Photo: Reuters/Irakli
Gedenidze
„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ (СPJ) საკანონმდებლო ორგანოში ონლაინ
მედიის შესვლის დაუსაბუთებლად აკრძალვასთან დაკავშირებით საქართველოს
პარლამენტის
გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, გაუქმდეს ონლაინ მედიის პარლამენტის შენობაში შესვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა, რომელიც 25 ნოემბერს, არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დროს მიიღეს.
CPJ-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორის, გულნოზა საიდის განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა გადახედოს მედიის შესვლაზე დაწესებულ შეზღუდვებს და პრესის თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობა უზრუნველყოს.
„საქართველოს ისტორიის გადამწყვეტ მომენტში, ჟურნალისტთა პარლამენტში შესვლაზე შეზღუდვების დაწესება შემაშფოთებელია და საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა უფლებას, ინფორმირებული იყვნენ მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესების შესახებ“.
ონლაინ მედიის წარმომადგენლებს პარლამენტში არ უშვებენ. საკანონმდებლო ორგანოს შენობაში 26 ნოემბრიდან მის გაუქმებამდე უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს, რაც ვიზიტორის შეზღუდვას გულისხმობს. პარლამენტის განცხადებით, შენობაში მხოლოდ თითო ტელემაუწყებლის აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი დაიშვება. საკანონმდებლო ორგანოში ონლაინ მედიის წარმომადგენლები არც 25 ნოემბერს, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ პლენარულ სხდომაზე დაუშვეს.
პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილის 2023 წლის 4 სექტემბრის ბრძანების - „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ შესაბამისად იღებს.
..........................................................................................................................................
საქართველოში საპარლამენტო
არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ
გამოქვეყნებულ შედეგებს საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიები
და ამომრჩეველთა ნაწილი გაყალბებულად მიიჩნევს და საპროტესტო აქციებზე
ხელახალ არჩევნებს ითხოვს. საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო
გაყალბების ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ ცესკოს მიმართვის
საფუძველზე დაიწყო.
..........................................................................................................................................
ონლაინ მედიის ჟურნალისტები პარლამენტში
არ დაუშვეს 28 ივნისსაც, პრემიერ მინისტრის, ირაკლი
კობახიძის წლიური ანგარიშის მოსმენისას. ონლაინ მედიის
წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა
რუსული კანონის განხილვების დროსაც
ეკრძალებოდათ.