მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით Change.org-ზე პეტიცია შეიქმნა
11.02.2025


„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით, საერთაშორისო პლატფორმა Change.org-ზე პეტიცია შეიქმნა.

„ეს არ არის მხოლოდ მზიას ბრძოლა – ეს არის ბრძოლა ყველა უკანონოდ დაკავებული პატიმრისთვის, სიტყვის თავისუფლებისა და საქართველოს მომავლისთვის“, - ვკითხულობთ პეტიციის აღწერაში.

პეტიციაზე ხელმოწერა და გაზიარება ნებისმიერ მსურველს ამ ბმულზე შეუძლია: https://chng.it/HrqCmR27FG

მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან, 31-ე შიმშილობს. ის 4 თებერვლიდან კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. 

„ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის" დამფუძნებელსა და დირექტორს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს.

15 იანვარს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელს ირაკლი დგებუაძე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და აგრესიულად ეპყრობოდა, მან ამაღლობელს სახეშიც შეაფურთხა. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ