ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პარლამენტს მოუწოდებს, მიმდინარე პროცესებზე წვდომა მედიას დამატებითი შეზღუდვებისა და აკრძალვების გარეშე მისცეს
26.11.2024


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ მოუწოდებს პარლამენტს, შენობაში მიმდინარე პროცესებზე წვდომა მისცეს მედიას და ჟურნალისტებს, პლატფორმის მიუხედავად, დამატებითი შეზღუდვებისა და აკრძალვების გარეშე.

„25 ნოემბერს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი ზონის ამოქმედებით მედიასა და ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში დაგემილ ღონისძიებებზე წვდომა შეეზღუდათ. ამ გადაწყვეტილების საფუძვლად პარლამენტმა მისი თავმჯდომარის 2023 წლის 4 სექტემბერს მიღებული დადგენილება მიუთითა.

შედეგად, ონლაინ მედიის წარმომადგენლებმა მე-11  მოწვევის პარლამენტის, რომელიც პლენარულ სხდომაზე პირველად შეიკრიბა, საქმიანობის გაშუქება კვლავინდებურად ვერ შეძლეს. შენობაში შეუშვეს მხოლოდ აკრედიტებული წარმომადგენლების ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, თუმცა, დამატებითი აკრძალვებით - სხდომის გაშუქებისას ჟურნალისტებს მცირე ზომის შემოსაზღვრული ტერიტორიიდან გასვლის უფლებას არ აძლევდნენ, ხოლო ოპერატორებს სხდომათა დარბაზში არ შეატანინეს პირდაპირი ჩართვის აპარატები, რაც, მაუწყებლების ცნობით, წარსულში პრობლემას არ წარმოადგენდა.

მოგვიანებით, 25 ნოემბერს, პარლამენტმა დააზუსტა, რომ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე 26 ნოემბრიდან “მის გაუქმებამდე”იმოქმედებს, რაც ნიშნავს, რომ ონლაინ მედია პარლამენტის შენობაში შესვლას განუსაზღვრელი დროით ვერ შეძლებს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

როგორც ჟურნალისტური ეთიკის ქარტია წერს, ონლაინ მედიის მიმართ დისკრიმინაციული პრაქტიკა პარლამენტის თავმჯდომარემ რუსული კანონის განხილვის დროიდან დაამკვიდრა. ქარტიამ კი, ონლაინ მედიის ერთ ჯგუფთან ერთად, დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნით სახალხო დამცველს ჯერ კიდევ აპრილში მიმართა.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ წევრობაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომლის ხელმომწერიც 300-ზე მეტი ჟურნალისტია.

საკანონმდებლო ორგანოში ონლაინ მედიის შესვლის დაუსაბუთებლად აკრძალვასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას გმობს „მედიის ადვოკატირების კოალიციაც“, რომელიც ადამიანის უფლებების დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს.

ონლაინ მედიის ჟურნალისტები პარლამენტში არ დაუშვეს 28 ივნისსაც, პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის წლიური ანგარიშის მოსმენისას. ონლაინ მედიის წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა რუსული კანონის განხილვების დროსაც ეკრძალებოდათ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიები და ამომრჩეველთა ნაწილი გაყალბებულად მიიჩნევს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ