულოში. ბიჭები კი კლიპებში „ვაჟკაცურებად“ არიან წარმოჩენილები. თუკი გოგოები რეცხავენ, აუთოვებენ, ბავშვს უვლიან, საჭმელს ამზადებენ, ბიჭები სკოლისა და სწავლის მნიშვნელობაზე მღერიან. ერთ- ერთი კლიპი ბიჭების მონაწილეობით, მილიტარისტულ-პატრიოტულიც იყო, სადაც სამხედრო ფორმაში ჩაცმული, იარაღმომარჯვებული პატარები ჩანდნენ. ამგვარი სტერეოტიპები ძლიერია პოეზიაშიც. პოეტები ბავშვს უწერენ ლექსს, შემდეგ ბავშვი სწავლობს და ზეპირად ამბობს. გოგონები ლექსებში ძირითადად უფროსებს, დედებს ბაძავენ. ერთ-ერთი ასეთი ლექსი, დედობის „მძიმე ხვედრს“ გვიჩვენებდა, დედამ ბავშვი (თოჯინა) ძლივს დააძინა და მეგობრებთან წავიდა კაფეში საჭორაოდ, მაგრამ გართობა არ დასცალდა, ბავშვის ტირილი მოესმა და სახლისკენ გაიქცა.

“ბასტი-ბუბუს“ კიდევ ერთ გადაცემა "თავდაყირაში" პატარებს ასწავლიდნენ, როგორ დაემზადებინათ დაბადების დღის მოსაწვევები. როგორც გადაცემიდან ირკვევა, მოსაწვევს სქესი აქვს, „შეგიძლია, დაამზადო მოსაწვევი ბიჭებისთვის (ლურჯი ფერის, მანქანის ფორმის) და გოგოებისთვის (ვარდისფერი, გულის ფორმის)“. „ქალბატონი ჯერ უნდა იყოს დიასახლისი და მერე სხვა პროფესიები, რომ ოჯახი იყოს მყარი, ასე ვთქვათ“ - ამავე გადაცემაში ამ სიტყვებით მიმართა წამყვანმა სტუმრად მიწვეულ ბავშვს.

“ენკი - ბენკიზეც” ყველზე დიდი დრო სიმღერებს ეთმობა და ბავშვები აქაც სტერეოტიპულად არიან წარმოჩენილები - გოგონები, როგორც ნაზი, პრანჭია, ჭორიკანა არსებები, ვიზუალურ ფონად აქვთ ყვავილები, მზე, პეპლები... სჭარბობს ვარდისფერი და ა.შ. მაშინ, როდესაც ბიჭები მშენებლობასა და მანქანებზე მღერიან - ფონიც შესაბამისი აქვთ. მაგალითად, ერთ-ერთ სიმღერაში, რომელსაც გოგოები მღერიან და “დიეტა” ჰქვია, სიმღერის ბოლოს საჭმელს აკეთებენ და აჭმევენ ბიჭს, რომელიც წიგნს კითხულობს.

"საბავშვო" გადაცემები უფროსებისთვის

ხშირად, ტელეეთერში საბავშვო გადაცემების სახელით ვხვდებით ისეთ გადაცემებს, რომელთა სამიზნე აუდიტორია არა ბავშვები, არამედ უფროსები არიან. ზოგჯერ კი, რჩება შთაბეჭდილება, რომ საბავშვო გადაცემები ბავშვების მონაწილეობით, დიდების გასართობად და გასახალისებლადაა შექმნილი. მაგალითად „ბასტი ბუბუს“ გადაცემა „პირად ჩანაწერებში“ სტუმრად მყოფი ცნობილი ადამიანები საკუთარი ცხოვრების შესახებ ჰყვებიან - რა იგრძნეს პირველად დედობის შემდეგ, როგორ მიაღწიეს კარიერულ წინსვლას, რამდენად რთული იყო ოჯახისა და კარიერის შეთავსება.... ამავე არხის კიდევ ერთ საბავშვო გადაცემა „თავდაყირაში“ კი ხშირად ცნობილ წყვილებს იწვევენ, რომლებიც ყვებიან როგორ გაიცნეს ერთმანეთი. ერთ-ერთ გამოშვებაში კი სტუმრად მიწვეული სასულიერო პირი განმარტავდა, როგორ უნდა აღვზარდოთ ბავშვი ეკლესიურად. იქიდან გამომდინარე, რომ გადაცემას ფორმატი ფაქტობრივად არ აქვს, ძნელია იმის თქმა, ვისთვისაა ეს გადაცემა განკუთვნილი. რომელი ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებს აინტერესებთ სასულიერო პირის მოსაზრება, თუ როდის უნდა დაიწყონ ბავშვებმა ეკლესიური ცხოვრება, ან როდის გაიცნო ამა თუ იმ წყვილმა ერთმანეთი.

რუსთავი 2- ის გადაცემა „ეკივოკიში“ კი, რომელიც ერთგვარი აზარტული თამაშია, საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები (ძირითადად სრულწლოვნები, თუმცა ზოგჯერ ისინი შვილებთან ერთად მონაწილეობენ გადაცემაში) ერთმანეთს ეჯიბრებიან სიტყვების გამოცნობაში. „ეკივოკი“ ცალსახად არ არის გადაცემა ბავშვებისთვის, ეს უფრო მეტად არის გადაცემა ბავშვების მონაწილეობით, დიდების გასართობად. „ეკივოკი“ კლასიკური მაგალითია იმისა, როცა ბავშვები წარმოჩენილნი არიან როგორც გასართობი, საყვარელი და დასაცინი ობიექტები, რომლებმაც უნდა განმარტონ სხვადასხვა სიტყვა, რიგ შემთხვევაში მათი ცოდნისათვის სრულიად შეუფერებელი ტერმინები (ჩაფხუტი, პირამიდა, დინამიკი). გადაცემაში გამოყენებულია ვიდეოები, სადაც ბავშვები სასაცილოდ ან შეუფერებლად ხსნიან ხოლმე ამა თუ იმ ნივთის დასახელებას ან ტერმინს. წამყვანი და სტუმრები კი ამ ბავშვების საუბარზე ძირითადად იცინიან და მაგალითად, აღნიშნავენ თუ როგორი ალოგიკურია ბავშვების ლოგიკა. ბავშვების ლოგიკის როგორც უცნაურის სტერეოტიპიზაციაზე მეტყველებს თავად გადაცემის აღწერაც „რუსთავი 2-ის“ ვებგვერდზე, სადაც აღნიშნულია - „თამაშის ბოლოს უმაღლესი ქულების მიხედვით ვლინდება ბავშვური ლოგიკის კვირის ექსპერტი.“ გადაცემა ცდილობს ხაზი გაუსვას ბავშვების ლოგიკის უცნაურობასა და განსაკუთრებულობას. გარდა ამისა, იგი პირდაპირ ხაზს უსვამს რომ გადაცემაში მათი მონაწილეობა განაპირობებს „ეკივოკის“ მხიარულ კონტენტს.

სასწავლო გადაცემები

სატელევიზიო ეთერში მწირი და როგორც წესი, არაფრისმომცემია სასწვალო, შემეცნებითი გადაცემები. ხშირად, ამ ტიპის პროგრამებში საკითხები იმდენად რთულადაა გადმოცემული, რომ წარმოუდგენელია, ის სამიზნე აუდიტორიას რაიმეს შემეცნებაში და გაგებაში დაეხმაროს.

მაგალითად, „ენკი ბენკის“ რუბრიკები „ტელე ატლასი“/„ერთხელ ერთ ქვეყანაში“ შემეცნებითი ხასიათისაა და ბავშვებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მიზნად, თუმცა ტექსტები არ არის ასაკის შესაბამისად ადაპტირებული. მაგალითად მოისმენთ ასეთ ტექსტებს: ონორე დე ბალზაკმა „შექმნა ორიათას პერსონაჟიანი ეპოპეა, მთელი საზოგადოება, რომელსაც საკუთარი გენეოლოგია, გეოგრაფია და ცხოვრების ფილოსოფია აქვს. ეს ფილოსოფია გამომდინარეობს მწერლის მატერიალისტური მსოფლმხედველობიდან, რომელიც ზოგი რამით შუა საუკუნეების მისტიკურ მატერიალიზს წააგავს,” “იოჰან სებასტიან ბაჰმა თავის შემოქმედებაში განასახიერა უბრალო ადამიანის მდიდარი სულიერი სამყარო” და ა.შ.

„ბასტი ბუბუს“ ვებსაიტის მიხედვით სასწავლო გადაცემაა „სიზმარვიზია“. ამ გადაცემაში მიდიან კონკრეტულ ბავშვთან, ეცნობიან მის ოჯახს, მის ყოველდღიურობას, შემდეგ ტელევიზია ამ ბავშვის ცხოვრების ერთ მომენტს მულტფილმის სახით წარმოადგენენ. მაგალითად, ერთ ოჯახში სტუმრობისას დედამ თქვა, რომ ბავშვი მის პატარა დაზე ეჭვიანობს. შემდეგ გაუშვეს ვიდეო, რომლის მიხედვითაც ბავშვს თავისი პატარა და ელენე არ უყვარდა, ეჭვიანობდა და ბუდღაჯანას სთხოვა მოსულიყო და წაეყვანა ელენე. როცა ბუდღაჯანა მოვიდა, სიზმრის გმირმა სურვილი ინანა და პატარა და ბუდღაჯანასგან იხსნა. გაუგებარია სიზმარი რა შუაშია ამ გადაცემასთან და რატომ ჰქვია „სიზმარვიზია“. შედარებით დადებითაც უნდა შეფასდეს ამავე არხის გადაცემა „ბუნების გაკვეთილები“ , სადაც გარდენიაში მყოფ ბავშვებს ზურა შევარდნაძე მცენარეების მოვლას ასწავლის.

“ბასტი ბუბუს“სამაუწყებლო ბადის მიხედვით, სასწავლო გადაცემების კატეგორიაში კიდევ ორი გადაცემაა - ერთში სიმღერით ინგლისური უნდა ისწავლონ, მეორეში კი- კითხვა. სიმღერით კითხვის შემსწავლელი გადაცემის განმავლობაში ბავშვები სიმღერას მღერიან და ქვემოთ ტექსტი იწერება. სინამდვილეში ეს გადაცემა კარაოკეა, სადაც წესით, გადაცემაში მონაწილე ბავშვებთან ერთად, მაყურებელმა პატარებმაც უნდა იმღერონ. წარმოუდგენელია, ამ მეთოდით ბავშვმა კითხვა ისწავლოს. აქვე აღსანიშნავია, რომ როცა გადაცემას აქვს პრეტენზია კითხვის სწავლების, უმჯობესია, არ დაუშვას კორექტურული და გრამატიკული შეცდომები სიმღერის ტექსტში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „წიგნების თარო“ კი ნახევრად შემეცნებითი, ნახევრად გასართობი ფორმატისაა. გადაცემა თემატურად ლიტერატურულ შეჯიბრებას გულისხმობს, რომელშიც, ძირითადად, 15-16 წლის სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ. გადაცემის ფორმატი და შეჯიბრებისას დასმული შეკითხვები სრულად შეესაბამება მონაწილეთა და პოტენციური აუდიტორიის ინტერესებს. „წიგნების თარო“ იმ გამონაკლის გადაცემად შეიძლება დასახელდეს, რომელიც როგორც ფორმატის, ისე შინაარსის მიხედვით, სრულიად ადეკვატურია სამიზნე აუდიტორიისათვის, ხელს უწყობს მათ ინფორმირებას, ცოდნის გაღრმავებასა და წიგნიერების პოპულარიზაციას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კიდევ ერთი საბავშვო გადაცემა „სიტყვების თამაშია,“ რომელიც, არხის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, გასართობ-ინტელექტუალური ფორმატისაა. მასში, როგორც წესი, ოჯახები მონაწილეობენ, რომელთა შორის ერთი აუცილებლად არასრულწლოვანია. ოჯახები გადაცემის განმავლობაში ცდილობენ, რამდენიმე ტურის მანძილზე, სიტყვების გამოცნობით დააგროვონ ქულები. შესასრულებელი დავალებები ნეიტრალური თემატიკისაა და დაძლევა შესაძლებელია. თუმცა, საკამათოა, რამდენად არის „სიტყვების თამაში“ ინტელექტუალური გადაცემა, ვინაიდან მას არ გააჩნია შემეცნებითი ან საგანმანათლებლო ხასიათი და მხოლოდ და მხოლოდ შეზღუდულ დროში მოცემული ასო-ბგერებისაგან სიტყვების შედგენას მოითხოვს.

რაც შეეხება სხვა არხებს, მათ ბავშვებისთვის განკუთვნილი შემეცნებითი გადაცემები საეთერო ბადეში საერთოდ არ აქვთ.

მოამზადა ლანა როყვამ

თეგები : მიმოხილვა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ