კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებული
ინფორმაციით, 2024 წლის IV კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების
ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 24 მილიონი ლარი შეადგინა,
რაც 2023 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 32.3%-ით
ნაკლებია.
კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მხოლოდ ტელევიზიებმა კი 21.4 მილიონი ლარი მიიღეს, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 34.9%-ით ნაკლებია.
ComCom-ის განცხადებით, გასული წლის IV კვარტალში კომერციული სარეკლამო შემოსავლების კლება გარკვეულწილად წინასაარჩევნო პერიოდმა განაპირობა, რადგან ოქტომბრის თვეში მაუწყებლები სარეკლამო დროს ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსებას უთმობდნენ.
2024 წლის IV კვარტალში ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან მაუწყებლებმა 9.8 მილიონი ლარი მიიღეს. შესაბამისად, კომერციული და პოლიტიკური რეკლამიდან მიღებულმა შემოსავლებმა ჯამში 33.8 მილიონი ლარი შეადგინა.
„გარდა ამისა, შემოსავლების შემცირება განაპირობა იმ ფაქტორმაც, რომ საანგარიშო პერიოდში მაუწყებლები საგანგებო რეჟიმში უწყვეტი პირდაპირი ეთერის ფორმატში აშუქებდნენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რამაც თავის მხრივ, მაუწყებლების წინასწარ დაგეგმილ საეთერო ბადეში ცვლილებები განაპირობა, რაც კომერციული რეკლამისთვის დათმობილ დროზეც აისახა“, - წერს კომუნიკაციების კომისია.
სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი 2024 წლის IV კვარტალში კვლავ „ტელეიმედს” ჰქონდა, რომლის შემოსავალიც 7.9 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 6.7 მილიონი ლარით ნაკლებია.
- 3.5 მილიონი ლარი მიიღო „რუსთავი 2“-მა (მედია ჰოლდინგი), რაც წინა წელთან შედარებით 1.5 მილიონი ლარით ნაკლებია.
- 0.6 მილიონი ლარით შემცირდა „მთავარი არხის“ შემოსავალი და 2.1 მილიონს გაუტოლდა.
- 2024 წლის IV კვარტალში 1.9 მილიონი ლარი მიიღო „პოსტვ-იმ“, რაც 2023-ის იმავე პერიოდში მიღებულ შემოსავალთან შედარებით 0.2 მილიონით ნაკლებია.
- 0.1 მილიონი ლარით ნაკლები მიიღო და 1.5 მილიონ ლარს გაუტოლდა „ტელეკომპანია პირველის“ შემოსავალი.
- 0.8 მილიონი ლარით შემცირდა და 1 მილიონი ლარი შეადგინა „ფორმულას“ შემოსავალმა.
- „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შემოსავალი ნახევარი მილიონი ლარით შემცირდა და 0.4 მილიონ ლარს გაუტოლდა.
რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, 2024 წლის IV კვარტალში მათ მიერ მიღებული სარეკლამო კომერციული შემოსავლები 2.4%-ით გაიზარდა და 2.6 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 89.9% - პირდაპირ რეკლამაზე, ხოლო 10.1% სპონსორობაზე მოდიოდა.
კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას,
სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ
განცხადებებს მოიცავს.
2024 წლის პირველ, მეორე და მესამე კვარტალში მიღებულ სარეკლამო შემოსავლებთან დაკავშირებით, იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალები:
- 2024 წლის III კვარტალში სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი - 5.6 მილიონი ლარი კვლავ „იმედმა“ მიიღო
- 2024 წლის II კვარტალში სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი - 6 მილიონი ლარი კვლავ „იმედმა“ მიიღო
- 2024 წლის პირველ კვარტალში ტელე-რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი 15.6 მილიონი ლარია