პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე აღარ მოქმედებს
28.11.2024

 

უსაფრთხოების ყვითელი დონე, რომელიც პარლამენტის შენობაში 25 ნოემბრიდან მოქმედებდა, 28 ნოემბრის 14.00 საათიდან გაუქმებულია.

პარლამენტის განცხადებით, „გამართულ ღონისძიებებზე მასმედიის წარმომადგენლებს და ვიზიტორებს შეზღუდვა აღარ შეეხებათ“.

ონლაინ მედიის წარმომადგენლებს პარლამენტში 25 ნოემბრიდან არ უშვებდნენ. უსაფრთხოების ყვითელი დონის მოქმედების გამო, შენობაში მხოლოდ თითო ტელემაუწყებლის აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი დაიშვებოდა. 

საკანონმდებლო ორგანოში ონლაინ მედიის შესვლის აკრძალვას არაერთი ორგანიზაცია გამოეხმაურა.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ პარლამენტს 26 ნოემბერს მოუწოდა, რომ შენობაში მიმდინარე პროცესებზე წვდომა ჟურნალისტებისთვის, პლატფორმის მიუხედავად, დამატებითი შეზღუდვებისა და აკრძალვების გარეშე მიეცა.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ წევრობაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომლის ხელმომწერიც 300-ზე მეტი ჟურნალისტია.

საკანონმდებლო ორგანოში ონლაინ მედიის შესვლის დაუსაბუთებლად აკრძალვასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება დაგმო „მედიის ადვოკატირების კოალიციამაც“, რომელიც ადამიანის უფლებების დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს. 

„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ (СPJ) გუშინდელი განცხადებით კი, საქართველოს ისტორიის გადამწყვეტ მომენტში, ჟურნალისტთა პარლამენტში შესვლაზე შეზღუდვების დაწესება შემაშფოთებელია. 

ონლაინ მედიის ჟურნალისტები პარლამენტში არ დაუშვეს 28 ივნისსაც, პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის წლიური ანგარიშის მოსმენისას. ონლაინ მედიის წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა რუსული კანონის განხილვების დროსაც ეკრძალებოდათ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიები და ამომრჩეველთა ნაწილი გაყალბებულად მიიჩნევს და საპროტესტო აქციებზე ხელახალ არჩევნებს ითხოვს.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ