„ყველა ხელისუფლება ერჩოდა მედიას, ვისაც საკუთარ მოკავშირედ
არ მიიჩნევდა, მაგრამ პარლამენტში, ასე შერჩევითად და
დისკრიმინაციულად, აკრედიტებული ჟურნალისტების შეშვება-არშეშვება
არავის უკადრია“, - პარლამენტში ონლაინ მედიის
წარმომადგენლების არ დაშვებას საინფორმაციო სააგენტო
„ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტი ნათია ინაური ეხმაურება. ინაური
დაახლოებით 20 წელია საპარლამენტო კორესპონდენტია.
„25 ნოემბერს, მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების "ყვითელი დონე" იმოქმედებს - შენობაში მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებული ჟურნალისტები დაიშვებიან" - შეგვატყობინა მორიგ ჯერზე პარლამენტის პრესსამსახურმა.
შალვა პაპუაშვილმა მის მიერ დამკვიდრებული წესისამებრ, პირველ სხდომაზე, პრესა და ონლაინმედია არ დაუშვა - ის პარლამენტის უსაფრთხოებას პარლამენტში მის მიერვე აკრედიტებული ჟურნალისტებისგან იცავს და ასე შერჩევითად, ყველა მნიშვნელოვანი სხდომის დღეს პარლამენტში ჟურნალისტების ნაწილს უშვებს, ნაწილს - პარლამენტის კარს უხურავს. (ერთადერთი პარლამენტის თავმჯდომარეა, ვინც საფრთხე იმ ადამიანებში დაინახა, ვისაც პარლამენტის აკრედიტაცია საკუთარი ხელით მისცა).
ამ მრავალნახულ პარლამენტის კედლებში მართლა რა არ მომხდარა - უკლებლივ ყველა აკრედიტებული მედია ადგილზე აშუქებდა ისეთ ექსტრემალურ და უკიდურესად დაძაბულ პოლიტიკურ პროცესებს, როგორიც იყო “ვარდების რევოლუცია“, 7 ნოემბერი (სხვათა შორის 7 ნოემბრის აქციის დაშლისას პარლამენტში არათუ აკრედიტებული ჟურნალისტები შეუშვეს, მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, პარლამენტის ჭიშკარი რუსთაველის მხრიდან გახსნეს და აქციის მონაწილეებს პარლამენტში შესვლის საშუალება მისცეს. პრესის ჟურნალისტებს შეზღუდვა 7 ნოემბრის შემდეგ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებშიც არ შეხებია, აი ტელევიზიებიდან კი, პარლამენტში მხოლოდ “საზოგადოებრივი მაუწყებელი მუშაობდა), 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დღეებში პარლამენტის მედიაცენტრი სავსე იყო არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ უცხოელი ჟურნალისტებით. (ხმაურიანი კანონოექტების განხილვასთან დაკავშირებულ სესიებს და ჟურნალისტებით სავსე “გალიორკებს“ აღარ გავიხსენებ).
ყველა ხელისუფლება ერჩოდა მედიას, ვისაც საკუთარ მოკავშირედ არ მიიჩნევდა, მაგრამ პარლამენტში, ასე შერჩევითად და დისკრიმინაციულად, აკრედიტებული ჟურნალისტების შეშვება-არშეშვება არავის უკადრია.
აქვე აღვნიშნავ, რომ კარგად მახსოვს და არავისგან იმის გახსენება არ მჭირდება, რომ წინა ხელისუფლება ტელევიზიებში სპეცრაზმით შევიდა და ძალიან ბევრი რამ მიჰქარა, მათ შორის მედია ორგანიზაციებთან, მაგრამ “ნაცების“ მიერ ჩადენილი ცოდვების გამო “ქართულ ოცნებისთვის“ ინდულგენცია არავის მიუცია, რომ ახლა რაც უნდათ და როგორც უნდათ, ისე აკეთონ.
ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ყველაფერი იმ შინაარსის სცენარს და ესთეტიკას მაგონებს, როცა არც თუ შორეულ წარსულში, იმავე დარბაზში, მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი - "კომუნისტური"პარტია იყო წარმოდგენილი.
გილოცავთ ამხანაგებო! - გაუმარჯოს "კომპარტიას"!!!“ - წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.
დღეს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება. დილიდან საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარეობს საპროტესტო აქციაც. 25 ნოემბრისთვის პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე ამოქმედდა, რაც ვიზიტორების შეზღუდვას გულისხმობს. პარლამენტის ოფიციალური განცხადებით, შენობაში მხოლოდ თითო ტელემაუწყებლის აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი დაუშვეს, ონლაინ მედიის წარმომადგენლები კი საკანონმდებლო ორგანოში ისევ არ შეუშვეს.
ონლაინ მედიის ჟურნალისტები პარლამენტში
არ დაუშვეს 28 ივნისსაც, პრემიერ
მინისტრის წლიური ანგარიშის მოსმენისას. ონლაინ მედიის ჟურნალისტებს
საკანონმდებლო ორგანოში შესვლა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის
ბრძანებით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"
რუსული კანონის განხილვების დროსაც
ეკრძალებოდათ.
ამ თემაზე იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალა - „პროტესტი“ და „ადევნება“ - რატომ დაიხურა პარლამენტი მედიისთვის