2024 წლის III კვარტალში სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი - 5.6 მილიონი ლარი კვლავ „იმედმა“ მიიღო
20.11.2024


კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წლის III კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 18.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 6.9%-ით ნაკლებია. 

მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში, კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 10%-ით ნაკლები იყო და სულ 16 მილიონი შეადგინა, საიდანაც ტელევიზიებისთვის მიღებული სარეკლამო შემოსავლების ძირითადი, 74%-იანი წილი - პირდაპირმა რეკლამამ, ხოლო 13.5% პროდუქტის განთავსებამ შეადგინა.

ComCom-ის განცხადებით, ვინაიდან III კვარტალში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდი დაიწყო, ხოლო მოქმედი კანონმდებლობა ამ პერიოდის მიმდინარეობისას მაუწყებლებს უფლებას აძლევს, საკუთარ ეთერში ფასიანი პოლიტიკური რეკლამა  განათავსონ, საანგარიშო პერიოდში მაუწყებლების მიერ რეკლამის განთავსებისთვის დათმობილი დრო განაწილდა კომერციულ და ფასიან პოლიტიკურ რეკლამებს შორის, რამაც კომერციული რეკლამისათვის დათმობილი დრო შეამცირა. 

„გამომდინარე იქედან, რომ ComCom-ის ანგარიშები მოიცავს მხოლოდ კომერციული სარეკლამო შემოსავლების ანალიზს, ანგარიშში ფასიანი პოლიტიკური რეკლამით მიღებული შემოსავლები გათვალისწინებული არ არის“.

 სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი 2024 წლის III კვარტალში კვლავ „ტელეიმედს” ჰქონდა, რომლის შემოსავალიც 5.6 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 0.7 მილიონი ლარით ნაკლებია. 

  • 2.1 მილიონი ლარი მიიღო „რუსთავი 2“-მა (მედია ჰოლდინგი), რაც წინა წელთან შედარებით 0.4 მილიონი ლარით ნაკლებია;
  • 0.2 მილიონი ლარით შემცირდა „მთავარი არხის“ შემოსავალი და 1.6 მილიონს გაუტოლდა; 
  • მიმდინარე წლის III კვარტალში 1.4 მილიონი ლარი მიიღო „პოსტვ“-იმ, რაც გასულ წელთან შედარებით 0.4 მილიონით ნაკლებია. 
  • უცვლელი დარჩა „ტელეკომპანია პირველის“ კომერციული შემოსავალი, რომელმაც 1.2 მილიონი ლარი შეადგინა. 
  • ნახევარი მილიონი ლარით შემცირდა და 0.8 მილიონი შეადგინა „ფორმულას“ შემოსავალმა;
  • „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შემოსავალი როგორც გასული წლის III კვარტალში, ისე მიმდინარე წელს, 0.5 მილიონ ლარს შეადგენდა;
  • კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.


    2024 წლის პირველ და მეორე კვარტალში მიღებულ სარეკლამო შემოსავლებთან დაკავშირებით, იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალები:
  • 2024 წლის II კვარტალში სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი - 6 მილიონი ლარი კვლავ „იმედმა“ მიიღო
  • 2024 წლის პირველ კვარტალში ტელე-რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი 15.6 მილიონი ლარია
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ