მედიის ადვოკატირების კოალიცია: მმართველი პარტიის მუდმივი მცდელობა, ხელი შეუშალოს ჟურნალისტების ქვეყანაში შესვლას, ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ფასეულობებს
18.09.2024


„მედიის ადვოკატირების კოალიცია“, რომელიც ადამიანის უფლებების დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს, „უცხოელი ჟურნალისტებისთვის საქართველოში შემოსვლის უკანონო და გაუმართლებელი აკრძალვის შემთხვევებს“ გმობს. 

გუშინ, 17 სექტემბერს საქართველოში ქართულ-სომხური მედიაგამოცემა Aliq Media-ს დამფუძნებელი და ერთ-ერთი რედაქტორი არსენ ხარატიანი არ შემოუშვეს, წინა დღეს, 16 სექტემბერს კი ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ბელარუს ჟურნალისტს, ანდრეი მიალეშკას უთხრეს. 

კოალიციის შეფასებით, ეს ტენდენცია ხაზს უსვამს ქვეყანაში მედიის თავისუფლების შეზღუდვისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის საქმიანობის შეფერხების შემაშფოთებელ მდგომარეობას.

"ბოლო წლების განმავლობაში, „ქართული ოცნება“ ქვეყანაში ჟურნალისტების შემოსვლას უკანონოდ უშლის ხელს. აღნიშნული დისკრიმინაციული და უკანონო შეზღუდვა, როგორც წესი, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებსა და აქტივისტებს შეეხება.

მმართველი პარტიის მუდმივი მცდელობა, ხელი შეუშალოს ჟურნალისტების ქვეყანაში შესვლას, ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ფასეულობებს და მნიშვნელოვანი შემაფერხებელია ანგარიშვალდებულებისთვის, რომელიც აუცილებელია ჯანსაღი საზოგადოებისთვის. ასეთი ქმედებები ახშობს ინფორმაციის თავისუფალ გაცვლას და ძირს უთხრის საზოგადოების უფლებას, იყოს ინფორმირებული საქართველოში კრიტიკული მოვლენების შესახებ", - აღნიშნულია განცხადებაში.

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს დისკრიმინაციული პრაქტიკა და გამოიჩინოს ერთგულება მედიის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებისადმი.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ