„მედიის ადვოკატირების კოალიცია“, რომელიც ადამიანის უფლებების
დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს,
საკანონმდებლო ორგანოში ონლაინ მედიის შესვლის დაუსაბუთებლად
აკრძალვასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის
გადაწყვეტილებას გმობს.
კოალიცია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს
დამოუკიდებელი მედიის დევნა და საჯარო ინფორმაციაზე წვდომა ყველა
მედიასაშუალებისთვის თანაბრად უზრუნველყოს.
„ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ ზღუდავს მედიის პროფესიულ საქმიანობას და მედიის თავისუფლებას, არამედ უგულებელყოფს ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინციპებს. დამოუკიდებელი მედიის საკანონმდებლო ორგანოში დაუშვებლობით, „ქართული ოცნება” მოქალაქეებს ართმევს უფლებას, მიიღონ სრულყოფილი, ობიექტური და მრავალმხრივი ინფორმაცია სახელმწიფო მმართველობის უმნიშვნელოვანეს სფეროში. ეს არის პირდაპირი ავტოკრატიული თვითნებობა, რომლის მიზანია ხელისუფლების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის და ზედამხედველობის მექანიზმების მოშლა.
25 ნოემბერს ონლაინმედიის ჟურნალისტები პარლამენტის შენობაში დაუსაბუთებლად არ შეუშვეს მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ პირველ სხდომაზე შეიკრიბა და მე-11 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება ერთპარტიულად ცნო. მოგვიანებით, ასევე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე 26 ნოემბრიდან „მის გაუქმებამდე“ იმოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ონლაინმედიის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოში სამუშაოდ განუსაზღვრელი ვადით არ დაიშვებიან.
ონლაინ მედიის ჟურნალისტების პარლამენტში დაშვების აკრძალვა სისტემური პოლიტიკის ნაწილია, რომლის მსგავსი გადაწყვეტილებები არაერთხელ მიუღია “ქართულ ოცნებას”. „ქართული ოცნების” ხელისუფლება სისტემატურად ცდილობს, შეზღუდოს მოქალაქეების წვდომა კრიტიკულ მედიაზე და ბარიერის გარეშე გააგრძელოს საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება“, - ვკითხულობთ კოალიციის განცხადებაში.
ონლაინ მედიის ჟურნალისტები პარლამენტში არ დაუშვეს 28 ივნისსაც, პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის წლიური ანგარიშის მოსმენისას. ონლაინ მედიის წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა რუსული კანონის განხილვების დროსაც ეკრძალებოდათ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიები და ამომრჩეველთა ნაწილი გაყალბებულად მიიჩნევს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო.