SJP: პოლიცია თავს ესხმის, აკავებს და ხელს უშლის მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებენ
28.11.2024


„ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმა“ (SJP), რომელიც 15 საერთაშორისო ორგანიზაციას აერთიანებს, პოლიციის თანამშრომლების მიერ 19 ნოემბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი აქციის ძალის გამოყენებით დაშლას, მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლისა და ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევებს ეხმაურება.

SJP-ის განცხადებით, საქართველოში პოლიცია თავს ესხმის, აკავებს და ხელს უშლის მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც არჩევნების შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს აშუქებენ.

„ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმა“ იმედოვნებს, რომ მედიის წარმომადგენლებზე პოლიციის მხრიდან ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე მოხდება სწრაფი და საფუძვლიანი გამოძიება.

SJP-ის განცხადება სოციალურ პლატფორმა X-ზე [Council of Europe Media Freedom] გამოაქვეყნა ევროპის საბჭომაც.

19 ნოემბერს პროფესიულ საქმიანობაში ხელი მედიის 4 წარმომადგენელს შეუშალეს. 

  • პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად იძალადეს და დააკავეს “მთავარი არხის” ოპერატორი სერგი ბარამიძე; ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
  • სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს “პუბლიკას” ჟურნალისტს მინდია გაბაძეს.
  • სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა ხელი შეუშალეს OC Media-ს ჟურნალისტს, მარიამ ნიკურაძეს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში;
  • სამართალდამცველებმა Netgazeti-ს კორესპონდენტს, გივი ავალიანს არ მისცეს გადაღების საშუალება.

„მედიაომბუდსმენმა“ მედიის ამ წარმომადგენლების დევნისა და დაკავების შეტყობინებებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს იმ დღესვე მიმართა. 20 ნოემბერს კი, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ სხვადასხვა ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების გაშუქებისას, მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლისა და ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევებზე, იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალები:

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ